რომელ ვალუტაში ავიღოთ სესხი – რისკები, რომლებიც სესხის ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში აღების დროს უნდა გაითვალისწინოთ - rogor.ge

რომელ ვალუტაში ავიღოთ სესხი – რისკები, რომლებიც სესხის ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში აღების დროს უნდა გაითვალისწინოთ

სესხი უცხოურ ვალუტაში

უცხოურ ვალუტაში აღებული სესხის დადებითი მხარე დაბალი საპროცენტო განაკვეთია. დოლარში აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთი ნაკლებია ლარში აღებული კრედიტის განაკვეთზე. მაგრამ, მეორე მხრივ, ამ უპირატესობას თან ახლავს მაღალი სავალუტო რისკი, რომლის პროგნოზირებაც გრძელვადიან პერსპექტივაში საკმაოდ რთულია. მომხმარებელს, რომელსაც შემოსავალი ლარში აქვს, ხოლო სესხს უცხოურ ვალუტაში იღებს, ყოველთვიური სტაბილური გადასახადი არ აქვს. მას არ შეუძლია წინასწარ გათვალოს, შემოსავლის რა ნაწილის გადახდა მოუწევს. რაც უფრო გრძელვადიანია სესხი, მით უფრო რთულია ამ მაჩვენებლის რეალურად პროგნოზირება.

მსესხებლის ყოველთვიური გადასახადი დამოკიდებულია გაცვლით კურსზე. გაცვლითი კურსი კი დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა: ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია და სხვა. შესაბამისად, რამდენი ლარი იქნება საჭირო დოლარის შესაძენად ამა თუ იმ თვეში, გაცვლით კურსზეა დამოკიდებული. გაცვლითი კურსი კი ცვალებადია და უმეტეს შემთხვევაში ეროვნული ვალუტის გაუფასურება ხდება.

უცხოურ ვალუტაში სესხის აღება რეკომენდებულია მხოლოდ მათთვის ვისაც, შემოსავალიც უცხოურ ვალუტაში აქვს. თუ შემოსავალი უცხოურ ვალუტაში გაქვთ, კურსის ცვლილება ყოველთვიური გადასახადის ოდენობაზე გავლენას ვერ მოახდენს.

სესხი ეროვნულ ვალუტაში

ეროვნულ ვალუტაში სესხის აღება საუკეთესო ფინანსური გადაწყვეტილებაა ყველასთვის, ვისაც შემოსავალი ეროვნულ ვალუტაში აქვს. შედარებით მაღალი საპროცენტო განაკვეთის არსებობის მიუხედავად, ეს მაინც ოპტიმალური გამოსავალია. ასეთ დროს, სავალუტო რყევები არ მოახდენს გავლენას სესხისა და ყოველთვიური გადასახადის ღირებულებაზე.

მომხმარებელს არ ექნება დამატებითი, ვალუტის გაცვლასთან დაკავშირებული კონვერტაციის ხარჯი.

შესაბამისად, ლარში შემოსავლის მიმღები მომხმარებლებისთვის ყველაზე დაბალრისკიან არჩევანს ლარშივე აღებული სესხი წარმოადგენს. განაგრძეთ კითხვა

წყარო: ss.ge