ივნისის 12 მთავარი კინოპრემიერა კინოთეატრებში - rogor.ge

ივნისის 12 მთავარი კინოპრემიერა: როგორ შევარჩიოთ ფილმი

Kill Bill: The Whole Bloody Affair - მოკალი ბილი: სისხლიანი საქმე სრულად

  • გამოშვების წელი: 2006 (აშშ);
  • ჟანრი: დრამა, ტრილერი, კრიმინალური, მძაფრსიუჟეტიანი;
  • რეჟისორი: კვენტინ ტარანტინო;
  • მთავარ როლებში: უმა თურმანი, ლუსი ლიუ, მაიკლ მედსენი, დევიდ კერადაინი.
  • პრემიერა: 4 ივნისი.

ოდესღაც ბეატრიქსი, მეტსახელად „შავი მამბა“, დაქირავებული მკვლელი იყო. მან სცადა პროფესიიდან წასვლა და ოჯახის შექმნა, თუმცა მისმა ბოსმა, ბილმა, პირდაპირ ქორწილში ნამდვილი სასაკლაო მოაწყო. გადარჩენილი პატარძალი შურისძიებას იწყებს. კვენტინ ტარანტინო ხელახლა უშვებს თავის ცნობილ ტრილერს. თავდაპირველად ფილმი ორ ნაწილად გამოვიდა, რადგან 4 საათზე მეტხანს გრძელდება, თუმცა ახლა თავები გაერთიანდა და ახალი სცენებიც დაემატა. ასე რომ, ხანგრძლივი სეანსისთვის უნდა მოემზადოთ.

Backrooms - „რეალობის კულისები“

  • გამოშვების წელი: 2026 (აშშ);
  • ჟანრი: საშინელებათა, სამეცნიერო ფანტასტიკა;
  • რეჟისორი: კეინ პარსონსი;მთავარ როლებში: ჩივეტელ ეჯიოფორი, რენატე რეინსვე, მარკ დიუპლასი.
  • პრემიერა: 4 ივნისი.

კლარკი მაღაზიის მფლობელი და ყოფილი არქიტექტორია. იგი რეგულარულად დადის თავის თერაპევტთან, დოქტორ მერი კეინთან. მამაკაცი მოულოდნელად უჩინარდება და ექიმი მის საძებნელად მიემგზავრება, რაც კეინს ცარიელი საოფისე ფართებისგან შემდგარ უცნაურ სივრცეში მიიყვანს. ფილმი გადაიღო რეჟისორმა კეინ პარსონსმა, რომელიც სულ რაღაც 20 წლისაა. სიუჟეტი ეფუძნება მისსავე YouTube-სერიალს, რომელიც თავის მხრივ მხოლოდ ერთი ფოტოსგან შობილი კრიპიპასტიდან — Backrooms-იდან გაიზარდა. ფილმი მაყურებელს ლიმინალური სივრცეებითა და სრული გაურკვევლობის განცდით აშინებს.

Disclosure Day - „გამჟღავნების დღე“

  • გამოშვების წელი: 2026 (აშშ);
  • ჟანრი: სამეცნიერო ფანტასტიკა, თრილერი, დრამა;
  • ხანგრძლივობა: 2 საათი და 25 წუთი;
  • რეჟისორი: სტივენ სპილბერგი;
  • მთავარ როლებში: ემილი ბლანტი, ჯო ო’კონორი, კოლინ ფერტი, ივ ჰიუსონი, კოლმან დომინგო;
  • პრემიერა: 12 ივნისი.

ეს ფილმი მიმდინარე ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი და მნიშვნელოვანი მოვლენაა კინოსამყაროში. ლეგენდარული სტივენ სპილბერგი უბრუნდება მისთვის საკულტო სამეცნიერო-ფანტასტიკურ ჟანრსა და უცხოპლანეტელების თემატიკას, „სამყაროთა ომების“ (War of the Worlds) გამოსვლიდან თითქმის 20 წლის შემდეგ. ფილმის სცენარზე რეჟისორთან ერთად დევიდ კეპმა იმუშავა (რომელმაც თავის დროზე „იურული პერიოდის პარკი“ დაწერა), ხოლო მუსიკა თავად ჯონ უილიამსს ეკუთვნის. სიუჟეტის დეტალებს ავტორები პრემიერამდე მკაცრად საიდუმლოდ ინახავდნენ, თუმცა ცნობილია, რომ ფილმის ცენტრალური ხაზი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე შოკისმომგვრელ მომენტს — იმ რეალობის აღმოჩენას ეხება, რომ სამყაროში მარტონი არ ვართ.

ყველაფერი იწყება მაშინ, როდესაც კანზას-სიტის ადგილობრივი ტელევიზიის მეტეოროლოგი პირდაპირი ეთერის დროს უცნაური, არამიწიერი ძალის კონტროლის ქვეშ მოექცევა. ეს უცნაური მაუწყებლობა მთელ მსოფლიოში მასობრივ პანიკას იწვევს. ფილმის ტრეილერები მაყურებელს ჰპირდება საიდუმლო სამთავრობო შეთქმულებებს, ამოუცნობი მფრინავი ობიექტების (UFO) გამოჩენას, ფსიქოლოგიურ მანიპულაციებს და გლობალურ ქაოსს, რომელიც პლანეტას მოიცავს. პროექტის მთავარი სლოგანია: „თუ გაიგებდით, რომ მარტო არ ვართ, და ვინმე ამას დაგიმტკიცებდათ, შეგეშინდებოდათ? ამ ზაფხულს სიმართლე შვიდ მილიარდ ადამიანს ეკუთვნის“. მთავარ როლში ემილი ბლანტი გვევლინება, რაც ფილმს კიდევ უფრო მეტ დრამატიზმსა და დაძაბულობას სძენს.

Pools - "უდარდელი ასაკი“

გამოშვების წელი: 2026 (აშშ);

ჟანრი: დრამა, კომედია;

რეჟისორი: სემ ჰეიესი;

მთავარ როლებში: ოდესა ეზაიონი, მეისონ გუდინგი, არიელ უინტერი.

პრემიერა: 4 ივნისი.

კენედი უნივერსიტეტში სწავლობს, თუმცა არასაკმარისი მოსწრების გამო შესაძლოა მალე გარიცხონ. ირგვლივ ანომალიურად ცხელი ზაფხულია და ნაცვლად იმისა, რომ სწავლას მიაშუროს, გოგონა მეგობრებს კრებს და გართობას წყვეტს კომპანია ღამღამობით სხვის აუზებში იპარება და ერთობა. რეჟისორი ამ ფილმში საკუთარ ახალგაზრდობასა და რეალურ წვეულებებს იხსენებს და ახალგაზრდული კინოს უამრავ კლასიკას აკეთებს ალუზიად.

The Birthday Party - „დაბადების დღე“

  • გამოშვების წელი: 2025 (საბერძნეთი, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი);
  • ჟანრი: დრამა;
  • რეჟისორი: მიგელ ანხელ ხიმენესი;
  • მთავარ როლებში: უილემ დეფო, ვიქტორია კარმენ სონი, ჯო კოული.
  • პრემიერა: 4 ივნისი.

მდიდარი მარკოსი თავისი ერთადერთი ქალიშვილის, სოფიას დაბადების დღის აღსანიშნავად წვეულებას მართავს. იგი კერძო კუნძულზე უამრავ სტუმარს კრებს, თუმცა რეალურად მამას თავისი ეგოისტური გეგმები აქვს ქონების მომავალ მემკვიდრესთან დაკავშირებით. თუმცა, სოფიაც მალავს რაღაცას. ფილმში მთავარი მიზიდულობა უილემ დეფოა, ხოლო სიუჟეტი ბერძენი მწერლის, პანოს კარნეზისის წიგნს ეფუძნება, ამიტომ ისტორია ნაბიჯ-ნაბიჯ იძაბება.

Reversion - „მკვლელობის ილუზია“

  • გამოშვების წელი: 2025 (ესპანეთი, დომინიკელთა რესპუბლიკა);
  • ჟანრი: თრილერი, დეტექტივი;
  • რეჟისორი: ჯეიკობ სანტანა;
  • მთავარ როლებში: ხაიმე ლორენტე, მანუელ ვეგა, ბელენ რუედა.
  • პრემიერა: 4 ივნისი (გადატანილი თარიღი).

ძმები მარიო და დავიდი მშობლებთან ერთად ახალ სახლში გადადიან. ერთ დღეს დავიდს უცნობები გაიტაცებენ, თუმცა 19 დღის შემდეგ იგი მოულოდნელად ბრუნდება და არაფერი ახსოვს. მარიოს ეჭვი ეპარება, რომ მის გვერდით ნამდვილი ძმაა. სერიალ „ქაღალდის სახლის“ (Money Heist) ვარსკვლავის, ხაიმე ლორენტეს მონაწილეობით გადაღებული ეს თრილერი კორეული ფილმის — „მოგონებათა ღამე“ (Night of Memories) რიმეიქია.

Gunche - „კოლონია“

  • გამოშვების წელი: 2026 (სამხრეთ კორეა);
  • ჟანრი: საშინელებათა, საბრძოლო;
  • რეჟისორი: იონ სანგ-ჰო;
  • მთავარ როლებში: ჯონ ჯი-ჰიონი, კუ გიო-ჰვანი, ჯი ჩან-უკი.
  • პრემიერა: 18 ივნისი.

ბიოტექნოლოგიების კონფერენციის დროს გარეთ საშიში ვირუსი იჭრება. იგი ადამიანებს უცნაურ ზომბებად აქცევს, რის გამოც ხელისუფლება შენობას ბლოკავს და გადარჩენილებს შიგნით კეტავს. ამავე შენობაში იმალება ადამიანი, რომელიც ვაქცინის წყაროა, თუმცა იგი ხელისუფლებასთან თანამშრომლობას არ აპირებს. ფილმის „მატარებელი ბუსანში“ ავტორი ბრუნდება ახალი ზომბი-ჰორორით, სადაც საშინელებების ფონზე კვლავ საზოგადოებრივ პრობლემებსა და კაპიტალიზმზე მსჯელობს.

Pressure - „წნეხი“

  • გამოშვების წელი: 2026 (დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი);
  • ჟანრი: თრილერი, დრამა, სამხედრო, ისტორიული;
  • რეჟისორი: ენტონი მარასი;
  • მთავარ როლებში: ბრენდან ფრეიზერი, კერი კონდონი, ენდრიუ სკოტი, დემიან ლუისი.
  • პრემიერა: 18 ივნისი.

1944 წლის ივნისში მოკავშირეთა ძალების ხელმძღვანელობა ნორმანდიაში უმსხვილეს გადასხმას გეგმავს. სამი დღის განმავლობაში მეტეოროლოგებმა ზუსტად უნდა გამოიცნონ ამინდის პროგნოზი. თუ ძლიერ შტორმს არ გაითვალისწინებენ, დესანტი დაიღუპება, ხოლო თავდასხმის ტყუილად გადადება დროს დააკარგვინებთ. ფილმი რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული, მთავარ როლებში კი მაყურებლის ფავორიტები ენდრიუ სკოტი და ბრენდან ფრეიზერი არიან.

La valle dei sorrisi - „ღიმილების ველი“

  • გამოშვების წელი: 2025 (იტალია, სლოვენია);
  • ჟანრი: საშინელებათა, დრამა;
  • რეჟისორი: პაოლო სტრიპოლი;
  • მთავარ როლებში: მიკელე რიონდინო, რომანა მაჯორა ვერგანო.
  • პრემიერა: 25 ივნისი.

ძიუდოში იტალიის ყოფილი ჩემპიონი სერჯიო პატარა ქალაქში გადადის ფიზკულტურის მასწავლებლად მუშაობის დასაწყებად. მამაკაცი მძიმე დანაკარგს განიცდის და ხშირად სვამს. ადგილობრივი მაცხოვრებლები კი მუდმივად ხარობენ და იღიმიან, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში მასობრივი ტრაგედია მოხდა. აღმოჩნდება, რომ აქ ცხოვრობს ბიჭი, რომელსაც სხვისი ტკივილის წაღება შეუძლია. ფილმი აერთიანებს ფოლკლორულ მისტიკასა და ფილოსოფიურ ჰორორს.

In the Hand of Dante - „დანტეს კოდექსი“

  • გამოშვების წელი: 2025 (დიდი ბრიტანეთი, იტალია, აშშ);
  • ჟანრი: დრამა, კრიმინალი, დეტექტივი;
  • რეჟისორი: ჯულიან შნაბელი;
  • მთავარ როლებში: ოსკარ აიზეკი, ჯერარდ ბატლერი, ალ პაჩინო, გალ გადოტი, ჯონ მალკოვიჩი, ჯეისონ მომოა.
  • პრემიერა: 25 ივნისი.

ნიუ-იორკელი კონტრაბანდისტების ხელში ხვდება დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედიის“ ორიგინალი ხელნაწერი. ისინი მის ავთენტურობას ამოწმებენ, თუმცა მეცნიერი ნიკ ტოშესი ხელნაწერს იპარავს და გარბის. პარალელურად ნაჩვენებია, თუ როგორ ქმნიდა თავად დანტე თავის შედევრს. მსახიობთა სია შთამბეჭდავია, თანაც ბევრი მათგანი ორ როლს ასრულებს მაგალითად, ოსკარ აიზეკი თამაშობს როგორც ნიკს, ისე თავად დანტეს.

The Odyssey - „ოდისეა“

  • გამოშვების წელი: 2026 (აშშ, დიდი ბრიტანეთი);
  • ჟანრი: ისტორიული, სათავგადასავლო, ფენტეზი, დრამა;
  • ხანგრძლივობა: 2 საათი და 40 წუთი;
  • რეჟისორი: დენი ვილნევი;
  • მთავარ როლებში: ჰიუ ჯეკმანი (ოდისევსი), შარლიზ ტერონი (პენელოპე), ტიმოთი შალამე (ტელემაქე), რალფ ფაინსი;
  • პრემიერა: 19 ივნისი.

ჰომეროსის უკვდავი ანტიკური ეპოსის ეს ახალი ეკრანიზაცია წლის ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ და მასშტაბურ კინომოვლენად მიიჩნევა. მას შემდეგ, რაც რეჟისორმა დენი ვილნევმა „დიუნით“ (Dune) დაამტკიცა, რომ რთული, მონუმენტური სამყაროების გაცოცხლება უბადლოდ ეხერხება, მან ხელში აიღო ბერძნული მითოლოგიის ყველაზე ცნობილი საზღვაო თავგადასავალი. ფილმი გვპირდება რეალისტურ, მძიმე ატმოსფეროს, სადაც მითოლოგიური არსებები და ღმერთები არა ბავშვურ ზღაპრებად, არამედ საზარელ, კოსმოსურ ძალებად არიან წარმოჩენილნი.

ფილმი მოგვითხრობს გმირის კიდევ ერთ, ათწლიან საზარელ ხეტიალზე ხმელთაშუა ზღვის მისტიკურ და სახიფათო წყლებში. ოდისევსს მოუწევს დაუპირისპირდეს კაციჭამია ციკლოპ პოლიფემეს, გაუძლოს სირინოზების მომაჯადოებელ და მომაკვდინებელ ხმას, გადაურჩეს ზღვის ურჩხულებს - სცილასა და ქარიბდას და თავი დააღწიოს ნიმფა კალიფსოს ტყვეობას. პარალელურად, სიუჟეტი გვიჩვენებს ითაკაში დარჩენილ პენელოპეს, რომელიც წლების მანძილზე იგერიებს თავხედ საქმროებს, რომლებსაც მეფის ტახტის ხელში ჩაგდება სურთ. ეს არის ისტორია ადამიანის ნებისყოფაზე, გადარჩენასა და სახლში დაბრუნების დაუოკებელ სურვილზე.

Scary Movie 6 - საშიში კინო 6

  • გამოშვების წელი: 2026 (აშშ);
  • ჟანრი: კომედია, პაროდია, საშინელებათა;
  • რეჟისორი: მაიკლ თიდესი
  • მსახიობები: რეგინა ჰოლი, ანა ფარისი, ოლივია როუს კიგანი
  • პრემიერა: 11.06.2026

ფილმი საკულტო პაროდიული ფრანშიზის დიდი ხნის ნანატრი დაბრუნებაა, რომელიც ეკრანებზე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გამოდის. ამჯერად პროექტის რეჟისორის სავარძელი მაიკლ თიდესმა დაიკავა, რომელიც მაყურებლისთვის ცნობილია სხვა წარმატებული პაროდიებით, როგორიცაა „სახლი პარანორმალური მოვლენებით“ (A Haunted House). ყველაზე დიდი სიურპრიზი კი მაყურებლისთვის კინოეკრანებზე ორი განუყრელი მეგობრის — სინდისა (ანა ფარისი) და ბრენდას (რეგინა ჰოლი) ლეგენდარული დუეტის დაბრუნებაა.