ფულის მიღების 6 გზა, რომელსაც ხშირად ვაიგნორებთ და სრულიად ტყუილად - rogor.ge

ფულის მიღების 6 გზა, რომელსაც ხშირად ვაიგნორებთ და სრულიად ტყუილად

დაიბრუნეთ ვალები

როდესაც დიდ თანხას ასესხებთ, ხელწერილის გაფორმება ჩვეულებრივი ამბავია. მაგრამ, როცა საქმე რამდენიმე ათეულ ან ასეულ ლარს ეხება, მეგობრებსა და კოლეგებს სიტყვაზე ვენდობით. სწორედ აქ ვუშვებთ შეცდომას. მოვალემ იცის, რომ მის მოსაძებნად პოლიციას არავინ გამოიძახებს, გამსესხებელს კი ხშირად ეხერხება ვალის შეხსენება.

სინამდვილეში, საკუთარი ფულის დაბრუნების მოთხოვნა სრულიად ნორმალურია. თუ პირდაპირ თქმა გიჭირთ, სცადეთ ხუმრობაში გაატაროთ ან თავად სთხოვეთ მას იგივე თანხა სესხად - ხანდახან ეს მუშაობს. ასევე, შეგიძლიათ ვალი შეახსენოთ იმ ადამიანების თანდასწრებით, ვის აზრსაც ის პატივს სცემს. ეს წარმატების 100%-იან გარანტიას არ იძლევა, მაგრამ შანსებს საგრძნობლად ზრდის.

გააფორმეთ სახელმწიფო დახმარებები

სახელმწიფოს აქვს სხვადასხვა სახის დახმარება ადამიანებისთვის, რომლებიც რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ ან, პირიქით, სასიხარულო მოვლენისთვის ემზადებიან (მაგალითად, ბავშვის დაბადება). ბევრმა არც კი იცის, რომ ეკუთვნის გარკვეული სუბსიდიები ან შეღავათები. გადაამოწმეთ სოციალური მომსახურების სააგენტოს საიტზე, რა ტიპის დახმარების მიღება შეგიძლიათ თქვენს სტატუსზე მორგებით.

გამოიმუშავეთ ჰობიდან

გატაცებები ხშირად ხარჯებთანაა დაკავშირებული: საღებავები, თიხა, ქსოვილები თუ ინგრედიენტები გემრიელი ტორტისთვის. რატომ არ უნდა გაყიდოთ თქვენი ნახატი, დეკუპაჟის სტილში შესრულებული ლარნაკი ან გამომცხვარი ტკბილეული? ეს დაგეხმარებათ მასალების ხარჯის ანაზღაურებაში, საკუთარი ნიჭის რწმენას შეგმატებთ და, შესაძლოა, შემოსავლის ახალ, სტაბილურ წყაროდაც იქცეს.

ითხოვეთ დახმარება

არსებობენ ადამიანები, რომლებიც გულგრილად ვერ ჩაუვლიან დაშავებულ ცხოველს ან გასაჭირში მყოფ ადამიანს. ასეთ დროს ხშირად სოლიდური თანხაა საჭირო ანალიზებისა თუ წამლებისთვის. სრულიად ნორმალურია დახმარება მეგობრებს სთხოვოთ, მაგალითად, სოციალურ ქსელში პოსტის გამოქვეყნებით. ბევრი თქვენი ნაცნობი სიამოვნებით მიიღებს მონაწილეობას კეთილ საქმეში, თქვენ კი არ მოგიწევთ ვალებში ჩავარდნა. მთავარია, კეთილსინდისიერებისთვის ყველა ხარჯის დამადასტურებელი ჩეკი საჯაროდ გამოაქვეყნოთ.

გაყიდეთ ძველი ნივთები

ბავშვები სწრაფად იზრდებიან, წაკითხული წიგნები თაროებზე აღარ ეტევა, ძველი გაჯეტები თუ სამაგიდო თამაშები კი უბრალოდ მტვერს იდებს. ბევრი ამ ნივთებს ნაგავსაყრელზე ყრის ან ვინმეს ჩუქნის. უფრო მომგებიანი ვარიანტია — გადაუღოთ სურათი და განათავსოთ უფასო განცხადებების საიტებზე (მაგალითად, Mymarket-ზე). ვიღაცას აუცილებლად გაუხარდება ბავშვის კომბინიზონი ან წიგნი ბევრად იაფად, ვიდრე ის მაღაზიაში ღირს.

გაყავით ხარჯები

წარმოიდგინეთ სიტუაცია: იძახებთ ტაქსს ოფისში და კოლეგა გთხოვთ, თქვენ გაჰყვეთ, რადგან გზა მაინც ერთია. ის თქვენზე ადრე ჩადის, მგზავრობის საფასურს კი სრულად თქვენ იხდით. ან მეგობრები თქვენი მანქანით მიდიხართ ქალაქგარეთ დასასვენებლად.

ასეთ სიტუაციებში ხარჯების გაყოფა აბსოლუტურად მისაღებია. მართალია, ავტომობილის ცვეთის დათვლას არავინ გთხოვთ, მაგრამ საწვავის ფულის წილობრივად დადება ან ტაქსის ანგარიშის გაყოფა ნორმალური პრაქტიკაა.