როგორ ვითამაშოთ ჯოკერი კარგად
კარტების დამახსოვრება
ჯოკრის თამაშისას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ კარტების დათვლაა, შეიძლება ითქვას ყველაზე მნიშვნელოვანიც. ავიღოთ მაგალითი, გაქვთ ნავარაუდევი 3-ის წაყვანა, ხელში გიჭირავთ ჯოკერი და უკვე წაყვანილიც გყავთ 3 დარიგება. რა უნდა ქნათ? ლოგიკურია უნდა აცხადოთ ვინ უნდა წაიღოს, რომ თქვენ ზედმეტი არ მოგივიდეთ და 200-ის ნაცვლად 40 არ დაგეწეროთ, ასევე თუ დაწინაურებული ხართ (პრემიაზე ხართ), არ წაგერთვათ და შეინარჩუნოთ ლიდერობა. თუ დათვლილი გაქვთ კარტები, ძალიან მარტივად შეგიძლიათ აცხადოთ და წაიღოს სხვამ, მაგრამ თუ არ გაქვთ დათვლილი, მოგიწევთ ენდოთ ინტუიციას, რაც ხშირ შემთხვევაში შეიძლება მოწინააღმდეგის სასარგებლოდ დასრულდეს. კარტების დათვლა არ ნიშნავს ყოველი მოთამაშის "ნასროლი" კარტის დაზეპირებას (თუმცა ეს ნიჭი თუ გაქვთ ჩათვალეთ ვერავინ ვერ დაგამარცხებთ), მთავარია დაიზეპიროთ გასული კარტებიდან მაღლები, მაგალითად "ტუზები", "კაროლები" და "დამები", საკმარისია ეს სამი კარტი დაიმახსოვროთ და უკვე ლოგიკა თავისით გაჩნდება (ჯამში საშუალოდ 8-10 კარტამდეა, რადგან 2-4 შეიძლება თქვენ გყავდეთ აქედან).
დააზღვიეთ კარტი - კარტის დაზღვევა მიზნად ისახავს ნავარაუდევი ციფრს გამოაკლოთ ერთი, ანუ თუ ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ 4 კარტის წაყვანა, დააზღვიეთ და თქვით 3, რადგან შეიძლება ის 1 კარტი მოწინააღმდეგემ მოგიჯოკროთ. ასევე არის ალბათობა იმისა, რომ ზედმეტიც წაიღოთ მაგრამ ხშირ შემთხვევაში უფრო ძნელია მეტი კარტის წაყვანა, ვიდრე კარტების გადაყრა და ზედმეტობისგან თავის არიდება. დააკვირდით პირველ ორ ტარებას და ამის შემდეგ იფიქრეთ ჯობია, რომ გადაყაროთ ზედმეტი კარტი თუ შეინახოთ.
თუ მოწინააღმდეგეს "ხიშტავთ", დაიწყეთ ყოველთვის მაღალი კარტით (ტუზით) - თუ დაიწყებთ "კაროლით" და ტუზიც თქვენ გყავთ, დანარჩენი მოთამაშეები დაფიქრდებიან იმაზე, რომ შეიძლება ტუზი იმას ჰყავს ვისი "გახიშტვაც" გინდათ, შეიძლება შეიყვანოთ შეცდომაში და მოაჯოკრინოთ კარტი, აქიდან გამომდინარე მეტი შანსი რჩება, რომ აღარ გაიხიშტოს.
თუ თამაშობთ წყვილში და დაწინაურებულია ის მოთამაშე, რომელიც არიგებს, თქვით "პასი" - როდესაც დარიგებულია კარტი და პირველი თქმა გიწევთ თქვენ, თქვით პასი, მისი მეწყვილე ვეღარაფერს იტყვის, რადგან თქვენი მეწყვილე ყველა ვარიანტში შეუვსებს კარტს. ავიღოთ მაგალითი: დარიგებულია 3 კარტი და პირველის თქმა მიწევს მე, ყველა კარგი კარტი მყავს მაგრამ ვამბობ პასს, შემდეგი მოთამაშე (მოწინააღმდეგე) ვერც 1-ს იტყვის ვერც 2-ს და რა თქმა უნდა ვერც 3-ს, ამიტომ ამბობს პასს, ხოლო თქვენი მეწყვილე - 3. დაწინაურებული ვალდებულია თქვას 1 ან მეტი. დაიწყო თამაში და სამივე წავიყვანე მე, ჩემი მეწყვილე "გაიხიშტა" და ასევე "გაიხიშტა" მოწინააღმდეგეც, ესენი ბათილდება და დაწინაურებული აღარ რჩება. თუ იტყოდით 1-ს, მოწინააღმდეგე გადაუვსებდა და იტყოდა 3-ს, ხოლო დაწინაურებული აღარ იქნებოდა ვალდებული ეთქვა 1 ან მეტი.
თუ ნავარაუდევი კარტი "კოზირების" იმედზე გაქვთ ნათქვამი - დაიწყეთ იმ კარტის ფერით, რომელიც გიჭირავთ ან ყველაზე მეტი, ან ყველაზე ცოტა. მაგალითად თუ მიჭირავს 4 ყვავი, დიდია ალბათობა ვინმე კოზირი ჩამოვიდეს და მომავალში აღარ შემეცილოს ჩემი ნავარაუდევის წაყვანაში, ან პირიქით თუ მიჭირავს 1 ყვავი და ჩავედი, შემდეგ ყვავზე მე მომიწევს კოზირის ჩასვლა და ჩემი ნავარაუდევის წაყვანაც აღარ გამიჭირდება.
ხშირ შემთხვევაში ჯობს შეინახოთ ერთი ფერის კარტი და რამდენიმე (მაღლებით), ვიდრე რამდენიმე ფერის კარტი და თითო-თითო მაღლები - როდესაც თამაში თქვენს წინააღმდეგ წარიმართება და დიდი ალბათობაა იმისა, რომ დაგეწეროთ -200 (გაიხიშტოთ), ყოველთვის ჯობია შეინახოთ იმ ფერის კარტი, რომელსაც ჯერ არ უვლია, ან თუ უვლია - ერთხელ, და გადაყაროთ სხვა მაღალი კარტები, რომლებმაც რამდენჯერმე იარეს.