როგორ იცვამდა მეფე ლაშა-გიორგი - rogor.ge

როგორ იცვამდა მეფე ლაშა-გიორგი

სამეფო სამოსთან დაკავშირებით, XIII საუკუნის პირველ ნახევარში ერთი საინტერესო ტენდენცია იკვეთება. რჩება შთაბეჭდილება, თითქოს ქართული სამოხელეო შესამოსელი (ქუდის გარდა) ძალიან ემსგავსება მეფის ტანსაცმელს. უფრო სწორად, სამეფო სამოსი ხდება სამოხელეოს დარი, მსუბუქად სატარებელი და ნაკლებად პომპეზური. თუ ადრეულ პერიოდში ქართველი მეფეები (ბაგრატ III, გიორგი III, დავით IV, დემეტრე I) ძირითადად მძიმე ქსოვილებით შეკერილ, ძვირფასი თვლებით უხვად დატვირთულ ბისონებს ატარებდნენ, იმავეს ლაშა-გიორგის ფრესკებზე ვერ ვხედავთ. თუმცა ეს მოვლენა ჩვენი აზრით, შემდეგი გარემოებით არის განპირობებული: დღემდე ლაშა-გიორგის სამმა ფრესკამ მოაღწია, ესენია - ყინწვისის, ბერთუბნისა და ბეთანიის. ამ უკანასკნელში ლაშა, ქტიტორთა რიგის ბოლოში, ბაბუისა და დედის გვერდით დგას. მისი სამოსი, გვირგვინის ჩათვლით, მეფეთმეფე თამარის პომპეზურ და მდიდრულ აღკაზმულობასთან შედარებით ძალიან სადაა. ლაშას თავსაბურავიც იმდენად მოკრძალებული ახურავს, რომ მას ხელმწიფის გვირგვინს ვერ ვუწოდებთ, ამიტომ ჩნდება აზრი, რომ ლაშა უფრო საუფლისწულო სამოსშია წარმოდგენილი და შესაბამისი (ბატონიშვილისთვის განკუთვნილი) თავსადგამი ახურავს. ლოგიკურია, რომ შუა საუკუნეების საქართველოში, ისევე როგორც ევროპაში, არსებობდა უფლისწულის ინსტიტუტი სათანადო ატრიბუტიკითა და ტანსაცმლით. სწორედ ამიტომაა, რომ ლაშას ტანზე ვერსად ვხედავთ მძიმე ქსოვილებით შეკერილ, თვლებით შემკულ ბისონებსა და ოლარებს. მხატვარი მას ფრესკებზე ხატავდა როგორც უფლისწულსა და თანამმართველს და არა სამეფო სამოსში აღკაზმულ ხელმწიფეს.

განსაკუთრებით საყურადღებოა ლაშა-გიორგის საუფლისწულო სამოსი ბერთუბნისა და ყინწვისის ფრესკებზე. ბერთუბანში ლაშას ძალიან ელეგანტური კაბა აცვია, კოსტიუმზე გადმოცემული ნატიფი, საუცხოოდ შესრულებული ორნამენტები, მათი ფერში გამოსახვის წესი ქართულია და მისი ანალოგიები სხვაგან არსად ჩანს. გამორიცხული არ არის, რომ სამოსის ეს ფორმა, სტილი და მოქარგვის მანერა უშუალოდ მეფისთვის საგანგებოდ შეიქმნა. ამას გვაფიქრებინებს ლაშას გვირგვინის, მისი სამოსისა და სამკლავურის ორნამენტირების განსაკუთრებული მსგავსება.

თამარის ვაჟის სამოსი დაბეწვილია, უკანა მხრიდან წვრილნაკეცაა (დაპლისულია), ხოლო წინიდან მართკუთხად ამოჭრილი. ლაშა-გიორგის კოსტიუმისთვის საგანგებო ყურადღება მიუქცევია ივანე ჯავახიშვილსაც. იგი წერს: "მეფეთა ტანისამოსში ყველაზე უფრო საყურადღებოა ლაშა-გიორგის ტანისამოსი (ბერთუბანი), რა ტანისამოსი უნდა იყოს, ან რა სახელი უნდა ერქვას მას, ამის თქმა ძალიან ძნელია. ეს თითქოს კაბა ან კაბაჩა უნდა იყოს. უფრო საფიქრებელია, კაბაჩა უნდა იყოს, რომელიც მარტო მეფის ტანისამოსი არ იყო. ეს ტანისამოსი წინ იკვრება. დამახასიათებელია ორკავიანი გადასაკეცი და უცნაური ამოჭრილი". გაგრძელება