როგორი იყო განათლება მე-12 საუკუნის საქართველოში, დავით აღმაშენებლის მეფობის დროს - rogor.ge

როგორი იყო განათლება მე-12 საუკუნის საქართველოში, დავით აღმაშენებლის მეფობის დროს

ყველაფერი დაიწყო დავით აღმაშენებლის მიერ ანტიკური ავტორების ნაწერთა შეკრებით: "მდიდრად შემოიკრიბა, რაც იპოვა, ქართულად თარგმნილი, როგორც ძველი, ისე ახალი, მეორე პტოლემეოსივით". "ძველს" ისტორიკოსი ანტიკურს უწოდებს ანუ მეფე ისეთი ჟინით კრებდა ანტიკური ავტორების ხელნაწერების თარგმანებს, როგორც დიდი პტოლემეოსი. მაგრამ მაქსიმალისტი მეფე ამით არ დაკმაყოფილებულა. სომეხი ისტორიკოსი ვარდან ბარძმერდეცი წერს, რომ დავითმა ორმოცი ახალგაზრდა გაგზავნა საბერძნეთში ენების შესასწავლად და ნათარგმნი ლიტერატურის ჩამოსატანად. ეს ცნობა დასტურდება ერთი საოცარი ლექსითაც დავითზე ("გიამბობ სიფრიადესა"): "ათენსა სწრთვნიდეს ჭაბუკთა, იყალთოს მონასმენთასა, სწყალობდეს დავით, მოძღვართა, ათინით მონავლენთასა".

დავითი ათინაში, ათენში, ანუ ანტიკური ფილოსოფიის ბერძნულ ცენტრებში წრთვნის იყალთოს სტუდენტებს, მეორე მხრივ, ძლიერი მეფე მფარველობს ბერძენ-ათინელ მასწავლებლებს/მოძღვრებს - მოძღვარი მასწავლებელს ნიშნავს.

შავთელი დავითზე წერს: "ატიკურისა, პატრიკულისა ხედვის უფალ ხარ სიწლოთ სიხშოსა", ამ ცნობის მიხედვით, დავითი ატიკურ (ანტიკურ) ფილოსოფიას და პატრიკულ ანუ პატრისტიკულ/ქრისტიანულ თეოლოგიას საფუძვლიანად და ღრმადაა დაუფლებული, მაგრამ დავითს სურდა, რომ მისი ანტიკური იდეალების ხორცშესხმა "ათინა", სადაც ქართველ სტუდენტებს გზავნიდა, საქართველოშიც ყოფილიყო, ამიტომაც მან დააფუძნა "მოძღუარი სწავლულებისა, ვითარცა მეორე ათინა" ანუ ანტიკური ფილოსოფიის სასწავლებელი თვით საქართველოში, გელათის მონასტერთან, რომლის პირველ რექტორადაც დანიშნა თავისი ნდობით აღჭურვილი პირი, მისი კანცლერი - ანტონი გოდობრელი. ანტონისაგან შეკვეთილი რამდენიმე ხელნაწერი აშკარად სასწავლო ხასიათისაა და ეპოქის ფილოსოფიური და თეოლოგიური ცოდნის ენციკლოპედირებას ისახავს მიზნად. გელათის აკადემიაში დამკვიდრებული სხვა დიდი ქართველი ფილოსოფოსი და პედაგოგი - იოანე პეტრიწიც წერს სასწავლო სახელმძღვანელოს, რომლის ერთგვარი სტუდენტური კონსპექტები დღემდეა მოღწეული. აქ იგი მოწაფეებს წიგნის კითხვის სხვადასხვა ტექნიკურ ხერხს უზიარებს ("განმარტებაი პროკლესთუის...", შესავალი). მისი რჩევით, წიგნი უნდა იკითხო ყრმასავით, აუჩქარებლად, რადგანაც აჩქარებული კითხვისას ბევრი რამ საგულისხმო შეიძლება გამოგვეპაროს. გაგრძელება