როგორ გადაარჩინა ლავრენტი ბერიამ სიდორ კოვპაკი - rogor.ge

როგორ გადაარჩინა ლავრენტი ბერიამ სიდორ კოვპაკი

კოვპაკი პუტინისთვის დღესაც გმირია. უკრაინელები ასე არ ფიქრობენ.

სიდორ კოვპაკი (1887-1967) გლეხის ღარიბ, მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. დაამთავრა სოფლის სკოლის სამი კლასი. ის კარგად სწავლობდა, მაგრამ ოჯახს არ შეეძლო შვილის სწავლის შემდგომი დაფინანსება და 11 წლის კოვპაკი იძულებული გახდა, სამუშაოდ წასულიყო.

რუსი ისტორიკოსი ტეოდორ გლადკოვი წერს, რომ პატარა კოვპაკი ჯერ მემამულეებთან მუშაობდა მოჯამაგირედ, შემდეგ ადგილობრივ ვაჭართან ხელის ბიჭად დადგა. ენერგიულმა, შრომისმოყვარე ყმაწვილმა ვაჭრის ნდობა დაიმსახურა და მალე მისი მოურავი გახდა. ეს მაშინდელ დროში ხუმრობა საქმე როდი იყო, მაგრამ იდილია დიდხანს არ გაგრძელებულა. მალე კოვპაკი ჯარში გაიწვიეს. დემობილიზაციის შემდეგ მსახურობდა სარატოვში, სადაც ჯერ შავ მუშად მუშაობდა, შემდეგ მჭედლად. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე იგი ფრონტზე გაიწვიეს.

კოვპაკის კარიერის აღმასვლა ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ დაიწყო. ის დაბრუნდა მშობლიურ სოფელში და შექმნა ბანდა, რომლის მეთაურიც გახდა. 1919 წელს აღნიშნული ბანდა სრული შემადგენლობით შეუერთდა წითელ არმიას, თავად კოვპაკი კი კომუნისტურ პარტიაში შევიდა. ომის ქარბორბალამ იგი შორეულ ურალში გადაისროლა. კოვპაკი ერთხანს ჩაპაევის ცნობილ დივიზიაში იბრძოდა. ომის შემდეგ უკრაინაში დაბრუნდა და პეტლიუროველი პარტიზანების წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა.

- ამრიგად, ის იარაღით ხელში უკრაინის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ იბრძოდა, - პროფესორი ვლადიმირ სერგიიჩუკი, უკრაინელი ისტორიკოსი, მწერალი და პოლიტიკოსი.

პარტიამ კოვპაკს ერთგულება დაუფასა. 1926 წელს, დემობილიზაციის შემდეგ საბჭოთა მეურნეობის დირექტორი გახდა. კოვპაკს უკრაინულ სოფლებში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა: იყო არტელის, შემდეგ კოლმეურნეობის თავმჯდომარე, ხელმძღვანელობდა საგზაო სამუშაოებს და სხვ.

- ამრიგად, კაცი სამი კლასის განათლებით სოფლის ნომენკლატურული მუშაკი შეიქნა, - წერს სერგიიჩუკი.

ნომენკლატურის ყველა მუშაკს უშიშროების კურსები ჰქონდა გავლილი. გამონაკლისი არც კოვპაკი იყო. 1930 წელს მან ოგპუ-ს (გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველო) სკოლა დაამთავრა. პირველ მსოფლიო და სამოქალაქო ომში მონაწილე კოვპაკს უდიდესი სამხედრო გამოცდილება ჰქონდა, ოგპუ-ს სკოლაში კი ის პარტიზანული ომის ხელოვნებას ეზიარა. გაგრძელება