როგორ მოკვდა ნავალნი
რატომ ეშინოდა პუტინს ნავალნის?!
პუტინს რუსეთში, პრინციპში, ოპოზიცია არ ჰყავს. დიახ, იქ არის რამდენიმე პარტია, მაგრამ ისინი თავიანთ ბელადად მხოლოდ და მხოლოდ კრემლის ბინადარს აღიარებენ. ჩვენს ჩრდილოელ მეზობელ ქვეყანაში უკვე იმ დონემდე მივიდა მდგომარეობა, რომ უკვე კრემლი არჩევს, თუ ვინ იქნება პუტინის "კონკურენტი" საპრეზიდენტო არჩევნებში. რუსეთში პოლიტიკასთან მეტ-ნაკლებად დაკავშირებული ყველა სფერო ტოტალურად კონტროლდება.
თუმცა პუტინი ვერ აკონტროლებდა ნავალნის. პირველად კრემლის ბინადარმა შიში ჭამა 2013 წელს, როდესაც მოსკოვის მერის არჩევნებში 27,24% მიიღო. ეს იმის ფონზე, რომ კრემლის მთელი პროპაგანდისტული მანქანა მთელი ძალით მუშაობდა მის წინააღმდეგ. მოსკოვის მერის არჩევნების შემდეგ ნავალნი რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებში აპირებდა მონაწილეობას, თუმცა რუსულმა ცენტრალურმა კომისიამ ყველა გზა გადაუკეტა (ელემენტარულად, არ არეგისტრირებდნენ კანდიდატად). ქარიზმატულ, ახალგაზრდა ლიდერში, რომელსაც შეეძლო მასებთან ურთიერთობა, პუტინი, სავარაუდოდ, საფრთხეს ხედავდა.
გარდა ამისა, ნავალნიმ კარგად იცოდა რუსული ელიტური კორუფციული სქემები და მასალებზე მუშაობა. მისთვის, რა თქმა უნდა, ფედერალური არხები დახურული იყო, თუმცა ნავალნიმ მოახერხა სოცქსელში პლატფორმების შექმნა, სადაც აქვეყნებდა მასალებს არა ზოგადად კორუფციაზე, რაც მაინცდამაინც არ აღელვებს რუსულ პოლიტელიტას, არამედ პირადად პუტინზე, მედვედევზე, შოიგუზე და ა.შ. თვალსაჩინოებისთვის - ნავალნის გუნდის მიერ სამი წლის წინ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს "პუტინის სასახლე" (გელენჯიკში აშენებულ აპარტამენტებზე, რომელზეც მილიარდები დაიხარჯა), "იუთუბზე" 129 მილიონი ნახვა აქვს. მშვიდობიანობის დროს რასაც იპარავდნენ, იპარავდნენ, მაგრამ ხომ წარმოგიდგენიათ, ომის დროს რუსული ელიტა რამდენს ჩაიჯიბავდა?! შესაბამისად, კოლონიაში გამომწყვდეული ნავალნი, რომელიც ადვოკატების მეშვეობით მაინც ახერხებდა თავის გუნდთან კონტაქტს, არ იყო განეიტრალებული.
მოხდება თუ არა რუსეთში რაიმე ძვრები ან აღზევდება თუ არა საპროტესტო მოძრაობა ნავალნის სიკვდილის შემდეგ?! თქვენი მონა-მორჩილის აზრით, არა. პირიქით, შიში უფრო გაიზრდება და ჯანსაღად მოაზროვნე რუსეთის მოქალაქეები ან გაიქცევიან საზღვარგარეთ, ან კიდევ უფრო ჩაიმალებიან თავიანთ სოროებში. გაგრძელება