როგორ შევარჩიოთ სანადირო თოფი (დამწყებთათვის) - rogor.ge

როგორ შევარჩიოთ სანადირო თოფი (დამწყებთათვის)

ამორჩეული სანადირო თოფი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ აუცილებელ მოთხოვნებს:

ა). ჰქონდეს მსროლელის ძალის შესაფერისი ნორმალური წონა;

ბ). ჰქონდეს კარგი წონასწორობა;

გ). იყოს სავსებით მორგებული, სწორედ აწყობილი და ეხამებოდეს მსროლელის აგებულებას;

დ). ჰქონდეს დაჯგუფებული და მკვეთრი მიტანა. ზედმეტად მძიმე და ზედმეტად მსბუქი თოფები სწრაფი და ზუსტი სროლისათვის ერთნაირად გამოუსადეგარია. მძიმე თოფი ღლის და ძალ-ღონეს ართმევს ნადირობისას.

მსუბუქი თოფის აუცილებელი თვისებაა ძლიერი უკუცემა, ანუ მხარში დარტყმა მინიმალურად დატენილი ვაზნის გასროლის დროსაც კი. 12-ყალიბიანი სანადირო თოფის საშუალო წონა 3-3,2 კგ უნდა იყოს. მძიმე თოფს, რომელსაც თავისი ნაწილების გაძლიერებული კონსტრუქცია აქვს, შეუძლია აიტანოს დიდი დატენილობის ვაზნა და სამსახური გაუწიოს მსროლელს უფრო დიდხანს, ვიდრე შემსუბუქებულ თოფს.

სწორად აწყობილ თოფს უნდა ჰქონდეს კარგი წონასწრობა. აწყობილი თოფის სიმძიმის ცენტრი უნდა მდებარეობდეს მის შუა წელში და წონასწრობის წერტილი უნდა იმყოფებოდეს კალაპოტის ფარიდან 55-65 მმ წინ. ასეთი თოფი მეტად მოსახერხებელია, ადვილად სახმარია განსაკუთრებით ჩქარი სროლისათვის. მეტად მნიშვნელოვანია, როდესაც თოფი კარგად მოსდის მსროლელს, ანუ შეეფერება მას ზომებით იმდენად, რომ თოფის მხარზე ჩქარა შეგდების დროს სამიზნე ხაზი სწორედ მიზნისაკენაა მიმართული და არავითარი დამატებითი შესწორებები გამომიზნებისათვის საჭირო აღარ არის.

კონდახის მოხრილობის კუთხის სიდიდე უნდა შეეფერებოდეს მსროლელის კისრის სიგრძეს: რაც უფრო გრძელია კისერი, იმდენად დიდი უნდა იყოს მოხრილობის კუთხე და რამდენად მოკლეა კისერი, იმდენად ეს კუთხე მცირე უნდა იყოს. კონდახის მარჯვნივ განზიდვის სიდიდე უნდა შეეფარდებოდეს მსროლელის მხრების სიფართეს. ფართომხრებიანი მსროლელისათვის საჭიროა დიდი იყოს თოფის კონდახის მარჯვნივ განზიდვა, ხოლო ვიწრომხრებიანი მსროლელისათვის კი პირიქით - ნაკლები. კონდახის ფორმას არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. გვხდება თოფები პირდაპირი, დამბაჩისებური და ნახევრად დამბაჩისებური კონდახებით. მსროლელმა შეიძლება თავისი გემოვნების მიხედვით აირჩიოს კონდახის ფორმა. მართალია ისიც, რომ სწრაფი სროლისათვის ჯერ მარჯვენა და მერე მარცხენა ლულიდან (წყვილად) სწორი კონდახი უფრო მოსახერხებელია, ვიდრე დამბაჩისებური და ნახევრად დაბაჩისებური, რომელზედაც გამოწეული ნაწილი უშლის ხელის მტევანის თავისუფალ დაცურებას საჩვენებელი თითის წინა სასხლეტიდან უკანა სასხლეტზე გადატანის დროს.

თოფის არჩევისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ლულებს. ლულები შესაძლებელია გაბურღული იყოს არასწორად, გამრუდებული შეწყვილების დროს, ჰქონდეს გამობერილობა, ჩაჭყლეტილობა ან სხვა ნაკლი. სანადიროდ, როდესაც სროლა ხდება სხვადასხვა მანძილზე, რკომინდირებულია ისეთი თოფები, რომლებსაც ერთი ლულა ცილიდრისებურად, ხოლო მეორე შევიწროვებულად (ჩოკი) აქვს გაბურღული.

სწრაფი და ზუსტი სროლისათვის არანაკლები მნიშვნელობა აქვს სასხლეტს. თუ ისინი ძლიერ მაგრებია და საგრძნობ დაწოლას მოითხოვენ მოძრაობაში მოსაყვანად, მსროლელი სწრაფი სროლის დროს ხშირად იქნევს ლულებს ქვევით. სასხლეტის დასასხლეტად საჭირო უნდა იყოს დაწოლა არაუმეტეს 1-დან 1,2 კილოგრამამდე, ამასთანავე მარჯვენა სასხლეტი უნდა მოითხოვდეს ნაკლებ, ხოლო მარცხენა- მეტ დაწოლას.