როგორ დაიცვათ საკუთარი გამოგონება და მიიღოთ პატენტი - rogor.ge

როგორ დაიცვათ საკუთარი გამოგონება და მიიღოთ პატენტი

რა არის გამოგონება?

კანონმდებლობა, როგორც წესი, არ იძლევა გამოგონების ფორმალურ განმარტებას.მიუხედავად ამისა, ზოგადი მოსაზრებებიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ გამოგონება არის იმ ტექნიკური პრობლემის ახლებური გადაწყვეტა, რომელიც შეიძლება ეხებოდეს პროდუქტს ან პროდუქტის მიღების ტექნოლოგიას.

რა არის სასარგებლო მოდელი?

სასარგებლო მოდელი არის მცირე გამოგონება, რომელიც წარმოადგენს გაუმჯობესებულ მოწყობილობას, ნივთიერებას ან ხერხს და რომელიც ხასიათდება გამოგონებასთან შედარებით ნაკლები საგამომგონებლო დონით.

რაზე გაიცემა პატენტი/სასარგებლო მოდელის მოწმობა?

პატენტი შეიძლება გაიცეს გამოგონებაზე, რომლის ობიექტს წარმოადგენს:

  • - მოწყობილობა (მანქანა-მექანიზმები, დანადგარები, ხელსაწყოები, ელექტრონული სქემები და ა.შ.);
  • - ნივთიერება (ხსნარები, შენადნობები, ქიმიური ნაერთები და ა.შ.);
  • - ბიოლოგიური მასალა (მიკროორგანიზმების შტამი, მცენარეთა და ცხოველთა ასოციაციები, უჯრედების კულტურები და ა.შ.);
  • - ხერხი (ტექნოლოგიური პროცესები, ილეთები, ოპერაციები და ა.შ.);
  • - ტექნიკის დონიდან ცნობილი პროდუქტის ახალი დანიშნულებით გამოყენება.
  • სასარგებლო მოდელის მოწმობა შეიძლება გაიცეს სასარგებლო მოდელზე, რომლის ობიექტს წარმოადგენს:
  • - მოწყობილობა (მანქანა-მექანიზმები, დანადგარები, ხელსაწყოები, ელექტრონული სქემები და ა.შ.);
  • - ხერხი (ტექნოლოგიური პროცესები, ილეთები, ოპერაციები და ა.შ.);
  • - ტექნიკის დონიდან ცნობილი პროდუქტის ახალი დანიშნულებით გამოყენება.

როგორ გამოგონებას/სასარგებლო მოდელს იცავს პატენტი/მოწმობა?

პატენტი/მოწმობა იცავს ისეთ გამოგონებას/სასარგებლო მოდელს, რომელიც აკმაყოფილებს სამ კრიტერიუმს (პატენტუნარიანობის/დაცვისუნარიანობის კრიტერიუმები). ეს კრიტერიუმებია: სიახლე, საგამომგონებლო დონე და სამრეწველო გამოყენებადობა.

1. სიახლე

გამოგონებას/სასარგებლო მოდელს აქვს სიახლე, თუ ის არ მიეკუთვნება ტექნიკის დონეს. ტექნიკის დონეს განსაზღვრავს ყველა ის მონაცემი, რომლებიც პრიორიტეტის თარიღამდე საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა წერილობით, ზეპირი აღწერით, გამოყენებით ან სხვაგვარად.

2. საგამომგონებლო დონე

გამოგონებას აქვს საგამომგონებლო დონე, თუ ის ტექნიკის შესაბამისი დარგის სპეციალისტისათვის ცხადად არ გამომდინარეობს ტექნიკის დონიდან;

სასარგებლო მოდელს აქვს საგამომგონებლო დონე, თუ ის ტექნიკის შესაბამის დარგში გათვითცნობიერებული პირისთვის ცხადად არ გამომდინარეობს ტექნიკის დონიდან.

3. სამრეწველო გამოყენებადობა

გამოგონებას/სასარგებლო მოდელს აქვს სამრეწველო გამოყენებადობა, თუ შესაძლებელია მისი მრეწველობაში ან სოფლის მეურნეობაში დამზადება ან გამოყენება.

რა არ მიიჩნევა გამოგონებად/სასარგებლო მოდელად და როგორ გამოგონებაზე/ სასარგებლო მოდელზე არ გაიცემა პატენტი/მოწმობა?

გამოგონებად/სასარგებლო მოდელად არ მიიჩნევა შემდეგი ობიექტები:

ა) აღმოჩენა, სამეცნიერო თეორია, მათემატიკური მეთოდი;

ბ) მხატვრული ქმნილება;

გ) ალგორითმები, კომპიუტერული პროგრამა;

დ) აღზრდის, სწავლების მეთოდი და სისტემა, ენის გრამატიკული სისტემა, გონებრივი ოპერაციების შესრულების მეთოდები, თამაშობების, გათამაშების წესები;

ე) საქმიანობის და ორგანიზების მართვის მეთოდი;

ვ) ნაგებობის, შენობის, ტერიტორიის დაგეგმარების პროექტი და სქემა;

ზ) ინფორმაციის წარდგენა.აღნიშნული ობიექტები არ მიიჩნევა გამოგონებად/სასარგებლო მოდელად, როდესაც ეს ობიექტები უშუალოდ არის განაცხადის საგანი.

საპატენტო სამართალი ადგენს ასევე, როგორ გამოგონებაზე/სასარგებლო მოდელზე არ გაიცემა პატენტი/მოწმობა.პატენტი/მოწმობა არ გაიცემა:

ა) გამოგონებაზე/სასარგებლო მოდელზე, რომელიც ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს;

ბ) ადამიანის ან ცხოველის მკურნალობის ქირურგიულ ან თერაპიულ ხერხებზე, აგრეთვე დიაგნოსტიკურ ხერხებზე, რომლებიც გამოიყენება ადამიანის ან ცხოველის სხეულზე. ეს წესი არ ვრცელდება აღნიშნულ ხერხებში გამოყენებულ მოწყობილობებზე, ნივთიერებებსა და ნაერთებზე;

გ) მცენარეთა ან ცხოველთა ჯიშებზე, აგრეთვე მცენარეთა ან ცხოველთა ჯიშების გამოყვანის უპირატესად ბიოლოგიურ ხერხებზე. ეს წესი არ ვრცელდება მიკრობიოლოგიურ ხერხებსა და ამ ხერხებით მიღებულ პროდუქტებზე;მოწმობა არ გაიცემა:

დ) სასარგებლო მოდელზე, რომელიც ეხება მიკროორგანიზმთა შტამებს, მცენარეთა და ცხოველთა უჯრედების კულტურებს, ბიოტექნოლოგიისა და გენური ინჟინერიის ობიექტებს, ქიმიური ხერხით მიღებულ ნივთიერებებს, მათ შორის, ფარმაცევტულ ნივთიერებებს.

რა არის პატენტიდან/სასარგებლო მოდელის მოწმობიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებები?

პატენტი/სასარგებლო მოდელის მოწმობა მის მფლობელს ანიჭებს განსაკუთრებულ უფლებას.განსაკუთრებული უფლების მფლობელს შეუძლია აუკრძალოს სხვა პირებს თავისი ნებართვის გარეშე:ა) პატენტით/სასარგებლო მოდელის მოწმობით დაცული პროდუქტის დამზადება, გაყიდვა, გასაყიდად შეთავაზება, გამოყენება, იმპორტი ან სამოქალაქო ბრუნვაში სხვაგვარად ჩართვა;ბ) პატენტით/სასარგებლო მოდელის მოწმობით დაცული ხერხის გამოყენება ან გასაყიდად შეთავაზება;გ) პატენტით/სასარგებლო მოდელის მოწმობით დაცული ხერხით უშუალოდ მიღებული პროდუქტის გაყიდვა, გასაყიდად შეთავაზება, გამოყენება, იმპორტი ან სამოქალაქო ბრუნვაში სხვაგვარად ჩართვა.

პატენტის/მოწმობის მიღების უფლება აქვს:

- გამომგონებელს – ფიზიკურ პირს, რომლის ინტელექტუალურ-შემოქმედებითი შრომის შედეგად შეიქმნა გამოგონება ან სასარგებლო მოდელი (თუ გამოგონება ან სასარგებლო მოდელი რამდენიმე პირის ერთობლივი შემოქმედებითი საქმიანობის შედეგია, თითოეული მათგანი მიიჩნევა გამოგონებლად), ან მის უფლებამონაცვლეს (ფიზიკურ ან იურიდიულ პირს);

- დამსაქმებელს ან შემკვეთს, თუ გამოგონება ან სასარგებლო მოდელი შექმნილია დასაქმებულის ან შეკვეთის მიმღების მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის ან შეკვეთის შესრულების შედეგად.

საქართველოში პატენტის/მოწმობის მისაღებად საჭიროა, რომ განაცხადი წარდგენილი იქნეს საქპატენტში.განაცხადი პატენტის მიღების თაობაზე/სასარგებლო მოდელის რეგისტრაციის თაობაზე უნდა შეიცავდეს:- დადგენილი ფორმით შედგენილ განცხადებას.- გამოგონების ან სასარგებლო მოდელის აღწერილობას, რომელშიც იმდენად ნათლად უნდა იყოს გადმოცემული გამოგონების/სასარგებლო მოდელის არსი და მისი განხორციელების შესაძლებლობა, რომ შესაძლებელი იყოს გამოგონების/სასარგებლო მოდელის რეალიზება დარგის სპეციალისტის მიერ.- საერთაშორისო დეპოზიტორიუმის მიერ გაცემულ ბიოლოგიური მასალის დეპონირების დამადასტურებელ დოკუმენტს, თუ განაცხადი ეხება ბიოლოგიურ რეპროდუცირებად მასალას.- გამოგონების ან სასარგებლო მოდელის ფორმულას, რომელიც განსაზღვრავს გამოგონების/სასარგებლო მოდელის დაცვის ფარგლებს;- ნახაზებს და სხვა მასალებს, თუ ისინი აუცილებელია გამოგონების ან სასარგებლო მოდელის აღწერილობაში გადმოცემული არსის ასახსნელად;- საინფორმაციო ხასიათის რეფერატს, რომელიც გამოგონების/სასარგებლო მოდელის მოკლე აღწერაა;- თუ განაცხადი წარდგენილია გამომგონებლის უფლებამონაცვლის მიერ, უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელ საბუთს.- განაცხადი უნდა ეხებოდეს ერთ გამოგონებას ან ერთ სასარგებლო მოდელს, ამასთან შეიძლება შეიცავდეს ერთ საგამომგონებლო იდეით გაერთიანებულ გამოგონებათა/სასარგებლო მოდელთა ჯგუფს.- განაცხადი საქპატენტში შეტანილად ჩაითვლება იმ დღიდან, როდესაც წარდგენილია შემდეგი მასალები: განცხადება პატენტის მისაღებად, აღწერილობა. იხილეთ დეტალური ინფორმაცია