როგორი იყო იბერია-კოლხეთი და აქემენდების სამეფო - rogor.ge

როგორი იყო იბერია-კოლხეთი და აქემენდების სამეფო

აქემენიდების დიდმა სახელმწიფომ თავისი გავლენა კავკასიაშიც დაამყარა. სპარსელებმა სხვებზე ადრე ის ქართული თემები დაიმორჩილეს, რომლებიც ახლდანდელი ამიერკავკასიის სამხრეთით მდებარეობდა. მე-5 საუკუნის პირველ ნახევარში სპარსეთის სამეფოს ორი ჩრდილოეთით მდებარე ოლქი, ამ ქართულ და სხვა თემებისგან შედგებოდა. მე-18 ოლქში, რომელიც მდ.არაქსის ხეობასა, მდ.ევფრატისა და ტიგროსის სათავეებსა და ვანის ტბის გარშემო იყო, შედიოდნენ მატიენები, სასპერები და ალაროდიები, როგორც ამას ჰეროდოტე მოგვითხრობს. მე-19 ოლქში კი, რომელიც შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროს ემხრობოდა, შედიოდნენ მესხები, ტიბარენები, მოსინიკები და სხვები. ეს ოლქები სპარსეთის მეფეს მძიმე ხარკს უხდიდნენ.

შემდეგ სპარსელები ამერკავკასიაშიც შემოჭრილან, კოლხებმა და მათმა მეზობლებმა სპარსეთის მეფის სასარგებლოდ ძღვენი იკისრეს, რომ სპარსელების შემოსევებისგან თავი დაეხსნათ. დროგამოშვებით ისინი სპარსეთის მეფეს ტყვეებს უგზავნიდნენ. ხარზე არანაკლებ მძიმე იყო დამორჩილებულთათვის მოვალეობა, რომ მათ მონაწილეობა უნდა მიეღოთ სპარსელების ყველა ლაშქრობაში, თუკი ამას მეფე მოითხოვდა. როცა, მაგალითად, სპარსელები საბერძნეთს შეესივნენ, მათ ჯარშიც ქართველი მებრძოლებიც ბლომად იყვნენ.

georgia-gerard-mercator-tabula-asiae-iii-armenia-georgia-turkey-etc-1688017442._1579.jpg

400 წ. ძველი წელთაღრიცხვით, ბერძენმა სარდალმა და მწერალმა ქსენოფონტემ თავისი თვალით ნახა და დაწვრილებით აღწერა სამხრეთ-ქართული თემების, ხალიბების, მოსინიკების, ტაოხებისა და სხვების, ყოფა-ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ ავბედობის წყალობით, ეს თემები იმ დროს დასუსტებულები იყვნენ, ქსენოფონტე მათ სოფლებში ყველგან დიდ სანოვაგესა და შინაურ საქონელსაც ბლომად პოულობდა. ვაჭრობაც ამ თემებში გავრცელებული ყოფილა და მათ საკუთარი ქალაქებიც ჰქონდათ. ზღვისპირისაგან მოშორებით, მაგალითად, იყო გუმნიაღი, დიდი და მდიდარი ქალაქი. როცა ბერძნებთან კარგი განწყობილება ჰქონდათ, ეს თემები მათ თავიანთ ბაზრებს უხსნიდნენ.

აქაური ჩვეულებრივი საომარი იარაღი ყოფილა: ნაირ-ნაირი შუბები, დაწნული და ხარის ტყავგადაკრული ფარები, სარტყელზე დაკიდებული ხანჯლები და რკინის ცულები. თავს იცავდნენ ხის ან ტყავის მუზარადით, ტანს კი სელის ჯავშანით. ატარებდნენ აგრეთვე ნაბდებს. ზღვისპირელები ლითონის დამუშავებას მისდევდნენ, მაგალითად, ტრაპიზონის სამხრეთით მცხოვრები ხალბების უმრავლესობა თავს მხოლოდ ლითონის დამუშავებით ირჩენდა. მოსინიკები ზღვაოსნობაშიც გაწაფულები ყოფილან.

ქონებრივი უთანასწორობა აქ კაცს თვალში ეცემოდა. მდიდარი მშობლების ბავშვები ძალიან გამოირჩეოდნენ ღარიბებისგან, რადგანაც ისინი თურმე განსაკუთრებულად იზრდებოდნენ და იკვებებოდნენ. ამ თემებს თავისი მთავრები ჰყავდათ. ზოგან მთავრები განსაკუთრებულ კოშკებში ცხოვრობდნენ, მცველებით გარშემორტყმული.

ხალხი გულადი, ამაყი და დამოუკიდებლობის მოყვარული იყო. ქსენოფონტე გაკვირვებით გვიამბობს მათი გმირობისა და თავისუფლების სიყვარულის ამბებს. როცა ქსენოფონტე და მისი ბერძენი მეომრები ტაოხების სოფლებს მიადგნენ, ტაოხებმა მათ სასტიკი წინააღმდეგობა გაუწიეს: მთელი ხალხი, ქალი და კაცი, ციხე-სიმაგრეებში ჩაიკეტა და ისე ებრძოდა ბერძნებს. როცა მტერმა დიდი გაჭირვებით ბოლოს მაინც მოახერხა ტაოხების ციხეების აღება, მას საშინელი სურათი წარმოუდგა თვალწინ: ქალები ჯერ თავის ბავშვებს ისროდნენ კლდეებიდან და შემდეგ თვითონაც ცვიოდნენ უფსკრულში. ასევე იქცეოდნენ მამაკაცებიც. ტაოხებს არ სურდათ ბერძნებს ცოცხლად ხელში ჩავარდნოდნენ, მონობას ისევ სიკვდილი სჯობიაო. ერთი ბერძენი დახარბდა ერთი ტაოხის ლამაზ ტანისამოსს და სცადა ტაოხის დაჭერა, როცა იგი უფსკრულში გადავარდნას აპირებდა. მაგრამ ტაოხმა აჯობა, ბერძენიც თან გადაიყოლა და ორივე დაიღუპნენ.

მოსინიკებშიც ასე მოხდა. როცა ბერძნებმა მოსინიკები დაამარცხეს, ისინი დაემუქრნენ მოსინიკების მთავრებს, გამოდით თქვენი კოშკებიდან, თორემ დაგწვავთო. მთავრებმა დამამცირებელ ტყვეობას ცეცხლში ცოცხლად სიკვდილი არჩიეს, ბერძნებს მორჩილებაზე უარი უთხრეს და დაიღუპნენ.

ქსენოფონტეს მიერ აღწერილი თემები შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე - ტრაპიზონის, კერასუნტისა და კოტიორას რაიონში და ევფრატის ზემო წელზე მდებარეობდა. ამ თემების უმეტესობა ამ დროს სპარსეთის მეფეს უკვე აღარ ემორჩილებოდა, მაგრამ მათ ერთმანეთშიც მჭიდრო ერთობა არ ჰქონიათ.