რატომ გვეკვანძება ფეხის კუნთები და როგორ დავაღწიოთ თავი მისგან გამოწვეულ ტკივილს - rogor.ge

რატომ გვეკვანძება ფეხის კუნთები და როგორ დავაღწიოთ თავი მისგან გამოწვეულ ტკივილს

ფეხის გაკვანძვის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი შეიძლება იყოს სისხლის ბიოქიმიური ან ელექტროლიტური შემადგენლობის დარღვევა. დისბალანსი შეიძლება მოხდეს ორგანიზმში კალციუმის, მაგნიუმის და კალიუმის ნაკლებობის გამო, ასევე D ვიტამინის ნაკლებობის გამო. ყველა ეს ნივთიერება ხელს უწყობს კუნთების აქტივობის რეგულირებას და ნერვული იმპულსების კონტროლს. რატომ ვკარგავთ საჭირო ელემენტებს?

  • რიგი წამლების მიღებამ, როგორიცაა ადსორბენტები და ანტაციდები, რომლებიც გამოიყენება გულძმარვის სამკურნალოდ, შეიძლება ხელი შეუშალოს მაგნიუმის და კალციუმის სრულ შეწოვას. ხოლო დიურეზულ საშუალებებს აქვთ გვერდითი ეფექტი ორგანიზმიდან კალიუმის და მაგნიუმის გამოყოფის სახით.
  • სტრესის დროს ორგანიზმი იწყებს ჰორმონ კორტიზოლის ინტენსიურ გამომუშავებას. მისი ერთ-ერთი გვერდითი მოვლენაა ნაწლავებში კალციუმის შეწოვის გაუარესება და თირკმელებით მისი გაზრდილი ექსკრეცია.
  • მაგნიუმის და კალციუმის ნაკლებობა, როგორც წესი, ორსულობის დროს ხდება, როდესაც დედას ეს სასარგებლო მიკროელემენტები ჩვეულებრივზე ორჯერ მეტი სჭირდება. კრუნჩხვები შეიძლება განვითარდეს ქვედა ღრუ ვენის სინდრომის ფონზე, როდესაც უარესდება ვენური სისხლის მოძრაობა ქვედა კიდურებიდან.
  • ცილის ჭარბი მიღება ასევე კალციუმის დეფიციტის მიზეზია. ფაქტია, რომ ადამიანის ორგანიზმი, უმეტესწილად, ენერგეტიკული მიზნებისთვის ითვისებს გლუკოზას ნახშირწყლებიდან და არა ცხიმებიდან. თუ სისხლში გლუკოზა ცოტაა, მაშინ გამოიყენება ცხიმის რეზერვები. ეს, თავის მხრივ, ხელს უწყობს სისხლში კეტონების გამოჩენას. როდესაც ისინი ჭარბობენ, შეიძლება განვითარდეს კეტოზი, რომლის დროსაც იზრდება თირკმელებში კენჭების გაჩენის რისკი, ვინაიდან დიდი რაოდენობით კალციუმი გამოიყოფა შარდით.
  • ძლიერი ოფლიანობისას ორგანიზმი კარგავს საჭირო კალიუმს, ამიტომ ფეხების კრუნჩხვები საკმაოდ ხშირია ცხელ ამინდში ან მაღალი ინტენსივობის სპორტული ვარჯიშის დროს.
  • D ვიტამინის დეფიციტს განიცდის ჩრდილოეთ რეგიონების თითქმის ყველა მცხოვრები ხანგრძლივი ზამთრისა და მზის ნაკლებობის გამო. თავის მხრივ, D ვიტამინის ნაკლებობა იწვევს კალციუმის ცუდად შეწოვას.

თუ თქვენ გეკვანძებათ ფეხის კუნთი, გაითვალისწინეთ შემდეგი:

  • გაკვანძვის დროს ადექით, ცოტა იარეთ. სჯობს არა ხალიჩაზე, არამედ იატაკზე და სასურველია ფეხები შიშველი გქონდეთ.
  • ნაზი მასაჟი დაგეხმარებათ კვანძის მოხსნაში. ეფექტის გასაძლიერებლად გამოიყენეთ მალამო.
  • თუ სპაზმი გაგრძელდა, სცადეთ დაჭიმოთ კუნთი.
  • სპაზმის გავლის შემდეგ რეკომენდებულია ცოტა ხნით დაწოლა და ფეხების ზემოთ აწევა, რათა უზრუნველყოთ სისხლის გადინება და შეამციროთ სპაზმის განმეორების რისკი.

უპირველესად, ეწვიეთ თერაპევტს, რათა სისხლის ანალიზით დადგინდეს ნორმალურია თუ არა ყველა ძირითადი მაჩვენებელი. მაგრამ კუნთების სპაზმის მკურნალობისა და პრევენციის რამდენიმე გზა ხელმისაწვდომია სახლის პირობებში.

  • სათანადო დიეტა. ფეხების კრუნჩხვის თავიდან აცილება შესაძლებელია კალციუმით, მაგნიუმით, კალიუმით და D ვიტამინით მდიდარი საკვების მიღების გაზრდით. მაგნიუმი ძირითადად გვხვდება მცენარეულ საკვებში: კამა, ოხრახუში, მწვანე ხახვი, მარცვლეული, ხორბლის ქატო, ზღვის მცენარეები, პარკოსნები, ფინიკი, ლეღვი. გარგრის ჩირი, ქლიავი. კალციუმი ბევრია ფერმენტირებულ რძის პროდუქტებში: რძე, ხაჭო, ყველი, ასევე ყველა სახის კომბოსტო და სეზამის მარცვლები. ვიტამინი D გვხვდება თევზის ღვიძლში, განსაკუთრებით ვირთევზაში, ასევე კვერცხის გულში, კარაქსა და რძეში. კალიუმის მიღება შესაძლებელია ბანანისგან, ხორცის, ფრინველის, თევზისა და ავოკადოსგან.
  • ფეხსაცმლის სწორი არჩევანი. ატარეთ ფეხსაცმელი მაღალი ძირით და კარგი ტერფის საყრდენით. უმჯობესია მაღალქუსლიანი ჩაანაცვლოთ დაბალი და კომფორტული ფეხსაცმლით, შედეგად ფეხები ნაკლებად დაგეღლებათ დღის განმავლობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ფეხის კუნთი ნაკლებად გაგეკვანძებათ.
  • ზომიერი ფიზიკური აქტივობა. არ გადატვირთოთ ფეხები. ხშირად კვანძები სწორედ კუნთების დაძაბვის გამო ჩნდება.
  • კონტრასტული აბაზანები ან შხაპი. ამ პროცედურების ჩატარება რეკომენდებულია ყოველ ჯერზე ძილის წინ. სასარგებლოა სამკურნალო ბალახეული აბაზანების მიღება, რაც გააუმჯობესებს სისხლის გადინებას ქვედა კიდურებიდან და ხელს შეუშლის გაკვანძვას.