როგორ მივიღოთ კუთვნილი მემკვიდრეობა?
- გვანცა, ძალიან აქტუალური თემაა. იქნებ განუმარტოთ საზოგადოებას, როგორ ხდება მემკვიდრეებს შორის ქონების გაყოფა?
- მემკვიდრეებს შორის ქონების გაყოფა დამოკიდებულია მემკვიდრეობის მიღების სახეზე. ქართული კანონმდებლობით მემკვიდრეობის ორი სახე გვაქვს - კანონით მემკვიდრეობა და ანდერძით მემკვიდრეობა. კანონით მემკვიდრეობა გულისხმობს იმას, რომ მოქმედი კანონი არეგულირებს, თუ ვის უნდა დარჩეს გარდაცვლილის (მამკვიდრებლის) ქონება და რა ოდენობით. განსხვავებით აღნიშნულისგან, ანდერძით მემკვიდრეობის დროს მამკვიდრებელს ანდერძის შედგენით წინასწარ აქვს განსაზღვრული, ვის და რა ოდენობის ქონება დარჩება. შესაბამისად, ქონების გაყოფა სწორედ ამ საკითხების მხედველობაში მიღებით ხორციელდება.
- ვინ შეიძლება იყოს მემკვიდრე?
- ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ, თუ რომელი სახის მემკვიდრეობასთან გვაქვს საქმე ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. კანონით მემკვიდრეები საქართველოს სამოქალაქო კოდექსით პირდაპირ არიან გათვალისწინებულნი. კერძოდ, გვაქვს კანონით მემკვიდრეობის ხუთი შემთხვევა, რომელიც რიგითობითაა დალაგებული. დასახელებული კანონის თანახმად, სამკვიდრო ქონება შესაძლებელია მიიღონ, პირველ რიგში, გარდაცვლილის შვილებმა (მათ შორის შვილმა, რომელიც მამკვიდრებლის სიკვდილის შემდეგ დაიბადა), მეუღლემ, მშობლებმა და მშვილებლებმა; მეორე რიგის მემკვიდრეებად გვევლინებიან გარდაცვლილის დები და ძმები. ასევე მამკვიდრებლის დისწულები, ძმისწულები და მათი შვილები, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ სამკვიდროს გახსნის დროისთვის ცოცხალი აღარ იყო მათი მშობელი; ამის შემდეგ მესამე რიგის მემკვიდრეები შესაძლოა იყვნენ ბებია და პაპა, ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა; რაც შეეხება ბიძებს, დეიდებსა და მამიდებს, ისინი მეოთხე რიგის მემკვიდრეები არიან; ბიძაშვილები, დეიდაშვილები და მამიდაშვილები - მეხუთე რიგის. განსხვავებით ზემოაღნიშნული შემთხვევისა, ანდერძით მემკვიდრეობის შემთხვევაში, ფიზიკურ პირს შეუძლია, სიკვდილის შემთხვევაში თავისი ქონება ან მისი ნაწილი ანდერძით დაუტოვოს ერთ ან რამდენიმე პირს როგორც მემკვიდრეთა წრიდან, ასევე გარეშე პირებსაც. შესაბამისად, ანდერძით მემკვიდრეობის შემთხვევაში კანონი არ ზღუდავს მემკვიდრეთა ჩამონათვალს. განაგრძეთ კითხვა