რო­გორ მო­ვემ­ზა­დოთ ქართული ენისა და ლიტერატურის გა­მოც­დის­თ­ვის - rogor.ge

რო­გორ მო­ვემ­ზა­დოთ ქართული ენისა და ლიტერატურის გა­მოც­დის­თ­ვის

პირველ დავალებაში — რედაქტირება — მოცემულია ტექსტი, რომელშიც დაშვებულია ორთოგრაფიული, მორფოლოგიური, სინტაქსური და პუნქტუაციური ხასიათის შეცდომები, ასევე, არის სტილისტური ხარვეზი. აბიტურიენტმა უნდა გაასწოროს ეს შეცდომები და ხარვეზი და ტექსტი სწორი სახით გადაწეროს.

ტექსტის გადაწერა აუცილებელია. ზოგჯერ აბიტურიენტები მხოლოდ არასწორ ფორმებს იწერენ და გვერდით გასწორებულ ვარიანტს უწერენ. ეს არ ითვლება შესრულებულ დავალებად იმიტომ, რომ ტექსტში მხოლოდ ორთოგრაფიული ან მორფოლოგიური შეცდომები არ არის, ტექსტი მოსაწესრიგებელია ასევე პუნქტუაციის თვალსაზრისით, გასასწორებელია სტილისტური ხარვეზი, რაც ასე, მხოლოდ ერთი სიტყვის შეცვლით, არ გამოიხატება. ამიტომ, ტექსტის გადაწერა აუცილებელია. როდესაც აბიტურიენტი პასუხების ფურცელში ტესტის გასწორებულ ვარიანტს გადაიტანს, უნდა ეცადოს, თვითონ არ დაუშვას მექანიკური ან რაიმე სხვა სახის შეცდომა და არ შეცვალოს ტესტის შინაარსი. ეს დავალება 16-ქულიანია.

მეორე დავალება — არგუმენტირებული ესე 24-ქულიანია.

აქ მოცემულია გარკვეული თვალსაზრისი რომელიმე მნიშვნელოვანი პრობლემის ირგვლივ და აბიტურიენტმა, ამასთან დაკავშირებით, უნდა ჩამოაყალიბოს მოსაზრება. არის, მაგალითად, ასეთი საკითხი — ტექნოლოგიური საშუალებებით გადატვირთული გარემო ზღუდავს ადამიანის წარმოსახვას, უკარგავს მას ძიებისა და ახლის აღმოჩენის სურვილს; ან ასეთი — დღევანდელი ახალგაზრდები არა მარტო თავიანთ კეთილდღეობაზე ზრუნავენ, არამედ სამყაროს უკეთესით შეცვლისკენ მიისწრაფვიან. აი, ასეთი არგუმენტირებული ესეს თემა არის შემოთავაზებული და აბიტურიენტებმა უნდა გამოთქვან თავიანთი შეხედულებები.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათი მსჯელობა იყოს თანმიმდევრული, ლოგიკური და არგუმენტირებული, სათანადო მაგალითებით გამდიდრებული. ამ არგუმენტაციის დროს, შეუძლიათ, გამოიყენონ რომელიმე მხატვრული ნაწარმოები, ან ნანახი ფილმი, ან ისტორიული ამბავი, ან რომელიმე გამოჩენილი ადამიანის გამონათქვამი (ეს მათზეა დამოკიდებული), მთავარია, რომ ის წამოჭრილ პრობლემას მიესადაგებოდეს და არგუმენტად გამოდგებოდეს. აპლიკანტებმა მიზნისათვის შესაფერისი სტილი უნდა შეარჩიონ, აუცილებლად დაიცვან სალიტერატურო ენის ნორმები და პუნქტუაციის წესები.

მესამე დავალებაა მხატვრული ტექსტის ანალიზი, რომელიც 30-ქულიანია. მოცემულია ორი მხატვრული ტექსტი: ერთი — სასწავლო პროგრამიდან და ერთი — არაპროგრამული ნაწარმოები. ამ ორი ნაწარმოებიდან მხოლოდ ერთი უნდა აარჩიონ და მოცემული მითითებების მიხედვით გააანალიზონ. ამ ორი ნაწარმოებიდან, შეიძლება, ერთი პოეტური იყოს, მეორე — პროზაული, ან ორივე პროზაული იყოს და აბიტურიენტი აარჩევს მისთვის სასურველს და მოცემული სამი მითითების მიხედვით გააანალიზებს ამ ტექსტებს.

მნიშვნელოვანია გაითვალისწინონ, რომ მათი თხზულება არ უნდა იყოს მოცემული ტექსტის შინაარსის გადმოცემა, პერიფრაზი. როგორ კარგადაც არ უნდა იყოს შესრულებული ეს პერიფრაზი, უშეცდომოდაც, მაინც არ დაიწერება ქულა იმიტომ, რომ დავალება მიზნად ისახავს წაკითხული ტექსტის გააზრებას, რაც გულისხმობს მსჯელობას, დასაბუთებას, არგუმენტების წარმოდგენას და არა მოცემული ტექსტის პერიფრაზს.

ეს სამი მითითება, რომელიც მხატვრული ტექსტის ანალიზის დავალებაშია, დაახლოებით, ამ სახისაა — იმსჯელეთ პერსონაჟის მხტვრული სახის შესახებ, იმსჯელეთ ავტორის მთავარი სათქმელის შესახებ, იმსჯელეთ ავტორის სტილისა და ტექსტის მხატვრულ-გამომსახველობითი თავისებურებების შესახებ. ამ ბოლო დავალებას რაც შეეხება, ზოგჯერ აბიტურიენტები პირდაპირ იწერენ შედარებებს, ეპითეტებს, ანუ წერენ, რომ ტექსტში მწერალმა გამოიყენა შედარებები, ეპითეტები, მეტაფორები… ეს, რა თქმა უნდა, არ არის პასუხი მოცემულ მითითებაზე. უნდა მოიყვანონ სათანადო ილუსტრაციები და კიდევ იმსჯელონ იმაზე, თუ რისი ჩვენება სურდა მწერალს ამ მხატვრული საშუალებებით, ანუ ტროპული საშუალებებით, რას გამოხატავს ესა თუ ის ტროპული სახე. ასევე, ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ნაშრომი არ იყოს 120 სიტყვაზე ნაკლები. თუ ასე მოხდება, მაშინ ის ენობრივად აღარ გასწორდება. თქვენ იცით, რომ ნაშრომები სწორდება კრიტერიუმების მიხედვით, რომელთაგან რამდენიმე ნაშრომის ენობრივ მხარეს ეხება და თუ აბიტურიენტის თხზულება იქნება ძალიან მოკლე, მაშინ ეს ნაშრომი, ენობრივი მხარის კრიტერიუმებით, არ გასწორდება. ასე რომ, ეცადეთ, არ შემოიზღუდოთ, მაგრამ ტექსტი არც იმდენად ვრცელი იყოს, რომ პასუხების ფურცელზე არ დაეტიოს. ჩვენი თხოვნაა, რომ აბიტურიენტებმა წინასწარ განსაზღვრონ თავიანთი სათქმელი ისე, რომ მათი ტექსტი გამოყოფილ ადგილას დაეტიოს.

ჩვენ ვისაუბრეთ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე, რაც შეეხება ქართული ლიტერატურის გამოცდას, ის 70-ქულიანია, ანუ მაქსიმალური ქულაა 70 და ორი ნაწილისაგან შედგება — პირველი ამოწმებს იმას, თუ რამდენად კარგად იცის აბიტურიენტმა საპროგრამო მასალა, პროგრამით გათვალისწინებული მხატვრული ტექსტები, რამდენად კარგად აქვს მას გააზრებული ეს ტექსტები, რამდენად კარგად ახსოვს ნაწარმოების სიუჟეტი, ამა თუ იმ ეპიზოდის შინაარსი, რამდენად კარგად შეუძლია განსაზღვროს გმირის ქცევის მოტივაცია ამა თუ იმ ეპიზოდის მიხედვით, შეიძლება ისიც იყოს გასათვალისწინებელი, ესა თუ ის ავტორი რომელი ლიტერატურული მიმდინარეობის წარმომადგენელია და ა.შ.

ეს ნაწილი, ასე ვთქვათ, კითხვების ნაწილია, თითოეული დავალება არის 1-ქულიანი, 2-ქულიანი, 3-ქულიანი და მეტქულიანი. დავალების ნომრის გვერდით, ფრჩხილებში, მიწერილია რამდენქულიანია დავალება, რამდენია მაქსიმალური ქულა, რომელიც შეიძლება ამ დავალების სწორად შესრულებისათვის მიიღოს აბიტურიენტმა. ასე რომ, მას მოეთხოვება, გაიხსენოს ამა თუ იმ ნაწარმოების სიუჟეტი, ცალკეული ეპიზოდი და განსაზღვროს გმირის ქცევის მოტივაცია, ან გმირის ხასიათი, მას უნდა ესმოდეს თითოეული სიტყვის ან ფრაზის მნიშვნელობა, რომელიც მოცემულ ტექსტშია წარმოდგენილი.

ამ კითხვების შემდეგ, არის მხატვრულ ტექსტთა შედარებითი ანალიზი. ეს დავალება 30-ქულიანია. წარმოდგენილია ორი ნაწარმოები, რომელთაგან ერთი შეიძლება ქართველი მწერლის იყოს და მეორე — უცხოელი მწერლის, ან შეიძლება ორივე ქართველი მწერლების ნაწარმოებებიდან იყოს ვრცელი ამონარიდები. აბიტურიენტს ევალება, გააანალიზოს, რა პრობლემაა დასმული ამ ნაწარმოებებში, რა აერთიანებთ მათ ან რა განასხვავებთ, რა არის ავტორის სათქმელი ერთი ნაწარმოების მიხედვით და მეორე ნაწარმოების მიხედვით, როგორია პერსონაჟთა ქცევის მოტივაცია, როგორია მათი ხასიათი და ასევე, რა მხატვრულ საშუალებებს იყენებს ავტორი მიზნის მისაღწევად — აი, ამაზე უნდა იმსჯელოს აბიტურიენტმა და ეს მსჯელობა უნდა იყოს დასაბუთებული, არგუმენტირებული, ნათელი, უნდა მოვერიდოთ ფუჭსიტყვაობას და ვეცადოთ, განვსაზღვროთ ჩვენი სათქმელი ისე, რომ არ იყოს ძალიან ვრცელი, დაეტიოს ამისათვის გამოყოფილ პასუხების ფურცელზე და ამავე დროს, არ იყოს დაუსაბუთებელი. აბიტურიენტს, რა თქმა უნდა, შეიძლება ამ დროს სხვა რომელიმე მხატვრული ნაწარმოები გაახსენდეს და ციტატის მოხმობა დასჭირდეს ან სიუჟეტის გახსენება, მაგრამ მთავარია, ეს ყველაფერი დასმულ პრობლემასთან იყოს დაკავშირებული და არ გადაუხვიოს სათქმელს.

როგორც მოგახსენეთ, წერით დავალებას სამი მითითება ახლავს და ეს მითითებები ისე უნდა შესრულდეს, რომ თხზულება, აზრობრივად, ერთიანი და მთლიანი გამოვიდეს. თვალსაზრისი ნათლად უნდა იყოს ჩამოყალიბებული, მკაფიოდ და დასაბუთებულად, მსჯელობა უნდა იყოს ლოგიკური და გამართული, უნდა დაიცვან სალიტერატურო ენის ნორმები. თუ ტექსტი მხოლოდ წარმოდგენილი ნაწარმოებების პერიფრაზი იქნება, ის არ გასწორდება, რამდენად კარგადაც არ უნდა იყოს შესრულებული, რადგან ეს დავალებაც სწორედ ანალიზს გულისხმობს და არა პერიფრაზის გადმოცემას. მხატვრულ საშუალებებზე მსჯელობისას, უნდა დაიმოწმონ სათანადო მაგალითები, მოიყვანონ სათანადო ნიმუშები და აღნიშნონ ასევე, რისთვის დასჭირდა მწერალს ამა თუ იმ ტროპული საშუალების გამოყენება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ნაწერი უნდა იყოს გარკვეული კალიგრაფიით, არ უნდა იყოს ძნელად გასაგები. ის მონაკვეთი, რომელსაც გამსწორებელი ვერ წაიკითხავს, თხზულების შეფასებისას, მხედველობაში არ იქნება მიღებული.

უნდა მოგახსენოთ, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფმა აბიტურიენტებისთვის მოამზადა ელექტრონული ჟურნალები — როგორ უნდა მოვემზადოთ ეროვნული გამოცდებისათვის. ეს ჟურნალები შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ვებგვერდზე დევს და ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია ნახოს დავალებების ნიმუშები, დაწვრილებით გაეცნოს იმ კრიტერიუმებს, რომლებითაც სწორდება ეს დავალებები და სხვა საინტერესო დეტალებს.

წყარო: akhaliganatleba.ge