როგორ მივიქცეთ უხეშ და უზრდელ ადამიანებთან
შეურაცხყოფა მოქმედებით
ტრანსპორტში ხელი გკრეს, გზა გადაგიჭრეს, თქვენს ცხვირწინ ურიგოდ გაძვრნენ... ამასთან, ხეპრე აუცილებლად გესვრით უტიფარ მზერას, რათა თქვენი უმწეო გამოხედვით სიამოვნება მიიღოს.
უმისამართო უხეშობა
„ეს რა ახალგაზრდობა მოდის! რა ჩაცმულობა, რა სიტყვა-პასუხი!“ - ბუზღუნებს მოხუცი ქალი ავტობუსში. თითქოს არავის მიმართავს, მაგრამ სურვილი გიჩნდებათ, რაც შეიძლება სწრაფად გაეცალოთ მას.
გამიზნული უხეშობა
„გგონიათ, ფულს იმისთვის გიხდით, რომ სამსახურში ჩაი სვათ და მანიკიური იკეთოთ?“ - ყვირის უფროსი, რომელმაც ჩაის სმის დროს შემოგისწროთ. ასეთი ხელმძღვანელი ყველას ჰყოლია - როცა უგუნებოდ არიან, შეურაცხყოფისთვის მიზეზი არ სჭირდებათ.
მათ ეშინოდათ
მაინც რა უბიძგებს ადამიანს აგრესიისკენ? უპირველეს ყოვლისა, შიში. სუსტ ადამიანს გამუდმებით ეშინია, რომ ვინმე აწყენინებს, ის კი საკადრის პასუხს ვერ გასცემს. ის, როგორც წესი, ისე გამოთქვამს პრეტენზიებს, რომ თვალებში არ უყურებს თანამოსაუბრეს და ცდილობს, ზედმეტი არ მოუვიდეს. სისაძაგლეების თქმის უფლებას კი ის აძლევს საკუთარ თავს, ის სარგებლობს თქვენი მორიდებით, ვისაც თქვენზე მაღალი სტატუსი აქვს. ეშინია, რომ ეჭვს შეიტანთ მის კომპეტენტურობაში და აღარ დაემორჩილებით.
ხშირად უხეში ქცევა რეაქციაა სულიერ ტრავმაზე. საკმარისია, აწყენინოთ და ძალზე სათნო ადამიანიც კი გამძვინვარებულ მხეცად იქცევა. მოგვიანებით დაიბრუნებს სულიერ წონასწორობას და დამშვიდდება, ხოლო გარშემო მყოფებს თავს დაესხმება ის, ვისაც მან აწყენინა. შეურაცხყოფა ჯაჭვურ რეაქციასავით ვრცელდება და წყდება მხოლოდ მაშინ, როცა წააწყდება ადამიანს, რომელიც ფსიქოლოგიური თავდაცვის ხერხებს იცნობს.
ქცევის ტაქტიკა
უზრდელობისა და უხეშობის გადაყლაპვა ჯანმრთელობისთვის მავნებელია. თუ თავს ემოციების გამოხატვის უფლებას არ მისცემთ და მოითმენთ, ორგანიზმმა შესაძლოა მძაფრად მოახდინოს რეაგირება (მაგალითად, გასტრიტის შეტევით), თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანს, რომელმაც გაწყენინათ, უხეშად მოგექცათ, ლანძღვა-გინების კორიანტელი უნდა დაატეხოთ თავს.
სხვა გამოსავალიც არსებობს:
1. თავაზიანი სიჩლუნგე
ეს ხერხი უცნობებთან, კოლეგებსა და ხანდაზმულ ნათესავებთან გამოგადგებათ. თუ გაიგონებთ უდიერი კილოთი ნათქვამ ფრაზას: „წამომსხდარან აქ...“ - აუცილებლად დაიჭირეთ ამ სიტყვების ავტორის მზერა და ზრდილობიანად ჰკითხეთ: „რას გულისხმობთ?“ ასეთ დროს ბევრი შეცბება და დაცხრება. თუ თანამოსაუბრე კერკეტი კაკალი აღმოჩნდა და გიპასუხათ: „ვგულისხმობ, რომ აქ დასაჯდომი ადგილი არ არის!“ - ისევ თავაზიანად დააზუსტეთ: „იმის თქმა გსურთ, რომ აქ არ უნდა ვიჯდე?“- და ასე დაუსრულებლად იმეორეთ ოპონენტის სიტყვები. თქვენი მხრივ ნურაფერს დაამატებთ, უბრალოდ, დააზუსტეთ მისივე სიტყვების არსი. დაინახავთ, რომ თანამოსაუბრე დიდხანს ვერ გაუძლებს ასეთ ორთაბრძოლას.
2. მისივე იარაღით
დაეთანხმეთ უზრდელ და უხეშ ადამიანს, რა საწყენიც უნდა იყოს მისი სიტყვები, მერე კი მასვე სთხოვეთ, მოაგვაროს პრობლემა.
დავუშვათ, ძაღლი გაგყავთ სასეირნოდ, თქვენმა მეზობელმა მოხუცმა ქალმა კი მოგაძახათ: „ხალხი შიმშილით იხოცება, ესენი კი ძაღლებს თავს ევლებიან!“ მშვიდად უპასუხეთ: „მართალი ბრძანდებით, ყველაფერი ისე გაძვირდა, მალე ალბათ წყალსა და პურზე გადავალთ“. დიდია ალბათობა, ბუზღუნა მოხუცი ამ თემაზე გადაერთოს. შემდეგ ჰკითხეთ, სად ჯობს სურსათის შეძენა და რით გამოკვებოთ ძაღლი. ორიოდე ასეთი ფრაზაც და ბებო თავისი საყვარელი ადამიანების სიაში ჩაგწერთ.
3. არსის ძიებაში
თუ უფროსი გამუდმებით უხეშად გელაპარაკებათ, სამი გზა გაქვთ:
პირველი - ჩაყლაპოთ უხეშობა და წყენა გარშემო მყოფებზე გადმოანთხიოთ.მეორე - ამაყად შეეპასუხოთ უფროსს და... სამსახური დაკარგოთ.მესამე - მოუსმინოთ და უპასუხოთ: „უკაცრავად, მაგრამ მე მიჭირს მუშაობა, როცა ასე მელაპარაკებიან. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ გამათავისუფლოთ სამსახურიდან, მაგრამ ალბათ აჯობებს, უკეთესი გზა გამოვნახოთ თანამშრომლობისთვის“. ამით არაფერს დაკარგავთ. მეტიც - ადვილი შესაძლებელია, უფროსი თქვენდამი მეტი პატივისცემითა და ნდობით განეწყოს.
მაგრამ ზოგჯერ შეუძლებელია, უზრდელ ადამიანს პასუხი გასცე და თუ მოტოციკლისტმა ტალახი მოგაშხეფათ, ნუ გაბრაზდებით, შეხედეთ ამას, როგორც სახალისო შემთხვევას.