როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი - rogor.ge

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

18-22% წყალი, მარტივი შაქრები, მარილები, ვიტამინები, არომატული და მღებავი ნივთიერებები და სხვა, რომელთა შემცველობაზეც დამოკიდებულია თაფლის ფიზიკური და ქიმიური თვისებები. მისი ქიმიური შემადგენლობა დამოკიდებულია მცენარეების სახეობაზე, კლიმატურ პირობებზე და სხვა. თაფლის შემადგენლობაში შედის 13-20% წყალი, 80%-ზე მეტი ნახშირწყლები (გლუკოზა, ფრუქტოზა, საქაროზა, მალტოზა), მცირე რაოდენობით ცილა, ნაცარი, ორგანული მჟავები, ფერმენტები, ასკორბინის მჟავა და სხვა. თაფლს გააჩნია მრავალმხრივი სამკურნალო, დამაკონსერვებელი, ობის სოკოების საწინააღმდეგო და სხვა თვისებები.

წარმოშობის მიხედვით, თაფლი შეიძლება იყოს მონო, რომელსაც განეკუთვნება აკაციის, ცაცხვის, წაბლის, მზესუმზირისგან მიღებული თაფლი ან პოლიფლორული - მდელოს მრავალნაირი ყვავილისგან ან ტყის თაფლოვანთა ნექტრისაგან მიღებული. ნატურალური თაფლი აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას, ახდენს ბაქტერიოციდულ, ანთების საწინააღმეგო და მატონიზებელ მოქმედებას, აჩქარებს ქსოვილების აღდგენას, აწესრიგებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას, ასტიმულირებს შინაგანი ორგანოებისა და იმუნური სისტემის მუშაობას. თუმცა, ეს არ ეხება ხელოვნურ თაფლს, რომელსაც სამკურნალო თვისებები არ გააჩნია. სამწუხაროდ, თაფლის ფალსიფიკაცია საკმაოდ გავრცელებულია, ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ მისი სწორად შერჩევა.

გამჭვირვალობა: თაფლის ფერი სხვადასხვა შეიძლება იყოს (ყვავილოვანი თაფლი ღია ყვითელი ფერისაა, ცაცხვის _ ქარვისფერი, იონჯისა თითქმის უფერო, წაბლის _ ყავისფერი). მაგრამ, ნამდვილი თაფლი აუცილებლად გამჭვირვალეა, თუკი დაწყებული არ აქვს ჩაშაქრება (თაფლი ჩაშაქრებას აცივებისთანავე იწყებს, ამიტომ ზამთრის თვეებში ნატურალური თაფლიც გაუმჭვირვალე, დაბურული ხდება); თაფლი რომელსაც მინარევები აქვს (შაქარი, სახამებელი ან სხვა) მღვრიეა და თუ კარგად დავაკვირდებით შესაძლებელია ნალექის შემჩნევაც.

არომატი: ნამდვილი თაფლი გამოირჩევა მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი არომატით, რომელიც არ უნდა იყოს ძალიან მძაფრი და არც ძალიან სუსტი. შაქრის შემცველ თაფლს არომატი თითქმის არ აქვს, მისი გემო ახლოა შაქრიანი წყლის გემოსთან.გემო:ნატურალური თაფლი არა მარტო ტკბილია, არამედ მისი სიტკბო ოდნავ წვავს ყელს.

სისქე: თაფლის მცირე რაოდენობის პირში ჩადებისას ის სწრაფად არ დნება და დროის გარკვეულ მონაკვეთში ფორმას ინარჩუნებს; დაიწვეთეთ თაფლი ხელის ზურგზე, თუ წვეთი შეინარჩუნებს ფორმას და არ დაიშლება - თაფლი ნატურალურია;

კონსისტენცია: გასრისეთ თაფლი თითებს შორის. ნატურალური თაფლის კონსისტენცია ნაზია, იგი შეიწოვება კანის მიერ. ფალსიფიცირებული თაფლი უხეში კონსისტენციისაა და კოშტების სახით რჩება თითებს შორის; ნატურალური თაფლი ჩაშაქრებულიც კი ერთგვაროვანია, განშრევებების გარეშე, შაქრის ცალკეული კრისტალები მასში არ იგრძნობა;

წყლის შემცველობა: მომწიფებული ნატურალური თაფლი თითქმის არ შეიცავს წყალს. ამიტომ, თუ მას დააწვეთებთ ქაღალდზე, იგი არ წარმოქმის სველ ლაქას. ფალსიფიცირებული თაფლი კი ქაღალდს ასველებს; შეგიძლიათ ასეც გამოსცადოთ: ჩაუშვით თაფლში პურის პატარა ნაჭერი და გააჩერეთ 10-12 წთ. ამოიღეთ, თუ თაფლი ნატურალურია _ პური გამაგრდება, თუ ფალსიფიცირებულია - დარბილდება.

ამოიღეთ თაფლი კოვზით, თუ იგი ნატურალურია, წარმოქმება გრძელი (10-12 სმ) ”ძაფი”, რომელიც დიდხანს არ წყდება და თუ კოვზს დაატრიალებთ ზედ დაეხვევა. როდესაც თაფლის ძაფი გაწყდება, ზედაპირზე წარმოიქმნება პატარა ბორცვი, რომელიც ნელ-ნელა გასწორდება;

გახსენით ერთი სუფრის კოვზი თაფლი ერთ ჩაის ჭიქა ცხელ წყალში, ნატურალური თაფლი მთლიანად გაიხსნება და არ წარმოქმნის ნალექს, ხსნარი არ აიმღვრევა თუ მას ცოტაოდენ სპირტს დავუმატებთ;

ჩაის სუსტ და თბილ ნაყენს დაუმატეთ ცოტაოდენი თაფლი, თუ იგი ნატურალურია ჩაი გამუქდება, მაგრამ ნალექი არ წარმოიქმნება;

წაუსვით თაფლის თხელი ფენა ფურცელს ისე, რომ კიდეები თავისუფალი დარჩეს. ფურცელს წაუკიდეთ ცეცხლი. თუ ცეცხლი ჩაქრა თაფლი ნატურალურია, თუ მთელი ფურცელი დაიწვა, თაფლი ფალსიფიცირულია;