როგორ ვებრძოლოთ ხეხილის მავნებლებს
ატმის (თამბაქოს) ბუგრი Myzodes persicae Sulz ატმის (თამბაქოს) ბუგრი, გარდა მცენარეების დაზიანებისა, ვირუსულ დაავადებასაც ავრცელებს. საქართველოში იგი სახლობს ატამზე, გარგარზე, ალუბალზე, ბალზე, ლეღვზე, მსხალზე, თამბაქოზე, კარტოფილზე, ჭარხალზე და სხვა. რომლებსაც თითქმის ყველა მწვანე ორგანოს უზიანებს. ატმის საფოთლე კვირტების გაშლისთანავე გამოზამთრებული კვერცხებიდან იწყება მატლების გამოჩეკვა, რომლებიც ამ კულტურის ფოთლებით და ყლორტებით იკვებებიან და 3-4 უფრთო პართენოგენურ თაობას იძლევიან. ივნისის ბოლოს ან ივლისის დასაწყისში ბუგრის კოლონიებში ჩნდებიან ფრთიანი ფორმები, რომლებიც სხვა ხეხილოვან და ბალახოვან მცენარეებზე გადადიან, იქ შემოდგომამდე რჩებიან და მრავლდებიან. ჰაერის ტენიანობას და მკვებავი მცენარის ფოთლის მდებარეობას არსებითი მნიშვნელობა აქვს ბუგრის ცხოვრებაში, რითაც უნდა აიხსნას ის გარემოება, რომ ატმის ბუგრი მიგრირებს კურკოვანი კულტურებიდან ბალახოვნებზე, ბოსტნეულ და ტექნიკურ კულტურებზე, რომლებიც ამ დრიოსათვის მისი კვებისა და გამრავლებისათვის უფრო ხელსაყრელია. ბრძოლის ღონისძიებები - ბუგრების გამოჩენისთანავე საუკეთესო შედეგს იძლევა ქიმიური მეთოდების გამოყენება. კარგია ნექტარის მომცემი მცენარეების თესვა ნაკვეთის ირგვლივ, რათა მოვიზიდოთ სასარგებლო მწერები: ჭიამაიები, ოქროთვალურები, მტაცებელი ბუზები, პარაზიტები და სხვა.
მსხლის ჩვეულებრივი ფსილა Psylla pyri L მოზამთრე ინდივიდების ფერი მუქი-მურაა, შუა ზურგის ზოლი მონაცრისფრო ბრინჯაოსფერია. ფსილის წინა ფრთები გამჭირვალეა, აქვს შავი ძარღვები. ზაფხულის თაობის ფსილები უფრო ღია ფერისაა. მათი მკერდი ნარინჯისფერ-ყვითელია, ხოლო მუცელი - მომწვანო ყვითელი. ფსილას სხეული წაგრძელებულია, მოიისფერო ან მომწვანო ლურჯი მუცლით, ასეთივე ფერისაა ზურგის გასწვრივი ზოლი. კვერცხი მოგრძოა, მოკლე წანაზარდით, რძისებრ-თეთრი ან ღია-ყვითელი ფერისაა. ფსილა როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ ზიანს იწვევს. დაზიანების შედეგად ყლორტები არ იზრდება, ნაყოფი არ სრულდება და მურა ლაქებით იფარება, რის გამოც იგი შეუხედავია. მსხლის ფსილას მთავარი მკვებავი მცენარეებია მსხალი (კულტურული და ტყის) და იშვიათად ვაშლი. იმავე ქერქის ქვეშ, მის ნაპირებში, ჩამოცვენილ ფოთლებქვეშ და სხვა თავშესაფრებში იზამთრებს. მარტის დამლევს ან აპრილში გამოზამთრებული ფსილები დამატებითი კვების შემდეგ კვერცხის დებას ყლორტებზე და კვირტის ფუძესთან იწყებენ. მატლები მცენარის წვენს კოკრებიდან, ახალგაზრდა ფოთლებიდან, მწვანე ყლორტებიდან, ყვავილის და ნაყოფის ყუნწიდან წუწნიან. მსხლის ფსილას გამოჩეკიდან ზრდის დასრულებამდე 30-40 დღე სჭირდება. აღსანიშნავია, რომ ჭარბი ტენიანობა ამა თუ იმ ხარისხით ამუხრუჭებს მსხლის ფსილას განვითარებასა და გამრავლებას, რაც დასავლეთ საქართველოსთან შედარებით, აღმოსავლეთ საქართველოში მისი ინტენსიური გამრავლებით დასტურდება. ბრძოლის ღონისძიებები - მსხლის ფსილას წინააღმდეგ უნდა ჩატარდეს შემდეგი სამუშაოები: გვიან შემოდგომაზე შტამბისა და ტოტების გაფხეკა-გასუფთავება გამხმარი ქერქისაგან შემდგომი დაწვით, ხოლო ყინვების დაწყებისთანავე - ჩამოცვენილი ფოთლების შეგროვება და დაწვა.