როგორ გავიუმჯობესოთ მეტყველება - rogor.ge

როგორ გავიუმჯობესოთ მეტყველება

 

ზოგადი რჩევები: ეცადეთ თავიდან აირიდოთ ჟარგონების, სლენგების და ბარბარიზმების გამოყენება (არ ეხება საერთაშორისო სიტყვებს, რომლის შესატყვისი ქართულ ენაში არ არსებობს). ეცადეთ ისაუბროთ გრამატიკული წესების დაცვით გამართულად, სწორი ინტონაციით, რადგან ნამდვილი, სალიტერატურო ქართული, ძალიან ლამაზად ჟღერს. იკითხეთ რაც შეიძლება მეტი, რადგან ეს უკანასკნელი გაგიადვილებთ ნებისმიერ თემაზე საუბარს, რაც უფრო მეტი იცით იმაზე რაზეც საუბრობთ, მით უფრო ნაკლებ პაუზებს და არასასიამოვნო შორისდებულებს წარმოთქვამთ.

 

ყველაზე მარტივი მეთოდია წაიკითხოთ ყოველდღიურად რამე სახის ნაშრომი (ლიტერატურა, ახალი ამბები, სტატია) ხმამაღლა. ამ გზით თქვენ აიმაღლებთ ერუდიციას და გაიუმჯობესებთ მეტყველებას. ეცადე გამოკვეთილად და გამოთქმით წაიკითხოთ.

 

იმისთვის, რომ გახდეთ უფრო მაღალი დონის ორატორი აუცილებელია სალაპარაკო აპარატის (პირის ღრუს) ვარჯიშების შესრულება, რომელებიც ძალიან მარტივი შესასრულებელია: ვარჯიში 1: ნაბიჯი1 – დამუწეთ ტუჩები და რაც შეიძლება წინ გაწიეთ. ნაბიჯი 2 – გაიღიმეთ რაც შეიძლება ფართედ. გაიმეორეთ ეს ორი ნაბიჯი რამდენჯერმე.

 

ვარჯიში 2: დამუწეთ ტუჩები და შეასრულეთ წრიული მოძრაობა ჯერ საათის ხოლო შემდეგ საათის საწინააღმდეგო მიმართულებით. გაიმეორეთ რამდენჯერმე. ეს ორი ვარჯიში უფრო მოქნილს გახდის თქვენს ტუჩებს და გაგიადვილებთ მათ „გამოყენებას“.

 

ვარჯიში 3: სწრაფად შეახეთ ენა ლოყას შიგნიდან (ანუ განახორციელეთ ერთგვარი წერტილოვანი დარტყმები სხვადასხვა ადგილას). ეს ვარჯიში მიმართულია ენის კუნთის განვითარებისკენ.

 

დაღეჭეთ საღეჭი რეზინა! გაგიკვირდებათ და საღეჭი რეზინა ერთგვარი „ტრენაჟორია“ სალაპარაკო აპარატისთვის. გაგიძლიერებთ ყბის კუნთებს და მათი რეაგირების სისწრაფეს გაგიუმჯობესებთ, რის შედეგადაც უფრო მარტივად და მოქნილად შეძლებთ საუბარს.

 

ანტიკურ საბერძნეთში მოღვაწეობდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ორატორი დემოსფენე, რომელსაც ბავშვობაში ძალიან ბევრი დასცინოდა მისი ფიზიკური ნაკლოვანებების გამო. ის ყოველ დილით გადიოდა ზღვის სანაპიროზე, ივსებდა პირს პატარა კენჭებით და კითხულობდა იმ დროისთვის ცნობილ ნაწარმოებებს ხმამაღლა. ეს მეთოდი დღეს ძალიან გავრცელებულია მსახიობებს შორის. ეფექტის მიღება შეიძლება უმოკლეს ვადებში. ამ მეთოდით მეტყველების გაუმჯობესებისთვის არ არის აუცილებელი კენჭებით ამოვივსოთ პირი. უბრალოდ აიღეთ ორი სფეროს ფორმის და თქვენთვის მოსახერხებელი ზომის ნივთი (გირჩევდით კაკალს, თხილს). მოითავსეთ „ბურთულები“ კბილებს და ლოყებს შორის ორივე მხარეს და წაიკითხეთ ხმამაღლა დღეში 2–3 წუთი. თქენ ერთი კვირის შემდეგ შეამჩნევთ, რომ თქვენი დიქცია განვითარდა.

 

ენის გასატეხები გამოიყენება კონკრეტული პრობლემების გამოსასწორებლად. ამგვარი პრობლემები უკავშირდება გარკვეულ ბგერებს და ასოებს. ქვემოთ მოყვანილია რამოდენიმე ენის გასატეხი კონკრეტული ბგერებისთვის: „ლ/რ“ – „ლარი რარი, ლარი რარი“ „ერთსა კაცსა ბლისკინელსა ბლის კალათით ბლის ხიდზედა ბალი გააქვს და გამოაქვს“ „ცლაყენ ცლოყენი გამოცლაყენ ცლოყებულა საცლოყან ცლოყანეში ჩაცლოყან ცლოყანებული.“ „თეთრი თრითინა თეთრ თრთვილზე თრთოდა“ „ს/შ“ – „საშა შეშას ჩეხს“ „სუსტი სიო სისინითა, სუსტ სოსანას სწვდა, სუსტად სერად სასოებამ, საოცნებო რამ.“ „შემოდგომის შავი შაშვი შინდის შტოზე შემოხტა და შანსიანად შმოსძახა შეიძლება შარშანდელი შეცდომების შესწორება“ „ბ/ფ/პ“ – „ბდგი, ფთქი, პტკი, ბდგი, ფთქი, პტკი, ბდგე, ფთქე, პტკე, ბდგო, ფთქო, პტკო, ბდგუ, ფთქუ, პტკუ,“