როგორ გავიგოთ მეტი იუდაიზმზე (მიმდინარეობები) - rogor.ge

როგორ გავიგოთ მეტი იუდაიზმზე (მიმდინარეობები)

 

დღესდღეობით იუდაიზმის ძირითადი მიმდინარეობებია: ორთოდოქსული - მიმდინარეობა თავის თავს თვლის იუდაიზმის არსის (როგორც რელიგიური, ისე საზოგადოებრივი თუ საოჯახო ყოფის მასაზრდოებელი იდეის) ერთადერთ მატარებლად. იგი ყალიბდებოდა შუა საუკუნეთა და ახალი დროის მიჯნაზე და საბოლოო სახე XIX ს-ის პირველ ნახევარში მიიღო. ორთოდოქსული მიმდინარეობა დაუპირისპირდა რეფორმატორულ მოძრაობას, როგორც შეურიგებელი მოწინააღმდეგე სეკულარიზაციისა და ემანსიპაციისა ებრაელობის ცხოვრებაში. ეს მიმდინარეობა "საეროთაგან" (ხილონიმ) განსხვავებით თავის თავს ასე მოიხსენიებს: "ღვთის მოსავნი" (ადუკიმ) და "რელიგიურნი" (დათიმ). ის ეწინააღმდეგებოდა ებრაელთათვის სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური უფლებების გაფართოებას და, აქედან გამომდინარე, საერთოდ, არა მხოლოდ ევროპულ, არამედ ებრაულ განმანათლებლობას (ჰასქალა), რაც მათი აზრით შეუთავსებელია ებრაელობის, როგორც ღვთის რჩეული ხალხის, თავად არსებობასთან. მათი აზრით, გეტოს გაუქმება გამოიწვევდა ებრაელთა სწრაფ ასიმილაციას და, საბოლოოდ, დაემუქრებოდა იუდაიზმს, როგორც მოძღვრებასა და ცხოვრების წესს. ამიტომაც მათი მესვეურნი იქამდეც მიდიოდნენ, რომ ადგილობრივი სახელმწიფო ენის შესწავლასა და გამოყენებაზეც კი უარს ამბობდნენ.

 

კონსერვატორული - იუდაიზმი წარმოიშვა ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში XIX საუკუნის მეორე ნახევარში. კონსერვატორები არ იყვნენ წინააღმდეგნი, რომ ებრაელობა ზიარებოდა დასავლურ სეკულარულ კულტურას და ჩართულიყო მის საზოგადოებრივ ცხოვრებაში, თუმცა გააზრებული ჰქონდათ, რომ ეს აუცილებლად გამოიწვევდა ცვლილებებს ებრაელობის რელიგიურ ყოფაში. იმ ისტორიულ ჭეშმარიტებასაც ხედავდნენ, რომ ისრაელის ცხოვრებაში ყოველთვის იყო პერიოდები, როცა აუცილებელი ხდებოდა რელიგიური კანონების მისადაგება შექმნილ სასიცოცხლო გარემოსთან.

 

რეფორმისტული - იდეების ცალკეული გამოვლინებები ახალ დროს ეკუთვნის. გააზრებული იქნა, რომ ებრაულ რელიგიაში ბევრი რამ არის ადამიანური წარმოშობის, რომ ადამიანებმა თავიანთი ნებით ბევრი დამატება შეიტანეს ღვთის გამოცხადებაში. ამიტომ აუცილებელია რწმენა-წარმოდგენებისა და რიტუალის მისადაგება დროების სულთან, ებრაელობის, როგორც სახელმწიფოს მოქალაქეთა სტატუსის შეცვლა. პირველი ნაბიჯი რეფორმისკენ ამსტერდამში გადაიდგა, სადაც განხორციელდა ლიტურგიის რეფორმა: ამოღებული იქნა ყავლგასული ლოცვები და შემოღებული იქნა ქადაგება ჰოლანდიურ ენაზე. მაგრამ რეფორმიზმის ცენტრი მაინც გერმანია შეიქნა. ჯერ კიდევ მოშე მენდელსონი (1729-1786) აუცილებლად მიიჩნევდა ებრაელთაგან გერმანული ენის შესწავლასა და გერმანულ საზოგადოებასთან ებრაელობის ინტეგრაციას. რეფორმისტებს შორის არიან ჯგუფები, რომლებიც, მიუხედავად ორთოდოქსთა სასტიკი წინააღმდეგობისა, მხარს უჭერენ ქალთა ემანსიპაციას თვით იქამდე, რომ მოითხოვენ მამაკაცთა და ქალთა სრულ თანასწორუფლებიანობას რელიგიურ ცხოვრებაში, კერძოდ, სარწმუნოებასთან რაიმე შეუსაბამოს ვერ ხედავენ ქალის რაბინობაში.

 

ხასიდიზმი - XVIII საუკუნის მეორე ნახევარში აღმოსავლეთ ევროპაში წარმოშობილმა თავისებურმა მისტიკურმა რეფორმისტულმა მოძრაობამ ხასიდობამ (ებრ. ხასიდუთ) ისრაელში გადაინაცვლა და დღესდღეობით ეზოთერული სახით განაგრძობს არსებობას. თავდაპირველად იგი მდაბიო, წერა-კითხვის სრულიად უცოდინარი ხალხის რეაქცია იყო თალმუდის წიგნური რელიგიისა და სიბრძნისადმი. მისი დამაარსებელი ისრაელ ბენ ელიეზერი (1700-1760) თუმცა არ უარყოფდა თალმუდს, ებრაული კულტურის ათასწლოვან ტრადიციებსა და რიტუალებს, მაგრამ ის ამბობდა, რომ შესაძლებელია მათ გარეშეც აღმოვაჩინოთ ჩვენს თავში ღვთის ნაპერწკალი, რომელიც მეტ-ნაკლებად ყველა ადამიანში მოიძევება. ხასიდობამ ადამიანის პიროვნების განუმეორებლობას დასდო ფასი. თითოეული ადამიანის უნიკალობა და სიღრმე აღმოაჩინა ხასიდურმა მისტიკამ უბრალო ხალხში. თუ თალმუდი, როგორც კედელი, იცავდა იუდევლობის თავისთავადობასა და განსაკუთრებულობას, რომ იგი ხალხებში არ გათქვეფილიყო, ხასიდობას უნდა დაეცვა თითოეული პიროვნების თავისთავადობა და უნიკალობა.

 

ნეტურეი კართა - ხასიდობის განაყოფია ულტრაორთოდოქსული თემი ნეტურეი კართა, ანუ «ქალაქის მცველნი», როგორც იწოდებიან თალმუდში თორის სრულყოფილად მცოდნენი და მისი მცნებების განუხრელი დამცველნი. მათ სხვაგვარად დათიმებს (დათიმ) უწოდებენ, რაც «რელიგიურებს» ნიშნავს. მცირერიცხოვნობის მიუხედავად (მათი რაოდენობა რამდენიმე ათეულ ოჯახს ითვლის), ისინი გამორჩეულნი არიან იუდაიზმში, როგორც რელიგიური ექსტრემისტები. ცხოვრობენ უპირატესად იერუსალიმში და ხასიდების მიერ დაარსებულ ქალაქ, ბნეი-ბრაკში. ნეტურეი კართას ღვთის მგმობელ ქმედებად მიაჩნია ისრაელის საერო სახელმწიფოს შექმნა და არ ცნობს მას, როგორც ჰალახას პრინციპების უარისმყოფელს. მათი რწმენით, ამგვარი სახელმწიფოს არსებობა აშორებს ქვეყანას და ხალხს მესიის მოსვლის ჟამისგან. ბევრი მათგანი არ აღიარებს არა მხოლოდ ისრაელის სახელმწიფოს, არამედ უზენაესი რაბინატის სასამართლოს იურისდიქციას, უარს ამბობს სახელმწიფოსგან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის მიღებაზე, რამდენადაც ღვთის გმობად მიაჩნიათ მისი მოქალაქეობა. ნეტურეი კართა იქამდეც კი მიდის, რომ აშკარად უჭერს მხარს პალესტინის განმათავისუფლებელ ორგანიზაციას, უფრო მეტიც: ისრაელის დამოუკიდებლობის დღე (14 მაისი) მათგან გლოვის დღედ არის გამოცხადებული; ამ დღეს ისინი დემონსტრაციულად წვავენ ისრაელის სახელმწიფოს დროშას და შეურაცხყოფენ მის სიმბოლოებს. ყოველგვარი სეკულარიზაციის მოწინააღმდეგენი, ისინი, კერძოდ, პროფანაციად მიიჩნევენ ებრაული ენის გამოყენებას ყოველდღიურ სასაუბრო ენად.