როგორ და როდის დავიწყოთ საკუთარი ბიზნესი - rogor.ge

როგორ და როდის დავიწყოთ საკუთარი ბიზნესი

 

ბიზნესის დაწყების დროის განსაზღვრისას გაითვალისწინეთ, რომ ბიზნესსაც, ისე როგორც ადამიანს, აქვს თავისი ცხოვრებისეული ციკლი და კარგი იქნება თქვენი ცხოვრების ციკლი რამდენადმე ემთხვეოდეს თქვენი ბიზნესის ციკლს. კერძოდ, მხედველობაში გვაქვს ის, რომ ბიზნესი გაივლის შემდეგ სტადიებს: დაბადება – ბავშვობა – ყრმობა – ორგანიზაციის სიმწიფე – დაბერება – განახლება. განვიხილოთ ცალ-ცალკე.

 

ბიზნესის დაბადება მოიცავს: ბიზნეს-იდეის დაბადებას; ორგანიზაციულ-სამართლებრივი საფუძვლების შექმნას; საქონლისა და მომსახურების ახალი მყიდველის გამოჩენას და მისი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას; თავისუფალი საბაზრო ნიშის დაკავებას; ისეთი თვისებების ჩამოყალიბებას, როგორიცაა წარმატების რწმენა, რისკისადმი მზადყოფნა და მაღალი შრომისუნარიანობა; თანამშრომელთა მცირე რაოდენობას, რომელთაც ახასიათებთ გაბედული, ფხიანი მოქმედება დევიზით: «მაღალი შედეგები, ნაკლები დანახარჯებით».

 

ბავშვობა ემთხვევა ბიზნესში მმართველობითი გამოცდილების დაგროვებას, მმართველობითი გამოცდილების დაბალი დონისა და არაკომპეტენტურობის შეუსაბამობას ბიზნესის ზრდის პოტენციალთან. პრაქტიკით დადასტურებულია, რომ მცირე ბიზნესის 90% ამ დროს კრახს განიცდის. უნდა ეცადოთ, წარმატებას მიაღწიოთ მოკლევადიან პერსპექტივაში და შექმნათ მომავალი სწრაფი ზრდის საფუძვლები.

 

ყრმობა ის პერიოდია, როდესაც ხორციელდება კომპლექსური მენეჯმენტი თანამოაზრეთა მცირე გუნდით და როდესაც ხდება დაგეგმვის, ფინანსირების პროგნოზირების მარტივი ფორმების გამოყენებით დიფერენცირებულ მენეჯმენტზე გადასვლა. ინტუიციაზე დამყარებულ რისკს ცვლის სპეციალისტების გაანგარიშება. ამ პერიოდის დამახასიათებელ სპეციფიკურ თავისებურებას წარმოადგენს უკმაყოფილების გაჩენა თანამოაზრეთა გუნდში იმის გამო, რომ ვიწრო, სპეციფიკური ცოდნის მქონე ძველი კოლექტივის გვერდით მოდის ახალი კადრები. ამ უთანხმოების დასაძლევად სასურველია ბიზნესის დამფუძნებელმა თავის თავზე აიღოს მისი უშუალო მართვა.

 

სიმწიფის პერიოდი უშუალოდ უკავშირდება ბიზნესის ახალ სფეროში გასვლას, გაფართოებას, გადაიარაღებას და სხვა. გაითვალისწინეთ, ამ პერიოდს, არც თუ იშვიათად, ახასიათებს წინსვლისაგან გამოწვეული თვითკმაყოფილება. ფრთხილად! მიღწეულმა წარმატებებმა თავბრუ არ დაგახვიოთ.

 

დაბერების სტადიას ახასიათებს ბიზნესის მართვის სფეროში ბიუროკრატიული ელემენტების გაჩენა, სიახლეების დანერგვისადმი ნაკლები ინტერესი, ნაკლები აქტიურობა. ბიზნესის მფლობელმა მალე უნდა შენიშნოს ასეთი მოვლენები და დაიწყოს გადარჩენისათვის ბრძოლა.

 

განახლება ხდება მენეჯერების ახალი გუნდის მოწვევით. ისინი იმის საფუძველს ქმნიან, რომ მათი სპეციფიკური ცოდნითა და გამოცდილებით დამუშავდეს და განხორციელდეს შინაგანი გადაჯგუფების პროგრამები.