როგორ გავიგოთ ვართ თუ არა ორსულად - rogor.ge

როგორ გავიგოთ ვართ თუ არა ორსულად

ორსულობის პირველი ნიშნები მენსტრუალური ციკლის შეკავება ორსულობის ყველაზე გავრცელებული ნიშანია. გავრცელებული, მაგრამ არა უტყუარი, ვინაიდან მისი მიზეზი შესაძლოა ორგანიზმში მომხდარი ჰორმონული ცვლილებები ან რომელიმე დაავადება იყოს. ამჟამად ორსულობის დასადგენი არაერთი ზუსტი საშუალება არსებობს, თუმცა ამ მეთოდებით ორსულობის განსაზღვრა მხოლოდ მენსტრუაციის შეკავების შემდეგ არის შესაძლებელი. მათ რიცხვს ეკუთვნის ექოსკოპიური კვლევა.

ორსულობის ადრეულ ვადაზე დასადგენად მნიშვნელოვანია ბაზალური ტემპერატურის განსაზღვრაც, რასაკვირველია, თუ სწორად ჩატარდა და მოხდა შედეგის მართებული ინტერპრეტაცია. ბაზალური ტემპერატურის გაზომვა სწორ ნაწლავში უნდა მოხდეს. ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, შესაძლებელია ტემპერატურის პირის ღრუსა და საშოში განსაზღვრაც, მაგრამ პირველი მეთოდი უფრო საიმედოა. ამასთანავე, უმჯობესია, გაზომვა მოხდეს ჩვეულებრივი და არა ელექტრონული თერმომეტრით. თუ ქალი ბაზალური ტემპერატურის მეშვეობით შეეცდება ორსულობის განსაზღვრას, მაშინ შემდეგი წესები უნდა დაიცვას: 1. ბაზალური ტემპერატურა იზომება დღეში ერთხელ, დილით, საწოლიდან ადგომამდე; 2. გაითვალისწინეთ, რომ გაზომვამდე ზედიზედ 3 საათი მაინც უნდა გეძინოთ. ანუ თუ 6 საათზე გაგეღვიძათ, ერთი წუთით ადექით, მერე კი ისევ დაწექით და დაიძინეთ, ტემპერატურა 9 საათზე ადრე არ უნდა გაიზომოთ. 3. ადგომა, რომ არ დაგჭირდეთ, ძილის წინ თერმომეტრი დაფერთხეთ და საწოლთან დაიდეთ.

ორსულობის ერთ-ერთი პირველი ნიშანია მკერდის მგრძნობიარობა, მტკივნეულობა (აღენიშნება ქალების 28%ს), თუმცა ზოგიერთ ქალს ასეთი შეგრძნება ყოველი მენსტრუაციის წინ აქვს, სარძევე ჯირკვლების მგრძნობელობის მატებისა და მტკივნეულობის მიზეზი ხშირად არის მასტოპათიაც. მაგრამ ორსულობისას მკერდის ტკივილი შესაძლოა უჩვეულოდ ძლიერი იყოს. ორგანიზმი დაორსულებისთანავე იწყებს ლაქტაციისთვის მზადებას, რაზეც მკერდი ტკივილითა და მგრძნობელობის მატებით პასუხობს. ხშირად ამ უსიამოვნო შეგრძნებას ემატება დვრილებიდან გამონადენი - ხსენი. თუ ქალი ორსულად არის, ტკივილი და გამონადენი შესაძლოა მის მდგომარეობას მივაწეროთ, თუ არა - მამოლოგთან ვიზიტი აუცილებელია. მკერდის გადიდება (აღენიშნება ქალების 8%-ს). ეს უმეტესად მოგვიანებით ხდება, მაგრამ ზოგიერთი ქალი ამ ნიშანს ორსულობის პირველივე კვირებიდან ამჩნევს.

მომატებული მგრძნობიარობა სუნების მიმართ (აღენიშნება ქალების 11%-ს). დილაობით გულისრევის შეგრძნება (აღენიშნება ქალების 5%-ს). ადრეული ტოქსიკოზი ორსულობის დაახლოებით მე-7 კვირიდან იწყება (იშვიათად - უფრო ადრეც) და მე-12-მდე გრძელდება. არის შემთხვევები, როდესაც ქალები მოწამვლას ან ნაწლავურ ინფექციას ტოქსიკოზად მიიჩნევენ. არცთუ იშვიათია ფსიქოლოგიური ტოქსიკოზიც: ქალი ამჩნევს არარსებული ორსულობის ნიშნებს. ასეთი რამ ხშირად ემართებათ იმ ქალებს, რომლებიც დიდხანს ვერ ახერხებენ დაორსულებას, ასევე მათ, რომელთაც ორსულობა აშინებთ. უჩვეულო შეგრძნებები და ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილსა და წელის არეში (აღენიშნება ქალების 5%-ს). ზოგიერთი ქალი ორსულობის მცირე ვადაზე მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილს უჩივის, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ტკივილის მიზეზი ხშირად ძლიერი ფიზიკური დატვირთვა, ცისტიტის გართულება ან პიელონეფრიტია. წელისა და მუცლის ქვედა არის ტკივილი შესაძლოა იყოს არა მარტო ორსულობის, არამედ მისი მოსალოდნელი შეწყვეტის მაუწყებელიც. თუ ამ დროს ქალს ორსულობაზე აქვს ეჭვი, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს გინეკოლოგს. მადისა და გემოვნების ცვლილებები (აღენიშნება ქალების 5%-ს). მომავალ დედებს ორსულობის პირველ კვირებში მადა ემატებათ ან, პირიქით, უმადობას უჩივიან. ხშირად ქალი რადიკალურად ცვლის თავის მენიუს და ზიზღი ეუფლება ჩვეული პროდუქტების მიმართ.

განწყობის ცვალებადობა (აღენიშნება ქალების 4%-ს). ზოგ შემთხვევაში ეს პირველი სუბიექტური შეგრძნებაა. წონის ცვლილება. წესისამებრ, მომავალი დედა წონას მე-2-3 თვიდან იმატებს, ხოლო პირველ კვირებში უმეტესად კარგავს. გახშირებული შარდვა. თუ ქალს მენსტრუაცია 1-2 კვირით გადაუცდა და შარდვა გაუხშირდა, ცისტიტის გამორიცხვის შემთხვევაში ეს შეიძლება ორსულობის ერთ-ერთ ადრეულ ნიშნად ჩაითვალოს. ორსულის საშვილოსნო დღიდან დღემდე იზრდება და აწვება შარდის ბუშტს, რის შედეგადაც ქალს ხშირ-ხშირად უხდება მოშარდვა. გარდა ამისა, იცვლება ჰორმონული ფონიც, რაც ასევე მოშარდვის ხშირ სურვილს იწვევს.

ორსულობის სავარაუდო ნიშნებია: ცვლილებები სასქესო ორგანოებში - საშვილოსნოსა და საშოში. გინეკოლოგს საშოს გამოკვლევით ორსულობის უკვე მე-5 კვირას (მენსტრუაციის 1 კვირით გადაცდენის შემდეგ) შეუძლია შეამჩნიოს საშვილოსნოს ზრდა და ფორმის შეცვლა. საშვილოსნოს ყელი იღებს მოლურჯო ელფერს, საშვილოსნო მსხვილდება და რბილდება, სანაყოფე კვერცხის ჩანერგვის გამო ასიმეტრიული ხდება.

ორსულობის უტყუარი ნიშნებია: -ექოსკოპიური კვლევით ემბრიონის აღმოჩენა, რაც შესაძლებელია მენსტრუაციის 1-2 კვირით გადაცდენის შემდეგ. ექოსკოპიურად ადგენენ ასევე ჩანასახის ლოკალიზაციას: ასიდან 1 შემთხვევაში იგი საშვილოსნოს გარეთ მდებარეობს. ასეთ დროს საშვილოსნოსგარე ორსულობაზე საუბრობენ. -ნაყოფის გულისცემა. მისი მოსმენა შესაძლებელია ორსულობის მე-8-20 კვირას. -ნაყოფის მოძრაობა, რასაც ქალი ორსულობის მე-16 კვირის შემდეგ შეიგრძნობს.