სამსახური და კარიერა

საოფისე უნარჩვევები

როგორ დავწეროთ სამოტივაციო წერილი

ავტორი: ირაკლი კვერნაძე

სამოტივაციო წერილი მნიშვნელოვანია. მას ითხოვენ უნივერსიტეტში მიღებისას, და უკვე სამსახურებშიც. ეს უნდა იყოს ინფორმაციული, დამაჯერებელი ნაწერი, რადგან იგი დიდ გავლენას ახდენს მიღება-არმიღების საკითხზე. სააპლიკაციო დოკუმენტების განხილვა იწყება მოტივაციის კითხვით, მხოლოდ ამის შემდეგ გადადიან სხვა საბუთების განხილვაზე, ამიტომ უნდა ეცადო, პირველივე სიტყვიდან მოახდინო შთაბეჭდილება. რეზიუმეზე დართულ სამოტივაციო წერილს ორი უმთავრესი მიზანი აქვს: დაარწმუნოს პოტენციური დამსაქმებელი, რომ დაგიბაროთ გასაუბრებაზე და წარმოაჩინოს ის მნიშვნელოვანი დეტალები, რომლებიც არ ჩანს თქვენს რეზიუმეში.

 

საფეხურები

  1. 1 შესავალი
    თარიღი, სათაური, მისალმება. აღნიშნეთ კონკრეტულად რა სამსახურისთვის აგზავნით აპლიკაციას, საიდან შეიტყვეთ ამ პოზიციის შესახებ და რატომ ხართ დაინტერესებული.

    ძირითადი ნაწილი
    პუნქტებად ჩამოაყალიბეთ, თუ რატომ იქნებოდით კარგი კანდიდატი ამ პოზიციისთვის. ისაუბრეთ თქვენი კვალიფიკაციის და გამოცდილების შესახებ და მიუთითეთ, რატომ არის ეს რელევანტური აღნიშნული სამსახურისთვის.

    დასასრული
    გამოთქვით ენთუზიაზმი ამ პოზიციის შესახებ და იმედი, რომ დამსაქმებელი თქვენი აპლიკაციით დაინტერესდება.
  2. 2 ფორმატი
    სამოტივაციო წერილი ჩვეულებრივი საქმიანი წერილია. ის საკმაოდ მოკლეა, შედგება დაახლოებით 200-250 სიტყვისაგან და აქვს მკაფიოდ განსაზღვრული სტრუქტურა. სამოტივაციო წერილის ფორმატი განსხვავდება იმის მიხედვით, თუ როგორ გზავნით სამოტივაციო წერილს – ჩვეულებრივი ფოსტით (ბეჭდური სახით) თუ ელ. ფოსტის საშუალებით.
  3. 3 ბეჭდური სახის სამოტივაციო წერილის შემთხვევაში, თქვენი მისამართი და საკონტაქტო მონაცემები თქვენი სახელის ქვეშ, მარჯვენა ზედა კუთხეში იწერება . გაითვალისწინეთ, რომ ქართულში მკვეთრად განსაზღვრული პოზიცია არ აქვს ამ პუნქტს და შეგიძლიათ, მარცხენა კიდეში განათავსოთ აღნიშნული ინფორმაცია. თუმცა, ჩემი აზრით, უფრო ეფექტური იქნება, თუ მარჯვენა ზედა კუთხეში თქვენს დეტალებს დაწერთ, მის ქვემოთ, მარცხენა კიდესთან კი – იმ ადამიანის მონაცემებს, ვისაც სწერთ.

    სამოტივაციო წერილის ელ.ფოსტით გაგზავნისას თქვენი მონაცემები, მისამართი გადადის წერილის ბოლოში. ეს არის ე.წ. ხელმოწერის ბლოკი, რომელიც ნებისმიერ ოფიციალურ წერილს ბოლოში ერთვის. ასე, რომ ამ დროს ბევრი თავის მტვრევა არ დაგჭირდებათ.
  4. 4 თარიღი იწერება თქვენი საკონტაქტო დეტალების წინ ან შემდეგ, ხაზის გამოტოვებით.
  5. 5 ხელმოწერას რაც შეეხება, ცხადია ელექტრონულ წერილს ხელს ვერ მოაწერთ, მაგრამ, მისი ბეჭდური სახით გაგზავნის შემთხვევაში, არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა.
  6. 6 სტრუქტურა
    საუკეთესო შემთხვევაში სამოტივაციო წერილი ერთ გვერდს არ აღემატება და 4 აბზაცისგან შედგება.

    პირველ აბზაცში დააზუსტეთ ვინ ხართ, რა საკითხზე წერთ და როგორ შეიტყვეთ ვაკანსიის შესახებ. წარმოიდგინეთ, რომ პასუხი უნდა გასცეთ დამსაქმებლის შეკითხვებს:
    ვინ ხართ?
    რატომ მიკავშირდებით?
    საიდან გაიგეთ ვაკანსიის შესახებ?
    რატომ უნდა დავინტერესდე თქვენით?

    მეორე აბზაცში ისაუბრეთ თქვენს უნარებსა და ცოდნაზე, რომელთა გათვალისიწნებითაც სასურველი ვაკანსიისთვის შესაფერისი კანდიდატი ხართ. წაიკითხეთ განაცხადი, გაიაზრეთ მოთხოვნები, სამუშაოს აღწერა და ჩამოაყალიბეთ, თუ რამდენად აკმაყოფილებთ მოთოვნებს. უბრალოდ კი არ ჩამოთვალოთ თქვენი უნარები, დაასაბუთეთ. ჯერ აღწერეთ თქვენი უნარი, შემდეგ კი ისაუბრეთ, თუ როგორ გამოიმუშავეთ, შეიძინეთ ის. საბოლოო ჯამში, სამოტივაციო წერილმა დამსაქმებელს თქვენი პიროვნების შესახებ ნათელი წარმოდგენა უნდა შეუქმნას, უნდა დაარწმუნოს, რომ არამარტო სამუშაოს შესრულებისთვის საჭირო უნარები გაქვთ, არამედ ხართ შემოქმედებითი, საინტერესო ადამიანი, რომელსაც მოვალეობებისა და პასუხისმგებლობისთვის თავის გართმევა შეუძლია. შეიძლება ითქვას, რომ მეორე აბზაცში ნაჩვენები უნდა იყოს, თუ რატომ ხართ შესაფერისი კანდიდატი.

    მესამე აბზაცში ნათქვამი უნდა იყოს, თუ რატომ გსურთ აღნიშნული პოზიციის დაკავება. აღნიშნეთ უნარები, რომელსაც ამ პოზიციაზე შეიძენთ, რას მოუტანთ კომპანიას და რას მიიღებთ თავად.

    მეოთხე აბზაცში გამოთქვით გასაუბრების სურვილი, რომ უფრო დეტალურად განიხილოთ თქვენი შესაძლებლობები თუ დასაქმების შანსები. გამოთქვით მზაობა დამატებითი ინფორმაციის მისაწოდებლად. მადლობა გადაუხადეთ, რომ გამონახა დრო თქვენი წერილის წასაკითხად.
  7. 7 სტილი და დამწერლობა
    გამოიყენეთ სადა, მარტივი ფონტი, უმჯობესია სილფაენი. შრიფტის ზომა უნდა იყოს 10-12 ერთეული. გაითვალიწინეთ, რომ მთელი დოკუმენტი ერთი ზომისა და ფონტის უნდა იყოს, ძალიან ცუდი ტონი იქნება, თუ ერთი აბზაცი ერთი ფონტით იქნება შესრულებული, მეორე – მეორეში და ა.შ. დოკუმენტის მინდორი თქვენ თავად დაარეგულირეთ. გაითვალიწინეთ, რომ სამოტივაციო წერილი ერთ გვერდზე უნდა დაეტიოს. კარგი იქნება, თუ CV-ისა და სამოტივაციო წერილს ერთი და იმავე სტილითა და ფონტით დაწერთ.