როგორ დავიცვათ სქესობრივი კავშირის ჰიგიენა - rogor.ge

როგორ დავიცვათ სქესობრივი კავშირის ჰიგიენა

 

სქესობრივი კავშირის დაწყება 18 წლის ასაკზე ადრე არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. პირველი სქესობრივი კავშირის დროს საქალწულე აპკი ირღვევა, ჩახეული ადგილიდან აღინიშნება უმნიშვნელო სისხლდენა. მცირე ჩახევა, ჩვეულებრივ, მალე ხორცდება და სისხლდება წყდება. საქალწულე აპკის ჭრილობაზე შეხება იწვევს ტკივილს და ზოგჯერ სისხლიან გამონადენს. ჭრილობაში შეიძლება შეიჭრას მიკრობები და გამოიწვიოს ანთება. ამ დროს სქესობრივი კავშირი ძალიან მტკივნეულია.

 

პირველი სქესობრივი კავშირის შემდეგ, თუ ის საკმაოდ მტკივნეული იყო, ქალმა რამდენიმე დღე სქესობრივი კავშირისგან თავი უნდა შეიკავოს. სანამ საქალწულე აპკი არ შეხორცდება. ამ დღეებში საჭიროა სასქესო ორგანოების სისუფთავის დაცვა, არის შემთხვევები, როდესაც სქესობრივი კავშირისადმი შიშის გამო სქესობრივი კავშირის ცდის დროს ვითარდება საშოს შესავლის კუნთების ძლიერი მტკივნეული შეკუმშვა. ეს იწვევს სქესობრივი კავშირის დაბრკოლებას. ასეთ შემთხვევაში არცთუ იშვიათად რჩევისთვის ექიმს მიმართავენ.

 

ზოგ შემთხვევაში საქალწულე აპკი იმდენად ელასტიურია, რომ პირველი სექსის დროს არ ზიანდება. ზოგჯერ საქალწულე აპკის ხვრელი დიდია და სქესობრივი კავშირის დროს არ ჩაიხევა.

 

მეუღლეთა სქესობრივი კავშირის სიხშირის შესახებ ექიმს რამე კონკრეტული რჩევის მიცემა არ შეუძლია. ეს დამოკიდებულია მეუღლეთა ასაკზე, მათ ჯანმრთელობაზე, ტემპერამენტზე, სამუშაოზე, ფიზიკურ დატვირთვაზე და ასე შემდეგ. თუ ქალი სქესობრივი კავშირის შემდეგ უჩივის ძლიერ დაღლილობას, თავის ტკივილს, მუცლის ტკივილს, საჭიროა დროებით სქესობრივი კავშირი შეწყვიტოს. მთვრალ მდგომარეობაში სქესობრივი კავშირი დაუშვებელია. თუ ამ დროს ჩასახვა მოხდა, მშობლების სიმთვრალემ შეიძლება გავლენა მოახდინოს ნაყოფზე. ორსულობის დროს და მშობიარობის შემდეგ საჭიროა სქესობრივი კავშირის შეზღუდვა ან დროებით მისგან თავის შეკავება.

 

ორსულობის დროს სქესობრივი კავშირი დამოკიდებულია ქალის ზოგად მდგომარეობაზე, ორსულობის ვადასა და მის მიმდინარეობაზე, აგრეთვე იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობდა წინა ორსულობა. სრულიად ჯანმრთელი ქალი ორსულობის ნორმალური მიმდინარეობის შემთხვევაშიც უნდა ერიდებოდეს სქესობრივ კავშირს, პირველ თვეებში, როდესაც ადვილად შესაძლებელია ორსულობის მოშლა. ქალი სქესობრივ კავშირს უნდა ერიდებოდეს მენსტრუაციის მოსვლის დღეებში აგრეთვე მის მოსვლამდე ორი-სამი დღით ადრე. ორსულობის ბოლო ორ თვეში სქესობრივი კავშირი საერთოდ აკრძალულია. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია სანაყოფე წყლის დაღვრა და მშობიარობის ნაადრევად დაწყება. გარდა ამისა, მშობიარობის წინ სქესობრივი კავშირის ჩატარებამ, შეიძლება გამოიწვიოს მიკრობების შეჭრა და ინფექციური დაავადებების განვითარება.