ჯანმრთელობა

ბავშვების ჯანმრთელობა

როგორ მოვუაროთ ბავშვის კბილებს

ავტორი: თაკო კარკალაია

ბავშვის კბილების მოვლას რაც ადრე დაიწყებთ, მით უკეთესი. მას შემდეგ, რაც ბავშვს ორი კბილი ამოუვა, ყოველ საღამოს კბილები და ღრძილები სველი პირსახოცით გაუწმინდეთ. კარგი იქნება, თუ ერთი წლისას საბავშვო კბილის ჯაგრისს გააცნობთ. ნასაუზმევს და ძილის წინ კბილები გამოუხეხეთ, იმის ნებაც დართეთ, რომ ბანაობისას კბილის ჯაგრისით ითამაშოს. რაც უფრო სახალისოდ მოეჩვენება ბავშვს კბილების გამოხეხვა, მით უფრო გულმოდგინედ ჩაერევა ამ პროცესში. საქმეს ყველაფერი წაადგება - კბილის ექიმობანას თამაშიც და მასთან ერთად კბილების გამოხეხვაც.

 

საფეხურები

  1. 1 ბავშვის კბილების გამოხეხვა
    1) ბავშვი კალთაში ჩაისვით. სველი სუფთა ცხვირსახოცი თითზე შემოიხვიეთ და ზედ ცოტაოდენი ფტორიანი კბილის პასტა გადმოიღეთ. კბილის პასტას ნუ გამოიყენებთ, თუ ბავშვს არ მოსწონს, ან ჭამს მას. იხმარეთ მხოლოდ საბავშვო კბილის პასტა.
    2)ბავშვს თითი ღრძილებსა და კბილებზე წაუსვით.
  2. 2 ფტორი
    ბავშვის კბილები შეგიძლიათ დაიცვათ ფტორით - ნივთიერებით, რომელიც მინანქარს ამაგრებს და მცირე ბზარებსაც ავსებს. ფტორიანი კბილის პასტით დღეში ორჯერ კბილების გამოხეხვა ბავშვის კბილებს გაფუჭებისგან დაიცავს. ფტორი ზოგ რეგიონში სასმელ წყალშიც მოიპოვება.
  3. 3 სტომატოლოგთან
    კარგი იქნება, თუ ბავშვს მანამდე მიაჩვევთ კბილის ექიმთან სიარულს, სანამ მკურნალობა დაჭირდება. შეიძლება მანამდეც კი მიიყვანოთ ექიმთან, სანამ ყველა კბილი ამოუვა. თუ შეეშინდა, კალთაში ჩაისვით და აუხსენით, რისთვისაა საჭირო იქაური აპარატურა. ორწლინახევრიდან მოყოლებული, ექვს თვეში ერთხელ უნდა იაროს კბილის ექიმთან. სტომატოლოგი გირჩევთ, როგორ დაეხმაროთ ბავშვს კბილების მოვლაში. თუ ბავშვს კბილში ღრუ გაუჩნდა, დროულად მიმართეთ ექიმს და მკურნალობა ჩაუტარეთ.
  4. 4 როგორ გამოახეხინოთ ბავშვს კბილები
    ერთი წლის ასაკიდან ბავშვს სველ ჯაგრისზე დაწვეთებული ფტორიანი კბილის პასტით გაუწმინდეთ კბილები. მანამ უწმინდეთ, სამან დაგანებებთ. დაახლოებით ორი წლიდან თვითონვე მოუნდება გამოხეხვა. ამ პროცესს მუდამ თვალყური ადევნეთ - ბავშვმა კბილები სწორად უნდა გაიხეხოს. უკან დაუდექით, ხელი დაუჭირეთ და სარკეში დაანახეთ სწორი მოძრაობა.
  5. 5 კბილების გამოხეხვა თამაშად აქციეთ
    ბანაობისას ეთამაშეთ, რათა ბავშვს თქვენი მობაძვა მოუნდეს. შემდეგ კბილები კარგად გამოუხეხეთ.
  6. 6 ასწავლეთ კბილების გამოხეხვა
    ბავშვი ნიჟარის წინ სკამზე დააყენეთ, თქვენ კი უკან, ოდნავ გვერდით დაუდექით. თავი ააწევინეთ, რათა გამოხეხვისას პირი დაუნახოთ. წყლის გამოვლება და ნიჟარაში ჩაფურთხება ყველა ბავშვისთვის სახალისოა.