როგორ ავარჩიოთ აკუსტიკური გიტარა - rogor.ge

როგორ ავარჩიოთ აკუსტიკური გიტარა

 

დამწყებთათვის ყველაზე კარგი არჩევანია აკუსტიკური გიტარით სწავლის დაწყება, შედარებით მარტივია და პრაქტიკული. ზოგადად ბევრი ურჩევს შეიძინოს იაფფასიანი გიტარა და მასზედ ისწავლოს დაკვრა, თუმცა არაა ეს ასე, სწავლის დაწყებისთვის სულ არაა აუცილებელი იაფფასიანი გიტარით სწავლის დაწყება, [u]პირიქით[/u], უკეთესია შეიძინოთ ნორმალური ან კარგი ხარისხის გიტარა, რადგან შეეჩვიოს ყური კარგი ჟღერადობის აღქმას და ცუდისგან განსხვავებას. ასევე გეტყვით, რომ არაა აუცილებელი ახლის ყიდვა, შეგიძლიათ ნახმარი იყიდოთ mymarket-ზე ან რომელიმე ქართულ საიტზე. რათქმაუნდა კარგად შენახული და დაუმტვერავი. კარგი გიტარის საყიდლად მინიმუმ 200-300 ლარი უნდა იქონიოთ ოჯახის ბიუჯეტში. კიდევ დავაკონკრეტებ ერთ რამეს, რომ მიაქციეთ ყურადღება ბრენდებს (მარკებს), ყველა ბრენდის ჩამოთვლა შეუძლებელია ეს ინდივიდუალურია მაგრამ მე გირჩევდით შეიძინოთ Yamaha (რომელიც საკმაოდ ძვირადღირებულ პროდუქტებს უშვებს), Cremona, Fender, Gibson, Moser და სხვ.

 

გიტარას აქვს ორი ტიპის სიმები, ნეილონის და მეტალის. რათქმაუნდა განსხვავებულია და ყველას თავისი აზრი გააჩნია მის შესახებ, რომელი უკეთესია, რომელი მარტივია და რომელი გამოსცემს უკეთეს ხმას. როგორც გიტარის ასევე სიმების ტიპებზე და ხარისხზე არის დამოკიდებული ჟღერადობა, ცალსახად ამის თქმა ძნელია, თუმცა კონკრეტულად ჩემ შემთხვევაში მიჩვეული ვარ მეტალის სიმებზე დაკვრას. ნეილონის სიმები გამოსცემს უფრო "ღრმა" და რბილ ხმას როდესაც მეტალის სიმები უფრო მეტად ძლიერ, მაღალ ტონალობის და "სწრაფ" ხმას გამოსცემს (სოლოსთვის უკეთესია). დამწყებთათვის ალბათ მაინც უკეთესია ნეილონის სიმები, აკორდების ასაღებადაც კარგია რადგან თითებს ნაკლებად გატკენთ სანამ მიეჩვევით. მეტალის სიმები დროდადრო გიხეხავთ თითის წვერებს და მაზოლებს აჩენს, რაც მტკივნეულია აკორდის აღების დროს მაგრამ დროთა განმავლობაში (დაახლოებით 1 კვირაში) გაგიმაგრდებათ და ტკივილსაც ვეღარ იგრძნობთ.

 

მაღაზიაში მისვლისას, საგულდაგულოდ დაათვალიერეთ და მოსინჯეთ ყველა ის გიტარა, რომელიც მოგწონთ თუნდაც ვიზუალურად, ან ფასის მიხედვით (რათქმაუნდა აირჩიეთ სანდო ბრენდი). გამოკარით სიმებს, გიტარა არ უნდა ხმაურობდეს, ეს ხმაური გამოწვეული უნდა იყოს მხოლოდ სიმებისაგან და არა სხვა რომელიმე ზედმეტი ხმისგან. არჩეული გიტარა შეადარეთ ყველაზე იაფფასიანი გიტარის ხმას, უნდა იგრძნოთ მკვეთრი განსხვავება. ასევე შეადარეთ იმ ბრენდის გიტარებს, რომელიც თქვენ აარჩიეთ.

 

თქვენ უკვე აარჩიეთ გიტარა, ახლა დროა საგულდაგულოდ დაათვალიეროთ ყველა ის ნაწილი რისგანაც შედგება. არ უნდა იყოს დაზიანებები, თუმცა ნახმარ გიტარაში შეიძლება იყოს რაღაც ნაკაწრები მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს მცირეოდენი ბზარიც კი გიტარის კორპუსზე (გიტარის უკანა დიდ ნაწილზე, ქალის უკანა სხეულს რომ გვაგონებს :)) გახედეთ გიტარის გრძელ კიდეს, (გრძელ ნაწილს) რომელიც უნდა იყოს აბსოლუტურად სწორი, როგორც "რკინები" სადაც აკორდებს იღებთ ასევე ხის ნაწილი. სისწორე, რომ შეამოწმოთ, დააჭირეთ პირველ და მეექვსე სიმს, პირველ და მეთორმეტე ლადაზე, რომ დარწმუნდეთ მის სისწორეში, დაშორება სიმებზე დაჭერის შორის უნდა იყოს თანაბარი.

 

ეს ზოგადი რჩევები გამოგადგებათ იმ შემთხვევაში თუ გადაწყვეტილი გაქვთ ენდოთ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავს, თუმცა მე გირჩევთ, რომ თან გაიყოლოთ ამ საკითხში კომპეტენტური ადამიანი, რადგან მუსიკალურ ინსტრუმენტში მთავარი მაინც ჟღერადობა და ხმაა, რომლის გამოცდილებაც ჯერჯერობით თქვენ არ გექნებათ.