როგორ მივხვდეთ, რომ მშობიარობა დაგვეწყო - rogor.ge

როგორ მივხვდეთ, რომ მშობიარობა დაგვეწყო

 

მშობიარობის ნიშნები სისხლიანი გამონადენი ლორწოს სქელი, სისხლის ლაქებიანი საცობი, რომელიც ორსულობისას საშვილოსნოს ყელს კეტავდა, როგორც წესი, მშობიარობის დაწყებამდე ან მის საწყის ეტაპზე გამოდის საშოდან. რა იღონოთ: გამონადენი შეიძლება მშობიარობის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოვიდეს. ამიტომ დაიცადეთ სნამ ზურგის ან მუცლის ტკივილი არ დაგეწყებათ ან წყლებს არ დაღვრით, და მხოლოდ მაშინ დარეკეთ მეანთან და სამშობიაროში.

 

წყლების დაღვრა სანაყოფე პარკი, რომელიც გარს აკრავს ბავშვს, შეიძლება მშობიარობის ნებისმიერ მომენტში გასკდეს და სანაყოფე სითხე დიდი რაოდენობით დაიღვაროს, თუმცა შეიძლება წვრილ ნაკადად ჩამოვიდეს, თუ მას ბავშვის თავი უკეტავს გზას. რა იღონოთ: დაუყონებლივ დარეკეთ მეანთან ან სამშობიაროში. შეტევები რომც არ გქონდეთ, მაინც მიმართეთ ექიმს რათა თავიდან აგაცილოთ ინფექციური გართულებები. სითხის შესაწოვად ჰიგიენური საფენი იხმარეთ.

 

სამშობიარო ტკივილი სამშობიარო შეტევა შეიძლება ზურგის ყრუ ტკივილით ან ბარძაყების მიდამოებში მწვავე ტკივილით დაიწყოს. მოგვიანებით მუცელშიც იგრძნობთ მოვლით ტკივილს, დაახლოებით მენსტრუაციის ტკივილის მაგვარს. რა იღონოთ: როცა მოვლითი ტკივილი გახშირდება, ჩაინიშნეთ მათი გამოვლენის დრო. თუ ფიქრობთ, რომ მშობიარობა დაგეწყოთ, სამშობიაროში ან მეანთან დარეკეთ. თუ ტკივილის შეტევა ყოველ ხუთ წუთში არ მეორდება ან ძალზე მტკივნეული არ არის, სამშობიაროში წასვლას ნუ იჩქარებთ. მით უმეტეს, რომ პირველი მშობიარობა დაახლოებით 12- 14 საათს გრძელდება, ამიტომ უმჯობესია, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და პირველი რამდენიმე საათი შინ გაატაროთ. თუ სანაყოფე სითხე არ დაგღვრიათ, შეგიძლიათ თბილ აბაზანაში ჩაწვეთ. ტკივილი, რომ გაგიძლიერდებათ და შეტევები ყოველ ხუთ წუთში გაგიმეორდებათ, ე.ი. დროა, სამშობიაროში წახვიდეთ.
ცრუ შეტევები საშვილოსნო მთელი ორსულობის განმავლობაში იკუმშება. ბოლო კვირებში შეკუმშვის ცრუ შეტევები შეიძლება გაძლიერდეს და გეგონოთ, რომ მშობიარობა დაგეწყოთ. თუმცა მშობიარობის ტკივილი მოვლით ხასიათს იღებს, რომელიც თანდათან ძლიერდება და ხშირდება, ამით მიხვდებით სინამდვილეში როდის დაიწყება პროცესი.