როგორ შევაჩვიოთ ბავშვი დაძინებას? - rogor.ge

როგორ შევაჩვიოთ ბავშვი დაძინებას?

 

ამოიცანით ნიშნები, რომლებიც გატყობინებენ, რომ თქვენი პატარა დაიღალა
6-8 კვირის ასაკამდე ბავშვებს ფხიზლად ყოფნა 2 საათზე მეტხანს არ შეუძლიათ. თუ ამ დროის შემდეგ არ დააძინებთ, გადაიღლება და დაძინებაც გაუჭირდება. პირველი 3 თვის განმავლობაში, ძილის მორევას ჩვილები ამ ნიშნებით გამოხატავენ: - თვალებს ისრესენ - ყურზე ხელს იტყაპუნებენ - თვალების ქვეშ მუქი წრეები უჩდებათ - თვალებიდან ცრემლი სდით ან ტირიან - უსასრულობაში ერთ წერტილს აშტერდებიან - ინტენსიურად ამთქნარებენ და იზმორებიან - გარშემომყოფებს და სათამაშოებს ყურადღებას აღარ აქცევენ - ჩუმად არიან და ნაკლებს მოძრაობენ - ასევე, შეიძლება ხალხის და მოძრავი ობიექტების საწინააღმდეგოდ შებრუნდნენ და თავი დედის მკერდში ჩარგონ. თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილ მოქმედებას შეამჩნევთ, ბავშვი საწოლში მალე გადააწვინეთ.

 

განუვითარეთ დღე და ღამეს შორის განსხვავების შეგრძნება
როდესაც თქვენი პატარა 2 კვირის გახდება, შეგიძლიათ თანდათან დღე და ღამეს შორის განსხვავების შეგრძნება ჩამოუყალიბოთ. ამისათვის გარკვეული ნაბიჯების გადადგმა მოგიწევთ, როგორც დილას, ასევე — საღამოს. დილას: - როდესაც გაიღვიძებს, ტანსაცმელი გამოუცვალეთ, რაც მიანიშნებს, რომ ახალი დღის დასაწყისია. - რაც შეიძლება ინტენსიური ინტერაქცია მოახდინეთ: ეთამაშეთ და ესაუბრეთ. - დღის კვება სოციალურ აქტივობად აქციეთ: უმღერეთ და ესაუბრეთ. - ოთახში ფარდები გადაწიეთ და რაც შეიძლება გაანათეთ. - ყოველდღიური ცხოვრების თანმხლები ხმები მოასმენინეთ (ზომიერად): რადიო, სარეცხი მანქანის ხმა და ა.შ. - თუ ჭამის დროს ჩაეძინა, ფრთხილად გამოაღვიძეთ. საღამოს: - გადააცვით პიჟამა იმის მისანიშნებლად, რომ დღე დასრულდა. - ეცადეთ, ჭამის დროს აღარ ესაუბროთ. - მოერიდეთ ხმაურს და ჩააქრეთ შუქი. - თუ ამ მოქმედებებს ყოველდღიურ რუტინად აქცევთ, ბავშვი ნელ-ნელა გაიაზრებს, რომ ღამე ძილის პერიოდია.

 

მიეცით შანსი, დამოუკიდებლად დაიძინოს
დაახლოებით 3 თვის ასაკიდან, ბავშვს დამოუკიდებლად დაძინების უნარი უნდა ჰქონდეს. რაღა თქმა უნდა, არ ვგულისხმობთ, რომ ეს აუცილებლად მოხდება. როდესაც შეატყობთ, რომ ძილი მოერია, დააწვინეთ. შეგიძლიათ, თქვენც გვერდით მიუწვეთ, სანამ არ ჩათვლემს, თუმცა, თუ ასე დაძინებას მიაჩვევთ, მზად იყავით, რომ გვერდით ყოფნას ღამე გამოღვიძების დროსაც მოგთხოვთ.

 

მნიშვნელოვანია დაძინებისთვის მომზადებაც:
თუ პირველი 8 თვის განმავლობაში ძილის წინ სისტემატურად აჭმევთ ან დაარწევთ, დროთა განმავლობაში ამ მოქმედებებით ძილის რეფლექსს გამოიმუშავებს. ზოგიერთი ექსპერტი ძილის წინ კვებას და დარწევას ეწინააღმდეგება, თუმცა, თავად განსაზღვრეთ, რა სახის რუტინას მიმართავთ, თქვენს პატარას ძილის დროის მოახლოების ნიშანი რომ მისცეთ.

 

რა სახის ძილის პრობლემები ექმნებათ 0-3 თვის ჩვილებს?
ამ ასაკში კონკრეტული პრობლემების დადგენა რთულია. სავარაუდოდ, როგორც თქვენ, ასევე თქვენი პატარა, ინდივიდუალურ რეჟიმს შეიმუშავებთ. ფაქტია, რომ პირველი 3 თვის განმავლობაში, ღამე ხშირად გაიღვიძებს და ჭამას, ან ხელში აყვანას მოგთხოვთ. ასე რომ, სასურველია, როგორც კი ჩათვლემს, დაძინება თქვენც სცადოთ. პირველ კვირებში ჩვილის დაძინების ერთ-ერთი მეთოდი ზეწარში კარგად გახვევაც შეიძლება იყოს.