როგორ ვისარგებლოთ საყოველთაო ჯანდაცვით?! - rogor.ge

როგორ ვისარგებლოთ საყოველთაო ჯანდაცვით?!

 

ვინ არიან პროგრამით მოსარგებლეები?
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლენი არიან: საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები; ასევე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და თავშესაფრის მაძიებელი პირები; ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები.

 

რომელი დაწესებულება იღებს სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობას?
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობას იღებს ნებისმიერი სამედიცინო დაწესებულება, რომელიც აკმაყოფილებს ამ საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გამოთქვამს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ეთანხმება პროგრამის პირობებს და დადგენილი წესით, წერილობით დაუდასტურებს სოციალური მომსახურების სააგენტოს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს. პროგრამის მოსარგებლეს უფლება აქვს თავად აირჩიოს სამკურნალო დაწესებულება საქართველოს მასშტაბით.

 

როგორ ხდება მოსახლეობის რეგისტრაცია მომსახურების მისაღებად?
გეგმიური ამბულატორიული მომსახურებისთვის მოსარგებლეს შეუძლია დარეგისტრირდეს სურვილისამებრ, შერჩეულ მომსახურების მიმწოდებელ ნებისმიერ დაწესებულებაში (სპეციალურად შემუშავებული,სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმის შევსების საფუძველზე). ამასთან რეგისტრაციის შეცვლა შესაძლებელია 2 თვეში ერთხელ. პროგრამით მოსარგებლე პირს უფლება აქვს, რომ რეგისტრირებული იყოს მხოლოდ ერთ პოლიკლინიკაში - პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაში. გადაუდებელი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების მისაღებად არ არსებობს რაიმე შეზღუდვა სამედიცინო დაწესებულების არჩევისას; გეგმური ქირურგიული და ონკოლოგიური მომსახურების მისაღებად მოსარგებლემ უნდა მიმართოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მატერიალიზებული ვაუჩერის/საგარანტიო წერილის მისაღებად.

 

რა მომსახურებას მოიცავს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა?
1. გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიღება შესაძლებელია მხოლოდ პაციენტის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, რომელშიც შედის ოჯახის ან უბნის ექიმის და ექთნის მომსახურება, საჭიროების შემთხვევაში, მათი მომსახურება ბინაზე - 100%; ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული პროფილაქტიკური აცრები - 100%; ოჯახის ან სოფლის ან უბნის ექიმის დანიშნულებითექიმ-სპეციალისტების: ენდოკრინოლოგის,ოფთალმოლოგის, კარდიოლოგის, ნევროლოგის, გინეკოლოგი, ოტორინოლარინგოლოგის, უროლოგის მომსახურება - 70%; ექიმის დანიშნულებით ინსტრუმენტული გამოკვლევები:ელექტროკარდიოგრაფია - 100%; მუცლის ღრუს ექოსკოპია (ტრანსაბდომინურად) და გულმკერდის რენტგენოსკოპია/რენტგენოგრაფია - 70 %; სისხლის და შარდის საერთო ანალიზი - 100%; გლუკოზა პერიფერიულ სისხლში, კრეატინინი, ქოლესტერინი სისხლში, შრატში ლიპიდების განსაზღვრა, განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე, პროთრომბინის დრო - 100%; ღვიძლის და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური სინჯი - 70%; გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება - 100%; გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება - 100%; გეგმური ქირურგიული ოპერაციები - სრულწლოვნებში - 70%, არასრულწლოვნების - 100%; ფიზიოლოგიური მშობიარობა - 500 ლარი, საკეისრო კვეთა - 800 ლარი.