როგორ შევარჩიოთ სახლის გამათბობელი რადიატორები - rogor.ge

როგორ შევარჩიოთ სახლის გამათბობელი რადიატორები

 

რადიატორის ტიპები -გათბობის სისტემის რადიატორები ძირითადად არის ორი სახის, სექციური და პანელური. პანელური რადიატორი ერთიანი კონსტრუქციაა, თუმცა შეგიძლიათ 40 სანტიმეტრიდან, 10 სანტიმეტრიანი ბიჯებით აირჩიოთ სიგრძე. სექციური კი, როგორც სახელიდანაც ჩანს, სექციებისგან შედგება და თქვენი სურვილისამებრ აწყობთ თითოეული წერტილისთვის სასურველ სიგრძეს. ერთი სექციის სიგანე საშუალოდ 8,0 სმ-ია. სექციური რადიატორი ვიზუალურად უფრო მიმზიდველია, თუმცა ფასიც შედარებით მეტი აქვს.

 

გარდა დიზაინისა, რადიატორები განსხვავდება მასალითაც. არსებობს ფოლადის, თუჯის, ალუმინის და ბიმეტალის შენადნობებისგან დამზადებული რადიატორები. არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ როგორც ფასი, ისე რადიატორის წონა და თბოგაცემის კოეფიციენტი. თბოგაცემის კოეფიციენტი დამოკიდებულია ხურების ფართობზე და გამოყენებულ მეტალზე. კარგი თბოგაცემით გამოირჩევა ფოლადი.

 

ფასი - აქ უნდა იყოთ ფრთხილად, რადგანაც რადიატორების გამყიდველები ცდილობენ მაქსიმალურად დააბნიონ მომხმარებელი. მაგალითად, იგებთ რეკლამას „პანელური რადიატორი 71 ლარად“ - შესანიშნავია, ამაზე იაფი რა უნდა იყოს. თუმცა, ერთი დეტალია გასათვალისწინებელი, რა სიმაღლისა და სიგრძის რადიატორს გულისხმობენ. პანელური რადიატორები გამოიყენება 30-40-50-60 სანტიმეტრის სიმაღლის. მისი ფასი კი ერთი გრძივი მეტრის მიხედვით უნდა იყოს დაანგარიშებული. 71 ლარი დიდი ალბათობით 60 გრძივი სანტიმეტრის რადიატორის ფასი იქნება. მსგავსი რეკლამები ფასების შედარებას ართულებს და მომხმარებელი შეცდომაში შეყავთ.

 

შერჩევისას ასევე უნდა გაითვალისწინოთ ხურების ფართი. თუ რადიატორს აქვს მეტი ხურების ფართობი, ის უკეთ გაათბობს და ნაკლები რაოდენობის დაგჭირდებათ. ხურების ფართობის შესადარებლად დააკვირდით პანელური რადიატორის შიდა შემავსებელ ნაწილს. თუ ის მაქსიმალურად ავსებს რადიატორის მთლიან მოცულობას, ეს მეტყველებს რადიატორის მაღალ ხარისხზე. ნახევრად შევსილი მეტყველებს რადიატორის დაბალ თბოგაცემაზე, რომელიც ვერ მოგვცემს იმდენ კილოკალორიას რაც მოცემული ფართობის გასათბობადაა საჭირო.

 

განლაგება და მონტაჟი - რადიატორების განლაგება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. სწორედ ამაზეა დამოკიდებული თქვენი სახლის კომფორტი და მიმდინარე დანახარჯები. სწორად განაწილებული სისტემა უფრო დიდ ეკონომიას მოგცემთ და იდეალურად გაათბობს სახლს. განლაგება უნდა მოხდეს ისეთ ადგილებში, საიდანაც სიცივე უფრო მეტად შემოდის სახლში (ფანჯრებთან, სახლის შესასვლელში კართან ახლოს).

 

ყველა რადიატორს სჭირდება ორი ონკანი, წყვილის ფასი 20 ლარიდან იწყება. უფრო მეტი ეკონომიის მისაღწევად რეკომენდირებულია თერმოსტატიანი ონკანების დაყენება. ამგვარი ონკანი ზომავს ოთახში ჰაერის ტემპერატურას და მას შემდეგ რაც ტემპერატურა თქვენს მიერ მითითებულ ნიშნულს მიაღწევს, რადიატორს დროებით თიშავს სისტემიდან. ასე თქვენს სახლში იდეალურ ტემპერატურასა და მაქსიმალურ ეკონომიას მიაღწევთ. თერმოსტატიანი ონკანები საკმაოდ ძვირი ღირს, თუმცა მიღებული ეკონომია ჩადებულ ინვესტიციას ამართლებს. ახლა რადიატორის არჩევას თითქმის პროფესიონალის დონეზე შეძლებთ.