როგორ მოვიყვანოთ ბროკოლი - rogor.ge

როგორ მოვიყვანოთ ბროკოლი

 

მოყვანის პირობები ბროკოლისთვის ოპტიმალური ტემპერატურაა 16-25 C. შემოდგომით ბროკოლი 10 C-მდე ყინვებს უძლებს. ჰაერის ოპტიმალური ტენიანობაა 85%, ხოლო ნიადაგისა 70%. ბროკოლი სინათლის მოყვარული მცენარეა, ამიტომ მის მოსაყვანად ირჩევენ მზიან ფართობებს. ბროკოლი ნაკლებმომთხოვნია ნიადგის მიმართ, როგორც სხვა კომბოსტოსნაირებისთვის, მისთვისაც ოპტიმალურია გამკვრივებული, ორგანული ნივთიერებებით მდიდარი ნიადაგი. საუკეთესოა ნეიტრალური ნიადაგი, (კორდიანი ეწერი, მდელოს, ტყის ნაცრისფერი, ჩვეულებრივი შავმიწა ტიპის ნიადაგები), თუმცა ბროკოლი, პრაქტიკულად ნებისმიერ ნიადაგზე შეიძლება მოიყვანო, გამონაკლისია ქვიშიანი და ჭაობიანი ნიადაგები. ბროკოლისათვის შერჩეულ ნაკვეთზე შემოდგომით შეაქვთ კომპოსტი ან გადამწვარი ნაკელი (5-6კგ/მ2) და გადაბარავენ. გაზაფხულზე ნიადაგს არ ბარავენ, მხოლოდ ზედაპირულად აფხვიერებენ ფოცხით. თუ თქვენს ნაკვეთზე იზრდება შვიტა, მჟაუნა ეს ნიადაგის მჟავიანობის ნიშანია, რაც არასასურველია ბროკოლისათვის. განეიტრალება ასეთი ნიადაგების შესაძლებელია მოკირიანებით ან წვრილად დაფქვილი დოლომიტის ფქვილის გამოყენებით. შესატანი რაოდენობა, მჟვიანობისა და ნიადაგის სიმძიმის ხარისხიდან გამომდინარე, მერყეობს 3-4ტ ჰექტარზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ღონისძიება (მოკირიანება) 15-20%- ით ამცირებს კომბოსტოს თავში მძიმე მეტალების შემცველობას.

 

ჩითილის გამოყვანა და გადარგვა ბროკოლი მოჰყავთ როგორც თესლით, ასევე ჩითილით. საადრეო მოსავლის მისაღებად იყენებენ ჩითილის მეთოდს. თესლს მარტში თესავენ, ხოლო მუდმივ ადგილზე ჩითილს გადარგავენ 35-45 დღის შემდეგ. სტანდარტულ ჩითილს უნდა ჰქონდეს 5-6 ფოთოლი. კვალში ჩითილის გადარგვა ხდება აპრილის ბოლოს - მაისის დასაწყისში. წინა დღეს ჩითილებს რწყავენ. გადარგვისას ჩითილს ნიადაგში ათავსებენ 2სმ-ით უფრო ღრმად, ვიდრე იგი იყო საჩითილე ნაკვეთზე, და კარგად შემოაყრიან მიწას ღეროს ირგვლივ. გადარგვის შემდეგ მცენარეებს რწყავენ. მწკრივში თესვის სქემა შემდეგია: მცენარეებს შორის ტოვებენ 30-35სმს, მწკრივებს შორის - 55-65სმ-ს. ბროკოლი შეიძლება თესლითაც მოვიყვანოთ. მაისის პირველ რიცხვებში ბროკოლს თესავენ, ამოსვლის შემდეგ აღმონაცენს ამეჩხერებენ. ცენტრალური თავაკის მისაღებად მცენარეებს შორის ტოვებენ 30-35 სმ-ს, ხოლო გვერდითი ყლორტების მისაღებად ამეჩხერებენ ისე, რომ მცენარეებს შორის მანძილი იყოს 40-45 სმ.

 

მოვლა მცენარის ირგვლივ ნიადაგს რეგულარულად აფხვიერებენ. ზაფხულში მოვლა შემოიფარგლება მორწყვით და ნიადაგის ტენიანობის შენარჩუნებით, რისთვისაც აკეთებენ მულჩირებას. მოსავლიანობის გაზრდის მიზნით პერიოდულად მცენარეს აძლევენ დამატებით საკვებს. პირველი დამატებითი კვება ხორციელდება ჩითილის გადარგვიდან 10 დღის შემდეგ (დადუღებული წუნწუხით, 10ლ წყალი და 2კგ ნაკელი). მეორე ბროკოლის თავის ჩანასახის გაჩენისას. (იმავე ხსნარით) ერთ მცენარეზე დაახლოებით 1 ლიტრი ხსნარი იხარჯება დამატებით საკვებს აძლევენ ასევე ხანგრძლივი წვიმების შემდეგაც.

 

მოსავლის აღება ზრდასრულ, ფორმირებულ ყვავილედს ჭრიან ბუტონის გახსნამდე (გახსნილი ყვავილედი მაგრდება და საკვებად უვარგისია); თავიდან ჭრიან შუა ყვავილედს. ამის შემდეგ წარმოიქმნება გვერდითი ყლორტები მეორე მოსავალი, მთლიანობაში მოსავლის აღება გრძელდება დაახლოებით კვირის განმავლობაში