ჯანმრთელობა

რჩევები

როგორ დავიცვათ თავი ცოფის საშიშროებისგან

როგორ დავიცვათ თავი ცოფის საშიშროებისგან

ავტორი: ირაკლი კვერნაძე

ცოფის გამომწვევად ითვლება ნეიროტროპული ვირუსი, რომელიც დაავადებული ცხოველის ნერწყვშია. დუღილის მიმართ ცოფის ვირუსი არამდგრადია – იღუპება 1-2 წუთის შემდეგ. კარგად ინახება ლპობად ნივთიერებებში და ადვილად უძლებს დაბალ ტემპერატურას, ვირუსი ნერწყვში ჩნდება ინკუბაციური (ფარული) პერიოდის ბოლოს, დაავადების კლინიკურ გამოვლინებამდე რამდენიმე დღით ადრე, ამ დროს მიუხედავად იმისა, რომ ცხოველი ჯანმრთელად გამოიყურება, მისი ნაკბენი საშიშია ცოფის ვირუსი პათოგენურია ყველა თბილსისხლიანი ცხოველისათვის.

 

საფეხურები

  1. 1 ცოფის გამოვლინება ცხოველებში
    ცოფით შეიძლება დაავადდეს ყველა თბილსისხლიანი ცხოველი, უფრო ხშირად კი- ძაღლი, კატა, მგელი, მელა, ტურა, მაჩვი, ღორი, დათვი, ლომი, ვეფხვი, კურდღელი, ცხენი, აქლემი, მსხვილფეხა და წვრილფეხა რქიანი საქონელი, აგრეთვე ღამურა, ვირთხა, თაგვი, ზაზუნა, მაგრამ ყველაზე მეტად ცოფს ავრცელებს ძაღლი, კატა, მგელი და მელა.
    დაავადების დასაწყისში ძაღლი, რომელიც 10- დან 9 შემთხვევაში ინფექციის წყაროა, იცვლის ქცევას, უმიზნოდ დაბორიალებს, უმიზეზოდ ყეფს, იფხაჭნის და იკბენს ნაკბენ ადგილს; არ ჭამს, არ სვამს, ღრღნის და ყლაპავს ნაფოტს და სხვა საგანს. ხშირად ელაქუცება პატრონს. იმალება, ხდება აღგზნებული, ცდილობს აიწყვიტოს და გაიქცეს, გაირბინოს დიდ მანძილზე. უმიზეზოდ
    თავს ესხმის და კბენს ცხოველს, ფრინველს, ადამიანს, პატრონსაც კი, რამდენიმე დღის შემდეგ უვითარდება დამბლის ნიშნები, ყეფს ხრინწიანი ხმით, ჩამოსდის დორბლი, ბარბაცით მიათრევს კიდურებს, უჭირს სუნთქვა, იქცევა და კვდება.
  2. 2 ცოფის გამოვლინება ადამიანში
    ცოფით დაავადების პირველი ნიშანია ხანგრძლივი ქავილი, მწვავე ტკივილი ნაკბენ ადგილზე. ნაწიბურზე აღენიშნება შეწითლება, შეშუპება, რევმატული ხასიათის ტკივილი, დისპეპსიური (საჭმლის მონელების მოშლა) მოვლენები. შემდეგ იწყება აღგზნების პერიოდი: ავადმყოფი განსაკუთრებით მგრძნობიარეა წყლისადმი - მის დანახვაზე კი სახე ემანჭება შიშისა და ტანჯვისაგან. ემართება ხახისა და ხორხის კუნთების ძლიერი სპაზმი. ავადმყოფი ხდება აგრესიული, ბოდავს. აგზნებას მოსდევს დამბლა, რომელიც ქვემო კიდურებიდან იწყება და მთავრდება გულისა და სუნთქვის ფუნქციის მოშლით, რასაც ავადმყოფის სიკვდილი მოსდევს.
  3. 3 ნაკბენის ან ნაკაწრის დამუშავება
    ცოფის პროფილაქტიკა უპირველეს ყოვლისა გულისხმობს: 1. ნაკბენი ჭრილობის სწორად დამუშავებას; 2. დაკბენილი ადამიანის დროულად მიმართვას ქირურგ- რაბიოლოგთან; 3 ანტირაბიული (ცოფის საწინააღმდეგო) აცრების დროულად და კვალიფიციურად ჩატარებას. უნდა ჩამოიბანოს საპნიანი წყლით, მის გარშემო არე მოსუფთავდეს ბეტადინის ხსნარით და გაკეთდეს ასეპტიკური ნახვევი. ნაკბენი ჭრილობის ქირურგიული დამუშავება არ შეიძლება, თუ არ არსებობს ამისთვის სასიცოცხლო ჩვენება - სისხლდენა, რომელიც საფრთხეს უქმნის პაციენტის სიცოცხლეს. სამი დღის განმავლობაში ჭრილობის გაკერვა არ არის რეკომენდებული.
  4. 4 ვაქცინაცია
    ცოფის ვაქცინა წარმოადგენს დასუსტებულ ცოფის ვირუსს, რომლის შეყვანის მიზანია, ორგანიზმმა გამოიმუშაოს ანტისხეულები ცოფის ვირუსისგან თავის დასაცავად. რაც უფრო ადრე დაიწყებს დაზარალებული ვაქცინაციას, მით უკეთესი იქნება შედეგი.
    ცოფის ვაქცინაცია ორგვარია - პასიური და აქტიური. აქტიური ვაქცინაცია მიმართულია იმუნიტეტის გამომუშავებისკენ, ხოლო პასიურს ორგანიზმში შეჰყავს მზა ანტისხეულები მასში მოხვედრილი ცოფის ვირუსის გასანეიტრალებლად. ამდენად, ცოფის საწინააღმდეგო დროული აქტიური და პასიური იმუნიზაცია იძლევა საფუძველს, რომ ადამიანს საფრთხე არ დაემუქრება.
  5. 5 რა სიხშირით, კეთდება ცოფის ვაქციანიაცია
    როფილაქტიკური კურსი კეთდება ნულოვან (ანუ იმავე), მე-3, მე-7 დღეს. თუ ცხოველმა კიდევ თოთხმეტი დღე იცოცხლა, შეიძლება აცრები შევწყვიტოთ, ხოლო თუ იგი დაიკარგა ან მოკვდა, ვაქცინაცია გრძელდება - მე-14, 28-ე დღეს. ეს უკვე სამკურნალო კურსია. თუ ნაკბენი ხელის მტევანზე, სახეზე, ტერფზე, სასქესო ორგანოების არეშია, საჭიროა, პირველსავე დღეს გაკეთდეს ცოფის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინი წონის მიხედვით. კანის დაზიანების შემთხვევაში ცოფის ვაქცინაციასთან ერთად აუცილებელია ტეტანუსის აცრაც.

გაფრთხილებები

  • აცრების დროს და მათი დამთავრების შემდეგ 6 თვის განმავლობაში დაუშვებელია ალკოჰოლის ყოველგვარი სახითა და ოდენობით მიღება.
  • ერიდეთ გადაღლას, გაცივებას.