როგორ ვწეროთ პუნქტუაციურად გამართულად - rogor.ge

როგორ ვწეროთ პუნქტუაციურად გამართულად

წერტილი

დასრულებული თხრობითი წინადადების ბოლოს წერტილი იწერება. მაგ: ქვეყანა დამშვიდდა. ქალი, კაცი და ბავშვი ყველა საქმეს კიდებდა ხელს. წერტილს ვსვამთ შემასმენელიან (მაგ: დაიშალნენ სტუმრები.) და უშემასმენლო, სახელდებითი წინადადების ბოლოსაც (მაგ.: საღამო. მკრთალი სინათლე.). წერტილს ვხმარობთ მაშინ, როცა რიცხვებს რიგის გამოსახატავად ვიყენებთ (მაგ.: ენათმეცნიერების დარგებია: 1. გრამატიკა. 2. სტილისტიკა.). წერტილი სიტყვის შეწყვეტის (შემოკლების) ნიშანიც არის. სოფ. (სოფელი), ე.წ. (ეგრეთ წოდებული). * შენიშნა: წერტილს არ ვწერთ მოთხრობის, ლექსის, წერილის, სამეცნიერო სტატიის, ნაშრომის, ზღაპრის და ა.შ. სათაურების ბოლოს.

კითხვის ნიშანი

კითხვის ნიშანს ვწერთ კითხვითი წინადადების ბოლოს. მაგ.: რა მოხდა? ვინ მოვიდა? საიდან გაჩნდი აქ?

ა) კითხვის ნიშანი დაისმის კითხვის შემცველი დამოკიდებული წინადადების ბოლოს, როცა მოუბარი გადმოსცემს თავის და სხვის ნათქვამს. მაგ.: ბოლოს ჰკითხა მან - ვინ ხარ, შვილო? ვინ არის აქ? _ იკითხა მასპინძელმა.

ბ) კითხვის ნიშანი დაისმის ნაწილაკიანი პირდაპირი სხვისი ნათქვამის ბოლოსაც. მაგ.: მან მკითხა - რა გინდა ჩემგან? ტყის მცველმა ჰკითხა - ვინა ხარ?

გ) ზოგჯერ ერთად რამდენიმე კითხვა იყრის თავს, ასეთ შემთხვევაში მძიმეებს ვიხმართ, კითხვის ნიშანს კი წინადადების ბოლოს ვსვამთ. მაგ.: რა ვუთხრა, როგორ გავაგებინო, რას მივმართო?

ძახილის ნიშანი

ძახილის ნიშანი დაისმის: • ძახილის წინადადების ბოლოს. • ბრძანებითი წინადადების ბოლოს. • მიმართვასთან, როცა ის ცალკეა ხმარებული (მაგ.: ძმებო! ამხანაგებო!) და მაშინაც, როცა ძლიერი გრძნობით გადმოიცემა (მაგ: არ გეცოდები, ჩემო სოსია!) • ძახილის ნიშანი იწერება შორისდებულთანაც, თუ მძაფრი გრძნობითაა წარმოთქმული: ვაიმე! ოჰ! ვა! • ძახილის ნიშანი იხმარება მიგებით ნაწილაკთან, თუ ის ცალკეა და ძლიერ გრძნობას გამოხატავს: კი! დიახ! • ძახილის ნიშანი იხმარება შთაბეჭდიელაბის გასაძლიერებლად გამეორებული შორისდებულის, მიმართვის ან ნაწილაკის ბოლოს: კარგი, კარგი! ეგრე იყოს! • ზოგჯერ ტექსტში გვხვდება ფრჩხილებში ჩასმული (!) ძახილის ნიშანი, რაც მოყვანილი აზრისადმი მთქმელის დამოკიდებულებას (დაცინვას, გაკვირვებას, აღშფოთებას) გამოხატავს. მაგ.: ბევრს მიაჩნია, რომ დღეს საქართველოში მეცნიერება მოკვდა (!)

კითხვა-ძახილის ნიშანი

ა) კითხვა-ძახილის ნიშანი (?!) დაისმის მაშინ, როცა წინადადებაში კითხვასთან ერთად გამოხატულია გაკვირვება ან აღტაცება: ნუთუ თვალები მატყუებენ?!

ბ) კითხვა-ძახილის ნიშანი იხმარება წყვეტილად წარმოთქმული ისეთი არასრული წინადადების გამოსაყოფადაც, რომელიც გამოხატავს როგორც კითხვას, ისე გაკვირვებას: რაო?! რაო?!

გ) ზოგჯერ ტექსტში გვხდება ფრჩხილებში ჩასმული (?!) კითხვა-ძახილის ნიშანი. ამით ავტორს სურს გამოხატოს სხვისი ნათქვამის მიმართ ეჭვიცა და გაკვირვებაც: პარლამენტის თავმჯდომარეა (?!)

წერტილ-მძიმე

ა) წერტილ-მძიმე ერთმანეთისაგან გამოყოფს (მიჯნავს) ერთნაირ ენობრივ ელემენტებს. წერტილ-მძიმე დაისმის რთულ ქვეწყობილ წინადადებაში, როდესაც მეორდება მთავარი წინადადების შემასმენელი: ახლა საჭირო იყო მხოლოდ ნაფიქრი საქმის ასრულება; საჭირო იყო მოენახა მისი მხსნელი; საჭირო იყო ორნაქმარევი უშვილო ქალი.

ბ) წერტილ-მძიმე დაისმის დამოუკიდებელ წინადადებებს შორის, რომლებიც ერთ რთულ წინადადებად არიან გაერთიანებული უკავშიროდ: ავარდა კორიანტელი; ყველა მტვრით დაიფარა.

გ) წერტილ-მძიმე დაისმის ჩამონათვალთა ბოლოს: წერის ზოგადი მიზნები:

1) მკითხველის გართობა;

2) გრძნობებისა და მოსაზრებების გამოხატვა;

3) მკითხველისათვის რაიმეს ახსნა;

4) მკითხველის დარწმუნება.

მრავალწერტილი

ა) მრავალწერტილი იწერება დაუმთავრებელი აზრის, გაწყვეტილი წინადადების ბოლოს: ჩვენ ხედვად და სმენად უღონონი ვართ და იქ კი... იქ კი რამოდენა ღონე ყოფილა შექმნისა... გიორგი...

ბ) მრავალწერტილი დაისმის წინადადებაში ან თვით სიტყვებში მღელვარებით ან სხვა რაიმე მიზეზით (ენის მოკიდება) გამოწვეული შეფერხების გამოსახატავად: გიორგი მაჯობე... ვკვდები. –სიზ...მარ...ში? გაოცებით იკითხა ერისთავმა და პირი გააღო.

გ) მრავალწერტილი დაისმის ციტატის თავში ან ბოლოში, თუ ციტირებული დასაწყისი ან ბოლო არ ემთხვევა წინადადების დასაწყისს ან ბოლოს დედანში: ილია წერდა: "... თუ მთქმელსა და გამგონეს ერთმანეთის ენა არ ესმით, იქ არც თქმაა და არც გაგონება..."

დ) მრავალწერტილი დაისმის ციტატაში რომელიმე სიტყვის ან წინადადების გამოტოვების აღსანიშნავად: `კაცია ადამიანში~ ვკითხულობთ: "მაჭანკალი ... გახლდათ ერთი მოხუცებული, დარბაისელი, ლამაზი და ქვრივი დედაკაცი".

ორწერტილი

ა) ორწერტილი დაისმის შერწყმულ წინადადებაში ერთგვარი წევრების წინ _ ყველა მე ჩამომეკიდა: მამასახლისი, გზირი. * შენიშვნა: თუ განმაზოგადებელი სიტყვა ერთგვარ წევრებს მოსდევს, ტირე დაიწერება. (მაგ.: დამჭკნარი დიყი, შუპა, შამბი, არყი და ცაცხვი ყველანაირად შფოთავდნენ.).

ბ) ორწერტილი დაისმის წინადადების ბოლოს, რომელსაც მოსდევს პირდაპირი ან ირიბი ნათქვამი: ყმაწვილმა კაცმა მიიწია მისკენ და ხმადადაბლებით ჰკითხა: - თქვენ მართლა ეძებთ სადედინაცვლო ქალს?

გ) ორწერტილი დაისმის ციტატის წინ. ილია წერდა: "ჩვენთვის ღმერთს არა დაუშავებია რა, არა დაუზოგვია რა, არა დაუკლია რა; თუ ქვეყანაზე ერთი-ორი კუთხეა იმისთანა, რომ კაცს ეთქმოდეს, - ქრისტე ღმერთმა თავისი კალთა უხვებისა დაიბერტყაო, იმათში უკანასკნელი საქართველო არ არის."

დ) ორწერტილი დაისმის უკავშირო რთული წინადადების ბოლოს, რომელსაც მოსდევს ერთი ან რამდენიმე წინადადება და მასში ახსნილია, დაკონკრეტებულია ის, რაზედაც საჭიროა საუბარი მთავარ წინადადებაში: "ქვეყანაზე ორი მოპირისპირე ძალა არსებობს: სიმდიდრე და სიღარიბე, ძლიერი და სუსტი". ე) ორწერტილი დაისმის მთავარ წინადადებასთან მაშინაც, როცა მომდევნოში მოცემულია მიზეზი, შედეგი, საფუძველი იმისა, რის შესახებაც მასშია საუბარი: შაჰ-აბაზი ცეცხლითა და მახვილით შემოიჭრა კახეთს და მუსრი გაავლო: ციხე-ქალაქები დააქცია, სოფლები ააოხრა.

მძიმე

ა) მძიმე დაისმის შერწყმული წინადადების ერთნაირ წევრებს შორის: აივანზე დარჩნენ ბესარიონი, პელაგია და სოლომონი. გოჩას დაღონებული, გაფითრებული, სევდიანი თვალები ზღვისკენ მიეპყრო.

ბ) მძიმე დაისმის მაჯგუფებელი (მაგ.: ხან უცნაური ვარ, ხან ბრძენი), მაცალკევებელი (მაგ.: ან მომაცილეთ ბორკილი, ან ხმლით მომჭერით თავი) კავშირების წინ, თუ მაკავშირებელი სიტყვა გამეორებულია.

გ) მძიმე დაისმის მაგრამ, ოღონდ, ხოლო, თუ, თუმცა, თორემ მაპირისპირებელი კავშირების წინ: ჩვენ თუნდ სულ ერთ დღეს დავიხოცებით, ოღონდ შენ იყავ, მეფევ, დღეგრძელი!

დ) მძიმე დაისმის წინადადებაში გამეორებული სიტყვების წინ: ძიძიას შესტრფოდნენ ბევრნი, ძალიან ბევრნი.

ე) მძიმე დაისმის შედარების დროს, კავშირებთან როგორც, თითქოს, ვიდრე: ხელები წინ გაიშვირა, თითქოს უნდოდა ხელში აეყვანა ვინმე.

ვ) მძიმეებით გამოიყოფა გამეორებული სიტყვები და გამოთქმები:

1. განკერძოებული განსაზღვრება: ამ სახლს წალმით დახურული მარანი ედგა, ოთხკუთხივ ღია და ფარღალალა.

2. განკერძოებული გარემოება: თბილისის სამხრეთით, ორმოცი ვერსის მანძილზე, არის მოზრდილი სოფელი.

3. დანართი: მარინე, კაცის უფროსის ქალიშვილი, კართან იდგა.

4. მიმართვა: ახლა კი, ამხანაგებო, დავლიოთ ჩვენი მასპინძლის სადღეგრძელო!

5. ჩართული: ჩართულ სიტყვებად ხშირად გამოყენებულია: ამრიგად, ამგვარად, ასე ვთქვათ, ასე რომ, დავუშვათ, ერთი სიტყვით, რა თქმა უნდა, რასაკვირველია, მაგალითად, ვფიქრობ, სხვათა შორის, ჩემი აზრით, ერთი მხრივ და სხვ. ეს საკითხი, ჩემი აზრით, ისევ მოითხოვს განხილვას. ჩემთვის, რა თქმა უნდა, მოულოდნელი არ იყო. 6. მიგებითი ნაწილაკი: 1. დადებითი - კი, ჰო, დიახ და 2. უარყოფითი - არა, ვერა. - ჰო, იმას ვამბობდი. - არა, ვერ წამოვალ. - კი, ბატონო! 7. შორისდებულები: ოჰ, ეჰ, უჰ, ვაჰ, ვაი, ფუ, ვიშ, ჰოი, უი, ვაშა და სხვ. მძიმით გამოიყოფა: ოჰ, შენა ხარ? ვაი, რა ცარიელია ეს სავსე ქვეყანა უადამიანოდ! 8. მძიმე დაისმის რთულ ქვეწყობილ წინადადებაში უკავშიროდ შეერთების დროს: თერგი რბის, თერგი ღრიალებს, კლდენი ბანს ეუბნებიან. 9. მძიმე დაისმის ქვეწყობილ წინადადებაში მთავარსა და დამოკიდებულ წინადადებებს შორის. 1) დამოკიდებული წინადადება მთავრის შემდეგ: ბუნდოვნად ახსოვდა, რომ ის და კირილე ცხენებზე შესხეს და სადღაც გააქანეს. 2) მთავარი წინადება დამოკიდებულის შემდეგ: ვინც მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია. 3) დამოკიდებული წინადადება მთავარში მოქცეული: სწორედ იმ დროს, როცა ორი დარბაისელი მამა-შვილი ბუხრის წინ საყვედურობდნენ, თეიმურაზ მეფე მართლა ჩაკეტილში იჯდა.

ტირე

ა) ტირე იწერება წინადადების რომელიმე გამოტოვებული წევრის (ქვემდებარე, შემასმენელი, დამატება, კავშირი) ადგილას: ელფერობით ვარდი არის, სინაზით კი — მორცხვი ია. თვალი მქონია — მინახავს, ყური მქონია — მსმენია.

ბ) ტირე იწერება განმაზოგადებელი სიტყვების წინ. კაცი, ქალი, დიდი, პატარა, ერი, მღვდელი — მისთვის სულ ყველა ერთი იყო. წაიღებდნენ ხელსაწყოებს — ცულს, ნაჯახს, თოხს.

გ) ტირე იწერება დანართის წინ, თუ ის წინადადების ბოლოშია, ხოლო თუ წინადადებაშია მოქცეული, ორივე მხრიდან ტირეებით გამოიყოფა. ჩემი ოჯახი — წინანდელი, აწინდელი და მომავალი — იცოდე, საძირკველია ჩვენი ცხოვრების.

დ) ტირეებით გამოიყოფა წინადადებები, სიტყვები, რომლებიც ტექსტში ჩართულია მისი ახსნისა და შევსების მიზნით: ამას წინათ — სულ ორი კვირა არ იქნება — კინაღამ სოფლის სასამართლომ გომურში არ დაამწყვდია.

ე) ტირე იწერება ორ წინადადებას შორის, თუ მეორეში გამოხატული აზრი მკვეთრად უპირისპირდება პირველს: იკრა პეტრემ ჯიბეს ხელი და — ორივე მოჭრილი ჰქონდა.

ვ) ტირე იწერება მძიმის შემდეგ, როდესაც ჩართული წინადადება ვრცელია: ჩვენც — აი, ამოაგდო ღმერთმა ავი კაცის ქოქი — ერთ რუსს გავურიგდით, რვა მანეთი მივეცით, რომ ქალაქში ჩავეყვანეთ.

ზ) ტირე იწერება მძიმის შემდეგ, როდესაც რთულ ქვეწყობილ წინადადებაში მთავარ წინადადებას წინ უძღვის რამდენიმე დამოკიდებული წინადადება: რა იყო ეს მიზეზი, საიდან ქროდა ნიავი, რომელსაც, მას, როგორც ნადირს, სუნს აყრიდა და აკრთობდა, — მოხუცი ვერ მიმხვდარიყო.

თ) ტირე იწერება დიალოგებში პერსონაჟთა მეტყველების და ავტორის რემარკების გამოსაყოფად: — შენი სახელიც მითხარი — მკითხა მან. — აკი, გითხარი უკვე! — ახლა მე ვუპასუხე. — სადაური ხარ? — ისევ მკითხა მან.

ი) ტირე იწერება საკუთარ სახელებს შორის, რომელთა ერთობლიობა ქმნის რაიმე მოძღვრების ან სამეცნიერო დაწესებულების დასახელებას: მარქსიზმ-ლენინიზმი, სასწავლო- სააღმზრდელო პროგრამა.

ფრჩხილები

1. ფრჩხილებში ჩაისმის:

ა) სიტყვები, რომლებიც წინადადებაში ჩართულია გადმოცემული აზრის განსამარტავად, დასაზუსტებლად: აღმოჩნდა, რომ მამაჩემმა დაგვიტოვა ქოხი, დამსხვრეული ტახტი, ერთი ძველი ჭილოფი, ერთი დაგლეჯილი ფარდაგი (დედაჩემის მზითვები), ერთი ძველი ლოგინი, სამი ჩინური ჯამი, ერთი ქვაბი და ორი შამფური.

ბ) სიტყვები და წინადადებები, რომლებიც მოყვანილია დამატებითი შენიშვნის სახით: როგორ მომიწონებს კატო (კატო მოსეს მეუღლეს ერქვა სახელად), როცა გეტყვი ამ ამბავს. * შენიშვნა: ფრჩხილებში მოცემულ წინადადებას აზრობრივი კავშირი არ აქვს ამ წინადადებასთან.

2. არის შემთხვევები, როცა მოცემული წინადადება აზრობრივ კავშირს ამყარებს წინადადებასთან, მაგრამ დამატებითი, მეორეხარისხოვანი შენიშვნის სახით: თანასწორი იარაღით ბრძოლას არ გავექცევი (რომ გავექცე, სადამდის უნდა ვირბინო?).

ა) სტენოგრაფიულ ანგარიშებში ფრჩხილებში ჩაისმის ფრაზები, რომლებიც მიუთითებენ მსმენელთა დამოკიდებულებასა და აზრზე: ორატორის გამოსვლა დასრულდა (მოძრაობა დარბაზში).

ბ) ფრჩხილებში ჩაისმის ციტირებული ავტორის სახელი, გვარი და ნაშრომის სათაური ციტატის ბოლოს: "ცდის პირები უნდა ყოფილიყვნენ ინფორმირებული იმ ზეგავლენის შესახებ, რაც შეეძლო მათზე მოეხდინა ექსპერიმენტს" (ბაუმრიდი).

გ) ფრჩხილებში ჩაისმის რემარკები დრამატულ ტექსტში: ანდუყაფარი (ოთახიდან) ვინ ლაპარაკობს მანდა?

ბრჭყალები

ა) ბრჭყალებში ჩაისმის ციტატები. ილია წერს: "ქრისტე ღმერთი ჯვარს ეცვა ქვეყნისათვის და ჩვენც ჯვარს ვეცვით ქრისტესთვის".

ბ) ბრჭყალებში ჩაისმის გაზეთების, ორგანიზაციების, დაწესებულებების და ა.შ. სახელწოდებები და სათაურები: სამკითხველო დარბაზში მაგიდაზე ეწყო გაზეთები: "კვირის პალიტრა", "ალია", ჟურნალები — "ანაბეჭდი" და "სარკე".

გ) ბრჭყალებში ჩაისმის ირონიულად გამოყენებული სიტყვები: ოსმა შეცდომა „შეისწორა' მე წაგაქციეს, სენი წილი მე, მენა.

დ) ბრჭყალებში ჩაისმის ბარბარიზმები და მოძველებული სიტყვა-გამოთქმები: შემაწუხე ამდენი კითხვით, „პოჟოლუსტა" დამეხსენი.