როგორ შევინახოთ კარტოფილი - rogor.ge

როგორ შევინახოთ კარტოფილი

 

კარტოფილის მოსავლის აღების შემდეგ კარტოფილის ტუბერი 40-45 დღის განმავლობაში განაგრძობს დამწიფებას, ამ პერიოდში მოსავლის აღებისას მიყენებული დაზიანება თანდათან ხორცდება, კანი მაგრდება და გემო უმჯობესდება. ჰაერის ოპტიმალური ტემპერატურა ამ პერიოდში უნდა იყოს 18-190C-, თუმცა შეიძლება (ამინდის გამო) დაეცეს 11-130C-მდე, ტენიანობა - 90-95%. ამ დროის განმავლობაში სასურსათე კარტოფილი უნდა ინახებოდეს სიბნელეში, ხოლო სათესლე შესაძლებელია შევინახოთ სინათლეზეც. აღნიშნული პერიოდის ამგვარ პირობებში თავს იჩენს ტუბერის ყველა ფარული დეფექტი, ამიტომ ხანგრძლივი დროით შესანახად (დაბინავებამდე) ისინი უნდა გადავარჩიოთ და დაზიანებული და დაავადებული ტუბერები მოვაშოროთ.

 

სასურსათე კარტოფილის ხანგრძლივი შენახვისათვის საჭიროა უფრო დაბალი ტემპერატურა - 2-30C, მცირე დროით შენახვისათვის (2- 3 თვე) ტემპერატურა შესაძლებელია იყოს უფრო მაღალი, მაგრამ არა უმეტეს 5-70C. კარტოფილის ხანგრძლივი შენახვის დროს ტენიანობა უნდა იყოს 85-93%. თუ ტენიანობა უფრო მაღალია, ტუბერი ნაადრევად ღივდება, ხოლო 70% ტენიანობის პირობებში - რბილდება.

 

ვენტილაცია კარტოფილის ხარისხიანად შენახვის ერთერთი მნიშვნელოვანი პირობაა. უჟანგბადო გარემოში ტუბერი იგუდება და ფუჭდება. ხოლო ჟანგბადის სიმცირისას შავდება რბილობი (პირველ რიგში გული). ვენტილაციის საშუალებით შესაძლებელია ვარეგულიროთ შენახვისათვის მნიშვნელოვანი ყველა ფაქტორი (ტემპერატურა, ტენიანობა, ჟანგბადი). ხანგრძლივი შენახვისას კარტოფილის ხარისხზე მოქმედებს ტარა, რომელშიც ტუბერები ინახება. მოსახერხებელია ბადისებრი ტომრები, რომლებშიც კარგად ხდება ვენტილაცია. ტომრები უმჯობესია დავაწყოთ შტაბელებად 1-1,5 მეტრის სიმაღლეზე.

 

ტუბერები მაშინ სველდება, როცა ჰაერის ტემპერატურა საწყობში (კარტოფილის თავზე) უფრო დაბალია, ვიდრე შტაბელებად დალაგებული კარტოფილის ფენებს შუა. 10C სხვაობასაც კი შეუძლია გამოიწვიოს წყლის მნიშვნელოვანი გამოყოფა. ამ მოვლენის თავიდან ასაცილებლად საჭიროა კარტოფილის თავზე შევინარჩუნოთ უფრო მაღალი, ხოლო კარტოფილის ფენებს შუა უფრო დაბალი ტემპერატურა, ამასთანავე ტუბერები უნდა დავაწყოთ მცირე პარტიებად.

 

ზოგჯერ სასურსათე კარტოფილს (მოსავლის აღების შემდეგ) ინახავენ 1-20C-ზე. მართალია, ასეთი ტემპერატურა აჩერებს სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების განვითარებას, მაგრამ ხელს უწყობს ტუბერებში შაქრების მაღალი შემცველობით დაგროვებას (კარტოფილს აქვს ტკბილი გემო). ასეთ შემთხვევაში, სასურსათედ ან სარეალიზაციოდ გამოყენებამდე 1-2 კვირით ადრე, საწყობში უნდა იყოს 15-170C. ასეთი ტემპერატურული რეჟიმის პირობებში დაგროვილი შაქრები გარდაიქმნება სახამებლად და კარტოფილის გემოც აღდგება.

 

სათესლე კარტოფილის შენახვისას ჰაერის ტემპერატურა ცოტა მაღალი უნდა იყოს, ვიდრე სასურსათე კარტოფილისა. სხვადასხვა ჯიშებს სხვადასხვა ტემპერატურული რეჟიმი სჭირდება, თუმცა, როგორც წესი, 4-60C-ზე შენახვა არ აუარესებს თესლის ხარისხს.