როგორ გავიგოთ მეტი კათოლიციზმზე (კათოლიკური ეკლესია) - rogor.ge

როგორ გავიგოთ მეტი კათოლიციზმზე (კათოლიკური ეკლესია)

 

ქრისტიანული სამყაროს დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად თანდათანობითი გაყოფის შემდეგ, ტრადიციულად, "კათოლიკე ეკლესიის" სახელწოდება შეინარჩუნა საქრისტიანოს იმ ნაწილმა, რომელიც თანაზიარებაში იმყოფება რომის პაპთან.

 

კათოლიკე ეკლესია ყველაზე მრავალრიცხოვანი ეკლესიაა მსოფლიოში. ამავე დროს, კათოლიკური კონფესია ყველაზე მრავალრიცხოვანია, საერთოდ, მსოფლიოში არსებულ რელიგიურ აღმსარებლობათა შორის. კათოლიკეთა რაოდენობა ერთ მილიარდ ორას მილიონ ადამიანს უახლოვდება. კათოლიკე ეკლესია გავრცელებულია მთელი დედამიწის ზურგზე. არც ერთ კონტინენტზე არ არსებობს სახელმწიფო, სადაც არ ცხოვრობდნენ კათოლიკეები ან არ მოქმედებდეს კათოლიკური საკრებულო. ევროპის, ჩრდილოეთ თუ სამხრეთ ამერიკის, აზიის, აფრიკისა და ოკეანიის მრავალ სახელმწიფოში მოსახლეობის უმრავლესობა კათოლიკეა.

 

კათოლიკე ეკლესია ერთიანი, მთლიანი, საერთაშორისო, ცენტრალიზებული დაწესებულებაა, რომელიც, მოქალაქეობის, ეროვნების, ენისა და კულტურის მიუხედავად, დედამიწის ყველა ქვეყნის კათოლიკეს აერთიანებს. როცა ცალკეულ ადგილას ადგილობრივი საკრებულო ან ადგილობრივი ეკლესია არსებობს, ის მაინც სავსებით კათოლიკურია, თუკი ის თანაზიარებაში იმყოფება რომის ეპისკოპოსთან.

 

ეკლესიის მოძღვრება ეფუძნება წმიდა წერილსა და წმიდა გადმოცემას. წმიდა წერილი, ანუ ბიბლია, შედგება ძველი და ახალი აღთქმის წიგნებისაგან, რომელთა ტექსტები შექმნილია ღმრთაებრივი შთაგონებით, რის გამოც მათ ღმრთივშთაგონებული ეწოდება. საეკლესიო გადმოცემა ნიშნავს გამოცხადების უწყვეტ გადაცემას ქრისტიანთა ერთი თაობიდან მეორე თაობისათვის - ქადაგების, საღმრთისმსახურო ქმედებათა, ლოცვათა ტექსტების, კატეხიზაციის, რელიგიური აღზრდის, საღმრთისმეტყველო თხზულებათა, საეკლესიო ხელოვნების და ა. შ. მეშვეობით. წმიდა წერილი და წმიდა გადმოცემა არ წარმოადგენს მოძღვრების ორ დამოუკიდებელ წყაროს, რამდენადაც ერთიცა და მეორეც განეკუთვნება მთლიან, განუყოფელ, ერთიან ღმრთაებრივ გამოცხადებას. გამოცხადების მისაწვდომად, გასაგებად და მისაღებად აუცილებელია არა მარტო წმიდა წერილი, არამედ გადმოცემაც: პირველ ყოვლისა, სწორედ გადმოცემა შეიცავს ცნობებს იმის შესახებ, თუ, კერძოდ, რომელი წიგნები შეადგენს წმიდა წერილს, ესე იგი, რომელი წიგნებია ღმრთივშთაგონებული. ამის გარდა, გადმოცემა უზრუნველყოფს, რომ წმიდა წერილის ტექსტთა განმარტებისას თავიდან იქნეს აცილებული თვითნებობა და თავისუფალი ინტერპრეტაცია.

 

კათოლიკე ეკლესია აღიარებს წმიდანებს, რომლებიც უშუალო ახლობლობაში იმყოფებიან ღმერთთან, მაგრამ წმიდათა შორის განსაკუთრებული ადგილი განეკუთვნება ქალწულ მარიამს. წმიდა მარიამი სრულყოფილი სარწმუნოების სახეა. იმის გამო, რაკი იესო ადამიანიცაა და ღმერთიც, წმიდა მარიამს სამართლიანად ეწოდება ღმრთისმშობელი. მაგრამ წმიდა ქალწული არ არის მხოლოდ იესოს დედა, იგი, ამავე დროს, ყველა ქრისტიანის დედაა და ამდენად — ეკლესიის დედაცაა.