როგორ ვებრძოლოთ კარტოფილის მავნებლებს - rogor.ge

როგორ ვებრძოლოთ კარტოფილის მავნებლებს

 

კოლორადოს ხოჭო Leptinotarsa decemlineata Say მავნებლის მატლის სიგრძე დაახლოებით 15-16 მმ-ს შეადგენს. მისი თავი, წინა ზურგის ფარი და ფეხები შავია. ახალგაზრდა მატლი წითელი ან ნარინჯისფერია, მოზრდილი კი - ნარინჯისფერი, ყვითელი ელფერით. მატლს მუცლის შუა სეგმენტები ძალიან განიერი და ამობურცულია, რომელთაც გვერდებზე შავი მეჭეჭების ორ-ორი სიგრძივი რიგი მისდევს. მავნებელი ზამთრობს იმაგოს ფაზაში, ნიადაგში, სხვადასხვა სიღრმეზე, რაც დამოკიდებულია რაიონის აგროეკოლოგიურ თავისებურებებზე. ხოჭოების გამოზამთრება ხდება მაშინ, როდესაც ტემპერატურა ნიადაგის იმ ფენაში, სადაც მავნებელი იმყოფება, მიაღწევს +140-ს. ამ პერიოდში ხოჭოები საჭიროებენ დამატებით კვებას, რისთვისაც იკვებებიან როგორც კარტოფილის, ისე ძაღლყურძენასებრთა ოჯახში შემავალი სხვა მცენარეების ფოთლებით (პომიდორი, ბადრიჯანი, წიწაკა და სხვა). დამატებითი კვების შემდეგ ხოჭოები იწყებენ კვერცხის დებას ძაღლყურძენასებრთა ოჯახის წარმომადგენელ მცენარეთა ფოთლების ქვედა მხარეზე. კვერცხი ჯგუფ ჯგუფად იდება, თითოეულ ჯგუფში რამდენიმე ათეული კვერცხია. კვერცხდების პროცესი ყველაზე ინტენსიურად მიმდინარეობს მაშინ, როდესაც ტემპერატურა +170-ზე მაღალია. ბრძოლის ღონისძიებები - კოლორადოს ხოჭო საშინაო საკარანტინო მავნებელია, ამიტომ საჭიროა საკარანტინო ღონისძიებების დაცვა იმ რეგიონებში, სადაც ის ჯერ კიდევ არ არის გავრცელებული. ბიოლოგიური პრეპარატებიდან კარგ შედეგს იძლევა ნოვოდორი სკ-ს (2-3 შესხურება ვეგეტაციის პერიოდში მავნებლის ყოველი თაობის 1-2 ასაკის მატლების წინააღმდეგ, 6-7 დღიანი ინტერვალით), ნბკ წხ (ნიადაგისა და მცენარის შესხურება 3-4 ასაკის მატლების წინააღმდეგ), კოლორადო სკ (1-2 შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 1-2 ასაკის მატლების წინააღმდეგ 5-7 დღიანი ინტერვალით), დემიციდი კს (შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 1-2 ასაკის მატლების წინააღმდეგ 6-7 დღიანი ინტერვალით).

 

კარტოფილის ღეროს ნემატოდა Ditylenchus destructor Thorne ზრდასრული მამალი ნემატოდას სხეულის სიგრძე 0,72-1,35 მმ-ს შეადგენს, სიგანე - 0,02-0,032 მმ. მავნებლის სხეული დაფარულია მკვრივი და გამჭვირვალე კუტიკულით. როგორც მდედრობით, ასევე მამრობით ინდივიდებს ძაფისებრი სხეულის ფორმა აქვთ. მათი სხეული თავსა და ბოლოში შევიწროებულია, თავის ნაწილი ბლაგვია. ნემატოდა უვნებლად იტანს დაბალ ტემპერატურას. მისი ემბრიონული განვითარების ქვედა თერმული ზღვარი 50 – ია, პოსტემბრიონალური განვითარებისა კი – 30. მავნებელი ასევე კარგად იტანს მაღალ ტემპერატურასაც (50 გრადუსს ოთხი საათის განმავლობაში). განვითარების ციკლში კარტოფილის ნემატოდა გაივლის კვერცხის, მატლისა და ზრდასრულ ფაზებს. განვითარების სრული ციკლი 20-25 დღე გრძელდება. მატლი გადის ხუთ ხნოვანებას, ზამთარში ყველა ფაზაში შეიძლება შეგვხვდეს. მავნებელი აზიანებს კარტოფილის კულტურას როგორც მინდვრად, ასევე საწყობში. მცენარის გორგლების კანი დაზიანების ადგილას ნაცრისფერს ღებულობს და ტყავისებრი ხდება. ეს ადგილები ჩაღრმავებულია, კანი კი დამსკდარი, რითაც მკაფიოდ გამოირჩევა საღი ადგილებისაგან. ბრძოლის ღონისძიებები - დასარგავი მასალა უნდა იყოს სრულიად საღი. საუკეთესო საშუალებაა თესლბრუნვა - კარტოფილი მხოლოდ 4-5 წლის შემდეგ უნდა მოხვდეს იმავე ნაკვეთზე, ვინაიდან ნემატოდა ნიადაგში 2-3 წლის განმავლობაში არ კარგავს თავის ცხოველმყოფელობას. მიზანშეწონილია საგვიანო ჯიშების დარგვა, რადგან საადრეო ჯიშები უფრო ძლიერ ზიანდებიან. სარეველა მცენარეებისაგან ნაკვეთი აუცილებლად დროულად უნდა გასუფთავდეს.