როგორ ვიცხოვროთ მართლმადიდებლურად - rogor.ge

როგორ ვიცხოვროთ მართლმადიდებლურად

 

გაღვიძებისთანავე წამოდექით ფეხზე, გადაიწერეთ პირჯვარი და გაიმეორეთ: "დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის უკუნითი უკუნისამდე!" გამოხატეთ მადლიერება უფლისადმი კიდევ ერთი გათენებული დღისათვის. აუცილებელია ვიყოთ მადლიერები, იმისა, რაც გაგვაჩნია.

 

ილოცეთ გაღვიძებისას და ძილის წინ დაიწყეთ დილის ლოცვების კითხვა, ეს მხოლოდ 20–30 წუთს წაგართმევთ. ლოცვების წიგნები იყიდება ყველა ეკლესიასა და საეკლესიო მაღაზიებში. დილის ლოცვით დაწყების შემდეგ თქვენ ბევრად უფრო მობილიზებული, თავდაჯერებული და მშვიდი იქნებით. ასევე ძილის წინ აუცილებლად წაიკითხეთ შესაბამისი ლოცვები.

 

ყოველი ჭამის წინ წარმოთქვით "მამაო ჩვენო" და შესაბამისი ლოცვები, რომლებიც წერია ყოველდღიური ლოცვების წიგნში. ტრაპეზობის (ჭამის) დასრულების შემდეგ წარმოთქვით სამადლობელი ლოცვები.

 

შეეცადეთ იყოთ მეტად თავშეკავებული და თავდაჯერებული. ნუ მიაქცევთ ყურადღებას ადამიანების გამაღიზიანებელ სიტყვებს და ნუ აჰყვებით მათ. ამისათვის კი ძალიან მნიშვნელოვანია იესოს ლოცვა, რომელიც ჟღერს ასე: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი." ხშირად იმეორეთ ეს სიტყვები, რომლებიც უდაოდ ამშვიდებს და ეხმარება ადამიანს თვითკონტროლის გაძლიერებაში.

 

ძალიან კარგი იქნება, თუ შეძლებთ და გამონახავთ დროს, ყოველ სამ საათში ერთხელ 10 წუთიანი ლოცვისათვის, შვიდგზის ლოცვები ძალიან ძლიერია. სულ 10 წუთი გჭრდებათ, იმისათვის, რომ ყოველ სამ საათში მიმართოთ უფალს და ილოცოთ საყვარელი ადამიანების კეთილდღეობისათვის და/ან ცხონებისათვის.

 

ყოველ კვირა დღეს დაესწარით წირვას ეკლესიაში, გადადეთ ყველა საქმე და რამდენიმე საათი დილით ეკლესიაში მადლის მიღებას დაუთმეთ. შეარჩიეთ ეკლესია, რომლის მრევლის წევრობაც თქვენთვის მოსახერხებელი და სასურველი იქნება. ლოცვებზე დასწრების ინტენსიურობა დაგეხმარებათ ნებისყოფის მნიშვნელოვნად გაძლიერებაში. სასურველია, მოისმინოთ შაბათი საღამოს (მწუხრის) ლოცვა.

 

დაიცავით მარხვა მარხვის დაცვა არ გულისხმობს, მხოლოდ ცხოველური პროდუქტების მიღებაზე უარის თქმას. ეს ნიშნავს საკუთარი მოთხოვნილებების კონტროლს, სულიერ გაძლიერებას. მარხვისას უნდა იყო უფრო მომთმენი, მიმტევებელი, მშვიდი. ეზიარეთ მარხვის პერიოდში. შეარჩიეთ მამაო, რომელსაც ენდობით და მარტივად შეგიძლიათ მასთან საკუთარ ცოდვებზე, პრობლემებსა და წუხილზე საუბარი, ჩააბარეთ მას აღსარებას. აღსარებისა და ზიარების წმიდა საიდუმლოების მიღების შემდეგ, თქვენ იგრძნობთ საოცარ შინაგან სიმსუბუქესა და სულიერ შვებას. რა თქმა უნდა, არც ისე მარტივი პროცესია, ცხოვრების წესის რადიკალური ცვლილება, მაგრამ დროთა განმავლობაში თქვენ დაინახავთ, რომ შეძელით საკუთარი თავის ფორმირება, უკეთესობისკენ შეცვლა და ეს იქნება უფრო დიდი ბიძგი იმისათვის, რომ ღვთისგან მომადლებული ცხოვრების უფრო მეტი ნაწილი დაუთმოთ მასთან საუბარსა და მისი მოძღვრების შესრულებას.