როგორ მოვახდინოთ ზეგავლენა ადამიანზე საქმიან ურთიერთობებში - rogor.ge

როგორ მოვახდინოთ ზეგავლენა ადამიანზე საქმიან ურთიერთობებში

 

პირველ რიგში უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთი ზემოქმედების შესაძლებლობები ჭეშმარიტად უსაზღვროა: სიტყვა კურნავს და სიტყვა კლავს. ყიველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ გამოვიყენებთ ამ უზარმაზარი შესაძლებლობების მხოლოდ ნაწილს. ჩვენი მეტყველება შაბლონური, უფერული, ნაკლებად ემოციურია. ამიტომაც პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, სხვა ადამიანზე გავლენის მოსახდენად, არის ჩვენი მეტყველების რესურსების მობილიზება, ვეცადოთ ვისაუბროთ ხატოვნად, გულწრფელად, საინტერესოდ, ნათლად. ტყუილად არ ასწავლიან მენეჯერებს ორატორის ხელოვნებას.

 

იმ ადამიანთან საუბარში, რომლის მოქცევასაც აპირებთ, საჭიროა ფართოდ გამოიყენოთ ქება და გამართლება. საუბარი უნდა დაიწყოთ პარტნიორის პოზიციის გულწრფელი გამართლებით. რადგანაც, როგორც ცნობილია, ადამიანის აზრებში და ქცევებში ყოველთვის შეიძლება რამე მიმზიდველის პოვნა. თქვენს გულწრფელობაში დარწმუნების შემდეგ, თანამოსაუბრე უფრო იოლად აღიქვამს და უფრო სწრაფად აღიარებს თქვენი მოსაზრებებიდან იმას, რომელიც არ ემთხვევა მის საკუთარს. მუდმივად შეახსენეთ ადამიანს მისი კარგი რეპუტაციის, მისდამი ადამიანების ნდობის, შესაბამისად, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო დიდი პასუხისმგებლობის შესახებ.

 

გამოიჩინეთ განსაკუთრებული დელიკატურობა თანამოსაუბრის იმ შეცდომებზე საუბრისას, რომლის გასწორებაც მას მოუწევს. ნუ ისაუბრებთ შეცდომებზე უხეშად, გააკეთეთ ეს მსუბუქად. აუცილებლად დაუტოვეთ თანამოსაუბრეს "თავის გადარჩენის" შესაძლებლობა. შეამცირეთ მისი შეცდომები. აჩვენეთ, რომ მათი გასწორება ძნელი არ იქნება. ეცადეთ, შთააგონოთ, რომ შეცდომების გასწორება არა მარტო სასარგებლო, არამედ სასიამოვნოც იქნება, მას სიხარულს მიანიჭებს.

 

თუ თქვენს მიერ მიღებულია გადაწყვეტილება, შეწყვიტეთ მისი გაანალიზება, ნუ ინერვიულებთ პასუხისმგებლობის გამო და იზრუნეთ მხოლოდ შედეგებზე. მავნებელია პრობლემებზე არა მარტო არასაკმარისი დაფიქრება, არამედ მათში ზედმეტი ჩაღრმავებაც. საქმიანი თათბირების ჩატარებისას თავიდანვე განაწყეთ მონაწილენი კონსტრუქციულად. მოითხოვეთ ყოველი მათგანისგან მკაფიო პასუხები შემდეგ ოთხ კითხვაზე: რაშია პრობლემა? რამ გამოიწვია ის? როგორია შესაძლებელი გადაწყვეტა, რომელ მათგანს სთავაზობთ და რატომ?

 

თვით, ყველაზე სერიოზული ამოცანების გადაწყვეტისას გამოიყენეთ თამაშისებური მიდგომა. ნაპოლეონს ეკუთვნის ფრაზა: "სათამაშოები მართავენ ადამიანებს". ჩვენს შემთხვევაში თამაშისებური მიდგომა ნიშნავს თვალსაჩინო და მარტივი მაგალითების მოყვანას იმ სფეროდან, რომელიც შორსაა პრობლემისგან, ყველა შესაძლებელი მაკეტების, კომიკური სურათების, სასაცილო კომპიუტერული გრაფიკის და ა.შ. გამოყენებას.