როგორ დავარეგისტრიროთ საწარმო - rogor.ge

როგორ დავარეგისტრიროთ საწარმო

 

საწარმოს (იურიდიული პირის) სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის პირობები საწარმოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია ხდება განცხადებისა და შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოსათვის დადგენილი დოკუმენტების საფუძველზე. განცხადება შეიტანება რეგისტრაციაზე უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოში საზოგადოების ადგილსამყოფელის მიხედვით. განცხადება ყველა საწარმოსათვის სავალდებულო წესით უნდა შეიცავდეს: 1. საფირმო სახელწოდებას (ფირმას); 2. ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას; 3. ადგილსამყოფელს (იურიდიულ მისამართს); 4. ყოველი დამფუძნებელი პარტნიორის სახელს, გვარს, საცხოვრებელ ადგილს, მოქალაქეობას, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სახელწოდებას, ნომერს, პირად ნომერს, ხოლო თუ დამფუძნებელი იურიდიული პირია მის საფირმო სახელწოდებას და რეგისტრაციის მონაცემებს (იურიდიული მისამართი, იმ ორგანოს დასახელება, რომელმაც რეგისტრაციაში გაატარა იურიდიული პირი, რეგისტრაციის თარიღი და საიდენტიფიკაციო ნომერი, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, მისი წარმომადგენლის მონაცემები); 5. წარმომადგენლობის უფლებამოსილებას; კომანდიტური საზოგადოებისათვის, ზემოთჩამოთვლილის გარდა, დამატებით საჭიროა მიეთითოს ყოველი კომანდიტის შესატანის ოდენობა და წარმოდგენილ იქნეს საბუთი ფაქტობრივად განხორციელებული შენატანის შესახებ. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისათვის, სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივისათვის დამატებით საჭიროა მიეთითოს: ა) საწესდებო კაპიტალის ოდენობა და საბუთი შესრულებული შენატანის შესახებ; ბ) საწარმოს ხელმძღვანელის (ყოველი დირექტორის) სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილი, მოქალაქეობა, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სახელწოდება, ნომერი, პირადი ნომერი. განცხადებას ერთვის შემდეგი დოკუმენტები: ა) საზოგადოების წესდება (2 ეგზემპლიარი); ბ) არაფულადი შესატანით დაფუძნებისას - შესატანის შეფასების დამადასტურებელი საბუთი; გ) შეზღუდული პასუხისმგებლობისა და სააქციო საზოგადოებებისათვის - დოკუმენტები დირექტორების დანიშვნის შესახებ; დ) სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. პირები, რომლებმაც უნდა წარმოადგინონ საზოგადოება, ვალდებულნი არიან, წარადგინონ ხელმოწერის ის ნიმუშები, რომლებსაც საქმიან ურთიერთობებში გამოიყენებენ. სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციისათვის წარსადგენი ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების პირის ხელმოწერის ნიმუში, აგრეთვე, თანდართული დოკუმენტები ან მათი ასლები მოითხოვს ნოტარიულ დამოწმებას (დადასტურებას).

 

რეგისტრაციის ვადა და საფასური რეგისტრაციაზე უფლებამოსილი საგადასახადო ორგანო ვალდებულია, საწარმო სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციაში გაატაროს განცხადების წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. თუ 3 სამუშაო დღის ვადაში სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია არ განხორციელდა ან განმცხადებელს წერილობით არ ეცნობა ხარვეზის ან მოტივირებული უარის შესახებ, საწარმო რეგისტრირებულად ჩაითვლება. რეგისტრაციაზე უფლებამოსილი საგადასახადო ორგანო ვალდებულია, განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ გასცეს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა. საწარმოთა რეგისტრაციის საფასურია: ა) სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება - 60 ლარი; ბ) კომანდიტური საზოგადოება - 80 ლარი გ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება - 160 ლარი დ) სააქციო საზოგადოება - 360 ლარი ე) კოოპერატივი -120 ლარი

 

ინდივიდუალური საწარმოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის წესი და პირობები ინდივიდუალური მეწარმე საფირმო სახელწოდებად იყენებს თავის სახელსა და გვარს. ინდივიდუალური მეწარმე ან საწარმოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი დაზღვეული წერილით თავისი საქმიანობის ადგილის მიხედვით რეგისტრაციაზე უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოში გზავნის ან უშუალოდ წარადგენს განცხადებას 2 ეგზემპლარად, რომელიც უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.

 

შევსებული განცხადების ფორმა უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: 1. საფირმო სახელწოდებას; 2. ინდივიდუალური მეწარმის სახელს, გვარს, მოქალაქეობას, საცხოვრებელ ადგილს, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოწმობის, პასპორტის) ნომერს, პირად ნომერს; 3. ინდივიდუალური საწარმოს ადგილსამყოფელს (საქმიანობის ადგილს); 4. ინდივიდუალური მეწარმის ხელმოწერას

 

რეგისტრაციის ვადა და საფასური რეგისტრაციაზე უფლებამოსილი საგადასახადო ორგანო ვალდებულია ინდივიდუალური საწარმო სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციაში გაატაროს განცხადების წარდგენიდან 1 სამუშაო დღის ვადაში. თუ ამ ვადაში განმცხადებელს წერილობით არ ეცნობა მოტივირებული უარის შესახებ, ინდივიდუალური საწარმო რეგისტრირებულად ჩაითვლება. საგადასახადო ორგანო ვალდებულია, რეგისტრირებულ ინდივიდუალურ საწარმოს მიანიჭოს საიდენტიფიკაციო ნომერი და დაუყოვნებლივ გასცეს შესაბამისი სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა. ინდივიდუალური საწარმოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციისათვის არ ჩამოგეჭრებათ სახელმწიფო ბაჟი, მოსაკრებელი ან სხვა რამე გადასახდელი.