როგორ მოვემზადოთ ორსულობისთვის - rogor.ge

როგორ მოვემზადოთ ორსულობისთვის

 

იდეალურია, თუ პირველი შვილის გაჩენისთვის ფიქრს დაიწყებთ 20 წლის ასაკიდან, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ უკვე ოჯახი გაქვთ და არანაირი ქრონიკული დაავადება არ გაწუხებთ არც ქმარს და არც ცოლს. ასევე მნიშვნელოვანია ამ პერიოდში სწორი და ჯანმრთელი საკვებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება, ანუ თუ თქვენ გადაწყვიტეთ მემკვიდრის დაბადებაზე ზრუნვა, ამის გათვალისწინება აუცილებელია.

 

ასევე მნიშვნელოვანია ეკოლოგიური მდგომარეობა და კლიმატური პირობები. ოჯახში მშვიდი, გაწონასწორებული, ჰარმონიული და მეგობრული ურთიერთობა. ეს არის ის ჩამონათვალი, რომელიც სასურველი და ხშირ შემთხვევაში იდეალური პირობებია შვილის გაჩენისათვის, თუმცა რეალურ ცხოვრებაში ამ ყველაფრის მოგვარება სულაც არ არის მარტივი, მაგალითად, ნორმალური დაბალანსებული კვების რეჟიმი, ეკოლოგიური პროდუქტების ჩართვა რაციონში და ა.შ. ამიტომ მაქსიმალურად ვეცადოთ და ყველა პირობა შევუქმნათ საკუთარ ორგანიზმს, რომ მომავალი პატარა იყოს ჯანმრთელი, სრულფასოვანი. მნიშვნელოვანია ვისწავლოთ კომპრომისზე წასვლა და იმ მავნე ჩვევებზე შევძლოთ უარის თქმა, რომელიც არცთუ ცოტაა ჩვენში.

 

როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ძლიერი სურვილი, გაწყობა და ფსიქოლოგიურად მომზადება შვილის გაჩენისათვის უაღრესად მნიშვნელოვანი რამაა, იმდენად, რომ მონდომების შემთხვევაში, როდესაც სურვილი არის ძლიერი, შედეგიც არ აყოვნებს და მოკლე დროში ორსულობაც დგება.

 

ორსულობის დაგეგმვა სასურველია ერთი წლით ადრე დავიწყოთ, აუცილებელია ანალიზების ჩაბარება, რათა დარწმუნდეთ, რომ არაფერი გაწუხებთ. იმ შემთხვევაში, თუ რაიმე სახის პრობლემები აღმოჩნდა, თავისთავად არის საჭირო მკურნალობის ჩატარება და მხოლოდ შემდგომ, ისიც მცირე ხნის გასვლის შემდეგ, არის კარგი დრო იმისათვის, რომ ბავშვის გაჩენაზე რეალურად დავიწყოთ ზრუნვა.

 

მავნე ჩვევები: ყველაზე ბანალური მავნე ჩვევა სიგარეტი და ალკოჰოლია. აბსოლუტურად უარი უნდა თქვათ ორივეზე, რადგან ისინი ძალიან დიდი საფრთხის შემცველია ნაყოფისათვის. არ იფიქროთ, რომ ლუდის სმა დასაშვებია. არავითარ შემთხვევაში! როგორც ქალის, ისე მამაკაცის ორგანიზმისათვის ლუდს საკმაოდ მავნე ზემოქმედება აქვს. უარყოფითად აისახება ორგანოების ნორმალურად მუშაობის პროცესზე და ასევე ჰორმონალურ ფონზეც. ამდენად, ამ სასმელის მიმართაც საკმაოდ დიდი სიფრთხილე გმართებთ. მაქსიმალურად ეცადეთ, დაკავდეთ სპორტით, იყოთ აქტიურები და დიდი დრო გაატაროთ სუფთა ჰაერზე.

 

იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე თვე უკვე გავიდა, მაგრამ თქვენ ვერაფრით მიიღეთ შედეგი, არადა მოლოდინი და საათობრივად დაგეგმილი და გაწერილი ცხოვრებაც რთულად ასატანი გახდა, არ ჩავარდეთ დეპრესიაში და არ ინერვიულოთ. იმისათვის, რომ დაძაბულობის ფონი მოიხსნათ, განიტვირთოთ და დატკბეთ ამ ცხოვრებით, მოიფიქრეთ ისეთი რამ, რაც შეძლებს მრავალფეროვნების შემოტანას თქვენს ცხოვრებაში და გაგიხალისებთ გუნება–განწყობას.

 

ამდენად, იყავით ოპტიმისტურად განწყობილი და ფსიქოლოგიურად სათანადოდ მომზადებული მშობლის სტატუსის მოსარგებად და გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ აუცილებლად მიიღებთ სასურველ შედეგს.