როგორ დავარეგისტრიროთ საკუთარი ბიზნესი - rogor.ge

როგორ დავარეგისტრიროთ საკუთარი ბიზნესი

საქართვლოში ბიზნესის დაწყების მხრივ ყველაზე ხშირად ირჩევენ ან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, ან ინდივიდუალურ მეწარმეს. ზოგადად მათ შორის განსხვავების დანახვა საკმაოდ მარტივია, ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში მისი დარეგისტრირება მხოლოდ 20 ლარამდე ჯდება და სავარაუდოდ სულ 30 წუთი გჭირდებათ. რეგისტრირდება მხოლოდ ერთ პირზე და ნოტარიუსის ან დამატებით იურისტის ჩართვა საჭირო არ არის, მაგრამ მომავალში რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ინდივიდუალური მეწარმე მის საქმიანობიდან წარმოშობილი ვალდებულებისთვის კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით, ანუ ყველა იმ აქტივით, რაც მასზეა დარეგისტრირებული. შპს-ს შემთხვევაში, მისი დარეგისტრირება 150 ლარამდე ჯდება თუ ჩავთვლით ნოტარიუსის ხარჯებსაც. მისი დარეგისტრირება ხდება დაახლოებით ორ დღეში. მაგრამ შპს-ს დარეგისტრირება შეუძლია არამარტო ერთს, არამედ რამდენიმე პირს. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, სადაც მეწარმის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით საზოგადოებაში. ანუ მომავალში დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მეწარმე პასუხს აგებს მხოლოდ იმ ქონებით, ან იმ წილით რაც მას აქვს შპს-ში.

მეწარმის დარეგისტირება საქართველოში ხდება საჯარო რეესტრში, კერძოდ მარჯანიშვილზე (აღმაშენებლის გამზირისა და მარჯანიშვილის გადაკვეთაზე). საჯარო რეესტრში უნდა წარადგინოთ განცხადება საწარმოს რეგისტრაციის შესახებ, რომელსაც თან უნდა დაერთოს საწარმოს ყველა პარტნიორის მიერ ხელმოწერილი და სანოტარო წესით დამოწმებული წესდება (პარტნიორთა შეთანხმება, რომელიც ინდ. მეწარმის შემთხვევაში საჭირო არაა), რომელშიც უნდა მიეთითოს:

  1. საწარმოს სახელწოდება;
  2. საწარმოს სამართლებრივი ფორმა;
  3. საწარმოს იურიდიული მისამართი ;
  4. საწარმოს დამფუძნებელი პარტნიორის (პარტნიორების) სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი და პირადი ნომერი, ხოლო თუ პარტნიორი იურიდიული პირია – მისი საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი, რეგისტრაციის თარიღი, საიდენტიფიკაციო ნომერი და მონაცემები მისი წარმომადგენლების შესახებ;
  5. საწარმოს მმართველობის ორგანო, გადაწყვეტილების მიღების წესი, ხოლო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემთხვევაში – მონაცემები პარტნიორთა მიერ კომპანიის წილების გადანაწილების შესახებ.