როგორ ვეთამაშოთ ბავშვს - rogor.ge

როგორ ვეთამაშოთ ბავშვს

 

თამაში ''დაიჭირე'' ყველა ბავშვს უყვარს სათამაშოს დაჭერა. დაჯექით იატაკზე, ბავშვი პირდაპირ დაისვით და ფრთხილად გაუგორეთ რბილი ბურთი ან გორგოლაჭებიანი სათამაშო. შეიძლება ბავშვმა აიღოს სათამაშო და დაგიბრუნოთ. ანდა, პირიქით, დაიტოვოს და დათვალიერება დაუწყოს, ან სულაც, ღეჭვა დაუპიროს. შეიძლება სათამაშო გამოგიწოდოთ და განიშნოთ, რომ ისევ გაუგოროთ. ეს ბუნებრივია, მართალია ხელში აღება იცის, მაგრამ ჯერ ხელიდან გაშვება არ შეუძლია. ნუ ეცდებით, სათამაშო თქვენკენ გამოაგორებინოთ. მხოლოდ უთხარით, რა კარგი სათამაშოაო და თამაში გააგრძელეთ.

 

კალთაში ხტუნვა თამაშები "აჩუ-აჩუ ცხენო'', "ბეკეკინა თხაო" და ა.შ. ბავშვებს ძალიან მოსწონთ. ბავშვი დაისვით კალთაში და ხტუნვით რიტმულად ააყოლეთ ლექს ან სიმღერას. ასეთი თამაშები ხმაურიანადაც შეგიძლიათ ითამაშოთ და წყნარადაც. ბავშვი თვითონვე მიგანიშნებთ ხოლმე, როცა კვლავ მოუნდება თამაში და იმასაც, როცა დაიღლება.

 

დამალვა და პოვნა ძებნა-პოვნის თამაში ნებისმიერი ასაკის ბავშვს მოსწონს, ჩვილობის დროიდან დაწყებით კლასებამდე. პატარას აჩვენეთ, რომ სათამაშო პირსახოცის ქვეშ დამალეთ, შემდეგ კი უთხარით: "სად წავიდა სათამაშო?" მან უნდა აღმოაჩინოს, რომ დამალული სათამაშო ნამდვილად პირსახოცის ქვეშ არის. შემდეგ თანდათან გაართულეთ თამაში, რამდენიმე პირსახოცი გამოიყენეთ, სათამაშო დამალეთ და ჰკითხეთ: "რომელი პირსახოცის ქვეშ იმალება სათამაშო?'' ბავშვი უნდა მიხვდეს, რომ სათამაშო პირსახოცის ქვეშ არის და არა სადმე სხვაგან. ბავშვს ძალიან ახალისებს დამალობანას თამაში. თუ სადმე დაემალებით და მალევე გამოჩნდებით, სიხარულით აჭყივლდება. "ჭიტა" ასეთი თამაშების პოპულარული ვარიანტია. როცა წამოიზრდება, მოგბაძავთ. შეიძლება ხელები ან პირსახოცი სახეზე აიფაროს და ასე დაგემალოთ. ამ დროს ბავშვს ჰგონია, რომ თუ თქვენ ვერ გხედავთ, ვერც თქვენ ხედავთ მას. მოიჩვენეთ, ვითომ მართლა ვერ ხედავთ და მერე უცებ "აღმოაჩინეთ" და სიხარული გამოხატეთ. ამ თამაშით შესანიშნავად გაეთობით

 

ღიტინი და შეხება ბავშვს ძალიან მოსწონს, თამაშისას სიყვარულით, რომ ეხებით სხეულზე. მაგალითად, თამაში "ბუსი-ბუსი, ბუსი-ბუსი მოდიოდა ავტობუსი" შეგიძლიათ ამ თამაშში მთელი მისი სხეული ჩართოთ. ფეხები ბორბლები იქნება, ხელები კი ხან კარები, ხან მინის საწმენდები. ბავშვს მოსწონს ხელის გულზე ცაცუნი "ლოლია-ლოლიას" თამაშისას. ასევე გამხიარულდება თუ ტერფებიდან ყელამდე თითებით აურბენთ და "მოვიდა მოვიდას" ეთამაშებით.

 

სიმღერა და სამეტყველო თამაშები ყველა ბავშვს უყვარს მუსიკების მოსმენა. შეგიძლიათ პატარას საბავშვო სიმღერების დისკი ან კასეტა ჩაურთოთ, თუმცა, ყველაფერს აჯობებს, თუ თვითონვე უმღერებთ. ბავშვს აწყნარებს და აძინებს წყნარი, მელოდიური სიმღერები. სიმღერები ბავშვის განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო გზა არის. მათი საშუალებით ის შეისწავლის და სახელებს დაარქმევს თავის გარშემო არსებულ საგნებსა და მოვლენებს. სამი ოთხი წლის ასაკში ბავშვს ძალიან ართობს გარითმული და აბსურდული ლექსები. სიცილით მოკვდება, თუ მისთვის კარგად ნაცნობ სიმღერის თქვენეულ ვარიანტს უმღერებთ. მალე ნახავთ, რომ თვითონაც მოგბაძავთ და საყვარელი ლექსებისა და სიმღერების საკუთარ ვერსიებს შეთხზავს.

 

კითხვა ბავშვს წიგნი სულ პატარა ასაკიდან წაუკითხეთ, უფრო ადრე, სანამ მიხვდება, რას ნიშნავს კითხვა. მას ესიამოვნება თქვენთან ფიზიკური სიახლოვე და კალთაში ჯდომა. მოეწონება, როცა წიგნში დახატულ სურათებს დაათვალიერებინებთ და მათ შესახებ მოუთხრობთ. ნახატების კაშკაშა ფერებიც მიიზიდავს. თანდათან ბავშვი წაკითხულის შინაარსაც მიხვდება.