როგორ შევქმნათ წარმატებული ბიზნეს პროექტი - rogor.ge

როგორ შევქმნათ წარმატებული ბიზნეს პროექტი

 

ნებისმიერმა ბიზნესმენმა, როცა საკუთარი ბიზნესის შექმნას ჩაიფიქრებს, უნდა იცოდეს, რომ მოუწევს, ერთი შეხედვით მარტივი, მაგრამ გადამწყვეტი ეტაპების გავლა: - ბიზნესის სფეროში დასაქმების იდეის წარმოშობა და დასაბუთება. - ბიზნეს-იდეის განხორციელების უახლოესი და პერსპექტიული მიზნების დასმა. - თავისი საქმის გარკვეული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით გახსნის კონკრეტული გადაწყვეტილების ფორმირება. - ახალი მცირე საწარმოს კვალიფიციური და საიმედო თანადამფუძნებლების შერჩევა. - საწარმოს ფუნქციონირების პირველ ეტაპზე სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ფინანსური წყაროების განსაზღვრა. - საკუთარი ბიზნესის შექმნისათვის ორგანიზაციულ ღონისძიებათა კომპლექსის გატარება: დამფუძნებელთა პირველი კრების ჩატარება, საფირმო დასახელების არჩევა, კვალიფიციური თანამშრომლების შერჩევა, ბეჭდისა და შტამპის დამზადება, სასაქონლო ნიშის არჩევა და სხვა. - დასაბუთებული ბიზნეს-გეგმის დამუშავება

 

ეჭვგარეშეა, რომ საკუთარი ბიზნესის შექმნის ყველა ეტაპი მეტად მნიშვნელოვანია. მაგრამ გადამწყვეტია სამეწარმეო იდეის დასაბუთების ეტაპი. სწორედ ამ ეტაპზე გამოვლინდება ბიზნესმენის ეკონომიკური ინტერესი (მოტივები) კონკრეტული სახის საქმიანობის განხორციელებაში (კონკრეტული საქონლის და მომსახურების, ინფორმაციის, ტექნოლოგიის და სხვა). მაგრამ მთავარია – იდეა რეალიზებულ იქნეს იმ შედეგებით, რომლებიც ბაზრის მიერ იქნება აღიარებული. იდეა დაფუძნებული უნდა იყოს უბრალო და უმნიშვნელოვანეს საბაზრო პრინციპზე: იპოვე მომხმარებელი (მოთხოვნილება) და დააკმაყოფილე იგი. ჯერ დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილების მოძიება და შემდეგ – მისი დაკმაყოფილების პროცესის ორგანიზაცია. იდეა მატერიალიზებული ხდება მეწარმეობის მიზნებში - მოთხოვნილების დაკმაყოფილება მოგების სისტემატური მიღებისათვის. საკუთარი ბიზნესის შექმნის ამ ეტაპზე მიზანშეწონილია შეფასდეს იდეის რეალიზაციის შესაძლებლობები. ამისათვის ყალიბდება სტრატეგიული და ტაქტიკური მიზნები, ხორციელდება მცირე საწარმოს ფუნქციონირების განსაზღვრული მაჩვენებლების გაანგარიშება.

 

პრაქტიკულად დაგეგმვის გარეშე არ არსებობს სოლიდური ბიზნესი, რაც არ გამორიცხავს ცალკეული კომერციული გარიგებების განხორციელებას, რომლებიც ხშირად სავალალო შედეგით მთავრდება. თითოეული ბიზნესოპერაცია საჭიროებს დაგეგმვას, ანუ მისი ჩატარების პროგრამის შედგენას მისი განხორციელების ყველა ეტაპისა და პროცედურის განხილვით, მიზნებისა და რესურსების შეთანხმებით, შემოსავლებისა და ხარჯების ბალანსის შედგენით. თუ საწარმო (ბიზნესმენი) ახორციელებს ერთმანეთთან დაკავშირებულ რამდენიმე ოპერაციას, მაშინ ისინი უნდა დაიგეგმოს ერთად, ურთიერთკავშირში. ამ შემთხვევაში იგულისხმება არა მხოლოდ ერთი ბიზნესოპერაციის დაგეგმვა, არამედ მთელი საქმიანობის როგორც უწყვეტი პროცესის დაგეგმვა.

 

ბაზრის სეგმენტირება - ბაზრის სეგმენტირება ითვალისწინებს მის დაყოფას მყიდველთა გარკვეულ ჯგუფებად, რომლებისთვისაც უკვე არსებობს ან შეიძლება გაჩნდეს მოთხოვნილება კონკრეტულ საქონელზე. სეგმენტირება შეიძლება მოხდეს სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით: ასაკი, შემოსავლის დონე, გეოგრაფიული მდებარეობა და ა.შ. მნიშვნელოვანია ის, რომ პრაქტიკაში ეს კრიტერიუმები ერთმანეთს ერწყმიან. გეოგრაფიული ნიშანი - ბაზარი იყოფა სახელმწიფოების, ოლქების, ქალაქების, აგრეთვე მოსახლეობის სიმჭიდროვის, კლიმატის, კომუნიკაციის საშუალებების გაჯერებულობის და ა.შ. მიხედვით. დემოგრაფიული ნიშანი - ბაზარი იყოფა ასაკის, სქესის, პოტენციალური მყიდველის ოჯახის სიდიდის მიხედვით. ამასთან, ასხვავებენ ოჯახის ცხოვრებისეული ციკლის ეტაპს, შემოსავლის დონეს, საქმიანობის წესს,რწმენას (პოლიტიკური, რელიგიური, მორალური და სხვა). ფსიქოგრაფიული ნიშანი - საშუალებას იძლევა დავყოთ მყიდველი საზოგადოებრივი კლასის კუთვნილების, ცხოვრების წესის და პიროვნების ტიპის მიხედვით. ცხოვრების წესის მიხედვით მიზანშეწონილია განვასხვავოთ კონსერვატორები (ტრადიციონალისტები), სიცოცხლისმოყვარული ოპტიმისტები, ესთეტები და ა.შ. ზემოთ ჩამოთვლილ ყველა ფსიქოგრაფიულ ჯგუფს აქვს თავისი გემოვნება, ტრადიციები, რომლის არგათვალისწინება ბაზრის დაპყრობისას შეუძლებელია. ქცევითი ნიშანი - ზემოთ განხილული ნიშნებისგან განსხვავებით, ეს ნიშანი ახასიათებს არა იმდენად მყიდველის პიროვნებას, რამდენადაც საქონლისადმი მის დამოკიდებულებას, მყიდველისა და გამყიდველის ურთიერთობას, საქონელზე მყიდველის რეაქციასა და საქონლის გამოყენების ხასიათს. მარკეტინგის თვალსაზრისით, ეს უმნიშვნელოვანესი ნიშანია, რადგანაც ის ექვემდებარება არა მარტო აღრიცხვას, არამედ სხვა ნიშნებისაგან გასხვავებით, შეიძლება შეცვლილ იქნეს საჭირო მიმართულებით მიზნობრივი მარკეტინგული საქმიანობის შედეგად.

 

ბიზნესმენის სავალდებულო თვისებები. იმისათვის, რომ წარმატებული იყოთ ბიზნესში, უნდა გაგაჩნდეთ შემდეგი სავალდებულო თვისებები: 1. [u]ხელსაყრელი შემთხვევის სარგებლიანად გამოყენების უნარი.[/u] 2. [u]რკინის ნებისყოფა.[/u] 3. [u]დროის გამოყენების უნარი.[/u] 4. [u]სიზუსტე და აკურატულობა.[/u] 5. [u]საკუთარი საქმის პოვნის უნარი.[/u] 6. [u]საკუთარი შესაძლებლობების თავმოყრისა და ერთი მიზნისაკენ წარმართვის უნარი.[/u] 7. [u]თქვენი თავის მტკიცედ დაჭერის უნარი – უდიდესი უპირატესობაა.[/u] 8. [u]აღფრთოვანება.[/u] 9. [u]ჯანსაღი აზრი.[/u] 10. [u]თავისი თავის პატივისცემა.[/u] 11. [u]თავგანწირვისათვის მზადყოფნა.[/u]