როგორ მივაჩვიოთ ბავშვები სხვებთან ყოფნას - rogor.ge

როგორ მივაჩვიოთ ბავშვები სხვებთან ყოფნას

 

ძიძები პირველ თვეებში ბავშვისათვის თქვენთან სიახლოვეზე უკეთესი არაფერია. თუმცა, საბოლოოდ მაინც უნდა მიეჩვიოს გარკვეული ხნით უთქვენოდ ყოფნას. ასე მისი ბაღში და სკოლაში წაყვანა გაგიადვილდებათ. ბავშვი თამამი იქნება, თუ შესაძლებლობას მისცემთ, რომ სამყაროს ოჯახის წევრების უშუალო სიახლოვის გარეშეც გაიცნოს და ურთიერთობა დაამყაროს სხვებთან, ბებია-ბაბუასთან, ძიძებთან და მეგობრებთან. ასე, რომ უკეთესი იქნება, თუ ბავშვს პატარაობაშივე მიაჩვევთ ძიძას, მითუმეტეს, იმ შემთხვევაში, თუ სამსახურში გასვლას აპირებთ. ბავშვი თქვენს გარდა სხვებსაც უნდა ენდობოდეს და სიხარულით რჩებოდეს სხვებთან. თუ გსურთ, რომ ბავშვი მალე შეეჩვიოს ძიძას, ეს რჩევები გაითვალისწინეთ: 1) ყოველთვის აუხსენით ბავშვს, რას აპირებთ, თუნდაც ძალიან პატარა იყოს. 2) თუ საღამოს სახლიდან გადიხართ, ბავშვი აუცილებლად ნაცნობ ძიძასთან დატოვეთ, რათა გაღვიძებისას უცნობის დანახვაზე არ შეშინდეს. 3) როცა ბავშვი დაღლილია, შია ან ავადაა, ახალ ძიძას ნუ მოუყვანთ. ისეთი დრო შეარჩიეთ, როცა ბავშვი კარგ ხასიათზეა. 4) ახალ ძიძასთან ბავშვს მაშინვე ნუ დატოვებთ, თუნდაც გეჩქარებოდეთ. ცოტა ხანს ბავშვთან დარჩით, ხელში აიყვანეთ და ახალ მოსული გააცანით. დაანახეთ მას, რომ თქვენ მოგწონთ ძიძა. 5) აჩვენეთ ძიძას ბავშვის საყვარელი სათამაშოები და ასწავლეთ, რა და როგორ ეთამაშოს. 6) თუ ბავშვის დაძინება ძიძას მოუწევს, ყველა დეტალი კარგად აუხსენით, რათა დარწმუნებული იყოთ, რომ ბავშვი მშვიდად დაიძინებს.

 

განშორების მღელვარება დაახლოებით 7 თვიდან ერთ წლამდე პერიოდში ბავშვმა შეიძლება წამითაც არ მოგიშოროთ მხედველობის არედან. როცა ძირს დასმას დაუპირებთ, ჩაგებღაუჭებათ, თუ ვინმესთან დატოვებთ, სასოწარკვეთით იტირებს, ეს ''განშორების მღელვარება'' ბუნებრივია და იმას ნიშნავს, რომ ბავშვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხართ. საბოლოოდ, დედაზე ''მიწებებული'' ბავშვებიც კი ხდებიან დამოუკიდებლები. თუ წასასვლელი ხართ, ნუ გაიპარებით სახლიდან რათა მის ტირილს თავი აარიდოთ. უთხარით, სად მიდიხართ და დაარწმუნეთ, რომ აუცილებლად დაბრუნდებით.

 

საყვარელი სათამაშო ან ნივთი დაახლოებით 8-9 თვის ასაკიდან ბავშვს რომელიმე რბილი სათამაშო საბანი ან რამე ნივთი განსაკუთრებით შეუყვარდება. რაღაცის ჩახუტების ძლიერი მოთხოვნილება ერთი წლის ასაკიდან კიდევ უფრო გაძლიერდება. ბავშვმა შეიძლება ეს ნივთი დღისით სულ თან ატაროს და ღამითაც მასთან ჩახუტებულმა დაიძინოს. ეს ნივთი მის ერთგვარ თილისმად იქცევა, რომელსაც ბავშვი მაშინ იკითხავს, როცა დაღონებული, შეშინებული ან გაღიზიანებული იქნება.