როგორ დავაწყნაროთ ახალშობილი - rogor.ge

როგორ დავაწყნაროთ ახალშობილი

ატირებული ბავშვის დაწყნარების შვიდი ხერხი

 

მოაწოვეთ ძუძუ პირველ თვეებში შიმშილი ბავშვის ტირილის მთავარი მიზეზია, ხოლო ძუძუს მოწოვება დაწყნარების ყველაზე შედეგიანი ხერხია, თუნდაც ეს დღისითა და ღამით ხშირ კვებას ნიშნავდეს. თუ ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვი ხშირად ითხოვს საკვებს, შეიძლება სწყუროდეს კიდეც. სცადეთ, გასტერილებული ბოთლით გრილი, ანადუღარი წყალი დაალევინოთ.

 

ჩაიხუტეთ ხშირად ბავშვს დასაწყნარებლად ჩახუტება და მოფერება სჭირდება. თუ მხარზე მიყრდნობისას ან მკლავზე პირქვე დაწვენისას წყნარდება, ალბათ აირების დაგროვება აწუხებს. თუ ახლობლებს ჰყავდათ ხელში აყვანილი, შეიძლება დედასთან ცოტა ხნით წყნარად ყოფნა სურდეს.

 

რიტმულად დაარწიეთ მოძრაობა ხშირად აწყნარებს გაღიზიანებულ ბავშვს და შეიძლება ჩააძინოს კიდეც. ხელში დაარწიეთ. თუ არ დაწყნარდა, უფრო სწრაფად არწიეთ, დაახლოებით 60 - 70-ჯერ წუთში, ან კენგურუში ჩაისვით და ფეხიდან ფეხზე გადაინაცვლეთ. თუ საქანელა-სკამი გაქვთ ჩააწვინეთ და დაარწიეთ. შეგიძლიათ ეტლშიც ჩააწვინოთ და აგორავოთ. თუ შესაძლებელია, სახლის მახლობლად გაასეირნეთ. ქვაფენილზე ეტლის მსუბუქი ხტუნვა ხშირად აწყნარებს ბავშვს.

 

აიყვანეთ და ატარეთ ბავშვი ადვილად წყნარდება, თუ კენგურუში ჩაისვამთ და ატარებთ. ამ შემთხვევაში ხელები თავისუფალი გექნებათ, ხოლო ბავშვს თქვენთად სიახლოვე და მოძრაობა დაამშვიდებს. ზოგჯერ ბავშვი იმიტომ ტირის, რომ რამე პროცედურამ გააღიზიანა, მაგალითად: საფენის გამოცვლამ, ბანაობამ ან ტანსაცმლის ჩაცმამ. ამ შემთხვევაში მისი ხელში აყვანა და აქეთ-იქით ტარება დაწყნარების საუკეთესო საშუალება იყოს.

 

მოეფერეთ რიტმულად უსვით ხელი ზურგზე ან მუცელზე. ეს დაამშვიდებს და ამობოყინებაშიც დაეხმარება. როდესაც საფენის გამოსაცვლელად დააწვენთ, მაშინაც მოეფერეთ- თქვენი ხელის შეხება მას დააწყნარებს.

 

მოაწოვებინეთ საწოვარა თითქმის ყველა ბავშვი წყნარდება წოვისას. თუნდაც თქვენი ნეკის ან თავისივე მუშტის წოვა დაამშვიდებს და ზოგჯერ ძილსაც მოჰგვრის. თუ გსურთ საწოვარას მიცემა სცადოთ, ბუნებრივი ფორმისა შეარჩიეთ და მიცემის წინ სტერილიზაცია გაუკეთეთ.

 

ყურადღება გადაატანინეთ შეიძლება ბავშვმა რამეს შეხედოს და დაავიწყდეს, რატომ ტიროდა. მოსალოდნელია, რომ კაშკაშა, ფერადი ნივთები მოხიბლავს. ყურადღებით დაათვალიერებს ღია ბარათებს, შპალერს ან თქვენს ტანსაცმელს. სარკეებზეც შეიძლება ყურადღების გადატანა.