როგორ იბადება ბავშვი - rogor.ge

როგორ იბადება ბავშვი

 

ბავშვის თავი თანდათან უახლოვდება საშოს შესავალს. იქ, სადაც თავი მენჯის ძირს აწვება, ექიმი ბურცობს დაინახავს. მალე თავიც გამოჩნდება და ყოველი შეტევის შემდეგ სულ წინ და წინ წამოვა. თუმცა შეტევის დასრულების შემდეგ შეიძლება ოდნავ უკან დაიხიოს. თუ ასე მოხდა, ნუ შეშფოთდებით: ეს სრულიად ნორმალური მოვლენაა.

 

როცა თავი გამოჩნდება, მეანი გთხოვთ, რომ აღარ გაიჭინთოთ, რადგან თავის ძალიან სწრაფად გამოსვლამ შეიძლება ჩახვევა გამოიწვიოს. შეისვენეთ და რამოდენიმე წუთს იქოშინეთ. თუ სერიოზული ჩახვევის საშიშროებაა ან ბავშვს რამე პრობლემა აქვს, ეპიზიოტომიას გაგიკეთებენ. როცა ბავშვი საშოს შესავალს გააფართოებს, ძალიან გეტკინებათ. თუმცა ეს ცოტა ხანს გაგრძელდება და მალე ტკივილს ვეღარ იგრძნობთ, რადგან ქსოვილი უკვე საკმარისად გაიწელა.

 

გამოსვლისას ბავშვს სახე ქვემოთ აქვს მოქცეული. მეანი ჭიპლარს შეამოწმებს, რათა დარწმუნდეს, რომ ბავშვს კისერზე არ აქვს შემოხვეული ( თუ ასეა, გამოყვანის შემდეგ ბავშვს ჭიპლარს თავზე გადაატარებენ და გაათავისუფლებენ). ცოტა ხანში ბავშვი თავს გვერდით შეაბრუნებს. მეანი თვალებს, ცხვირს და პირს გაუწმენდს და საჭიროების შემთხვევაში ზემო სასუნთქი გზებიდან მილით სითხეს ამოუწოვს.

 

მომდევნო ორი შეტევისას სხეულიც გამოსრიალდება. მეანი ბავშვს იღლიებში მოჰკიდებს ხელს და ჯერ ისევ ჭიპლარგადაუჭრელს, მუცელზე დაგიწვენთ. თავდაპირველად შესაძლოა ბავშვის კანს მოლურჯო ფერი გადაჰკრავდეს ან პირველადი საცხით იყოს გაპოხილი და კანზე სისხლიც ეცხოს. შეიძლება ტიროდეს კიდეც; თუ ბავშვი ნორმალურად სუნთქავს, შეგიძლიათ მაშინვე აიყვანოთ და ძუძუ მოაწოვოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მეანი კვლავ გაუსუფთავებს სასუნთქ გზებს და შეიძლება ჟანგბადიც მიაწოდოს.