როგორ იგრძნობთ თავს მშობიარობის შემდეგ - rogor.ge

როგორ იგრძნობთ თავს მშობიარობის შემდეგ

 

მშობიარობის შემდგომი ტკივილები მშობიარობის შემდეგ საშვილოსნო იკუმშება და ორსულობამდელ ზომას უბრუნდება. შეიძლება მუცელში სპაზმური ტკივილები იგრძნოთ, განსაკუთრებით ძუძუს წოვებისას. ეს კარგი ნიშანია. ტკივილი ალბათ რამდენიმე დღეს გაგრძელდება. რა იღონოთ: თუ შეკუმშვა ძალზე მტკივნეულია, შეგიძლიათ სუსტი ტკივილგამაყუჩბელი, მაგალითად პარაცეტამოლი დალიოთ.

 

შარდის ბუშტი პირველ დღეებში ხშირი შარდვა ჩვეულებივია, რადგან სხეული ორსულობისას დაგროვილ ზედმეტ სითხეს კარგავს. რა იღონოთ: თავდაპირველად მოშარდვა შეიძლება ტკივილის გამო გაგიჭირდეთ, მაგრამ ეცადეთ, მშობიარობიდან მალევე მოშარდოთ. ადექით და იარეთ, რათა შარდი მალე წამოვიდეს. თბილ აბაზანაში ჩაწექით. თუ წყალში მოშარდავთ, არ იდარდოთ- შარდი სტერილურია. ამის შემდეგ გულდასმით დაიბანეთ. თუ ნაკერები გაქვთ, მოშარდვისას ნაკერებზე თბილი წყალი დაისხით, რათა კანზე ჩხვლეტის შეგრძნება აირიდოთ.

 

სისხლდენა ორ-ექვს კვირას შეიძლება საშოდან სისხლდება გქონდეთ. სისხლდენა უფრო მალე წყდება, თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ. კაშკაშა წითელი გამონადენი ჯერ უხვია, მაგრამ რამდენიმე დღეში მცირდება და თანდათან მოყავისფერო ხდება. ხშირად გამონადენი პირველ მენსტრუაციამდე გრძელდება. რა იღონოთ: იხმარეთ საფენი, ტამპონს ნუ გამოიყენებთ- შეიძლება ინფექცია გამოიწვიოს.

 

კუჭ-ნაწლავი მშობიარობიდან ერთი- ორი დღის განმავლობაში შეიძლება ნაწლავთა მოქმედება არ გქონდეთ. რა იღონოთ: ნუ მოეშვებით, ხშირად იმოძრავეთ. ეს კუჭ-ნაწლავსაც აგიმუშავებთ. ნაწლავთა მოქმედების სტიმულირებისთვის დალიეთ ბევრი წყალი და დიდი რაოდენობით მიიღეთ უჯრედისის შემცველი საკვები. ნაწლავები ერთბაშად დაცალეთ, ნურც შეიკავებთ და ნურც ძალიან გაიჭინთებით. ნაწლავთა მოქმედებისას ნაკერი არ გაგეხსნებათ, მაგრამ აჯობებს, ამ ადგილას სუფთა ჰიგიენური საფენი მიიდოთ.

 

ნაკერები შეიძლება რამდენიმე დღეს ტკივილებმა შეგაწუხოთ, თუმცა ერთ კვირაში ნაკერები თითქმის მთლიანად გაიწოვება. რა იღონოთ: მშობიარობიდან მალევე შეუდექით მენჯის ძირის ვარჯიშს, რათა დააჩქაროთ ნაკერების შეხორცება. ჩაწექით თბილ აბაზანაში. დაბანის შემდეგ ეს ადგილი საგულდაგულოდ გაიმშრალეთ. ტკივილის დასაამებლად გაკერილ ადგილას ყინული დაიდეთ. წამოწექით, რათა ნაკერებს არ დააწვეთ.