როგორ ვიმოგზაუროთ ევროპაში უვიზოდ - rogor.ge

როგორ ვიმოგზაუროთ ევროპაში უვიზოდ

 

რა კითხვები შეიძლება ჰქონდეს ევროპელ მესაზღვრეს?
საზღვრის გადაკვეთისას, მოქალაქემ თან უნდა იქონიოს ბიომეტრიული პასპორტი და ჰქონდეს მოგზაურობის მკაფიოდ განსაზღვრული მიზანი. სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელმა შესაძლებელია მოგთხოვოთ შემდეგი დოკუმენტაციის წარდგენა: უკან დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი; სასტუმროს ჯავშანი; სამოგზაურო დაზღვევა; მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი; (თანხა ნაღდი სახით, სამგზავრო ჩეკი, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათები, გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი და ა.შ.);

 

ღონისძიებაზე დასწრების შემთხვევაში
იმ ღონისძიების/კონფერენციის, სემინარის მოწვევა/პროგრამა, რომელშიც მონაწილეობთ; სასტუმროს ჯავშანი; სამოგზაურო დაზღვევა და უკან დასაბრუნებელი ბილეთი;

 

მეგობრის ან ნათესავის მონახულების შემთხვევაში
მიმღები პირის საკონტაქტო მონაცემები (მისამართი, ტელეფონის ნომერი და სხვ.); იმ პირის ბინადრობის ნებართვის ან შესაბამის ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი, რომლის მოსანახულებლადაც მიემგზავრებით; სამოგზაურო დაზღვევა, უკან დასაბრუნებელი ბილეთი და მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

მკურნალობის შემთხვევაში
იმ სამედიცინო დაწესებულების თანხმობა, რომელშიც გეგმავთ მკურნალობას ან/და საქართველოს სამედიცინო დაწესებულების რეკომენდაცია, ჩაიტაროთ შესაბამისი მკურნალობა ევროკავშირის წევრ-ქვეყანაში; სამედიცინო დაზღვევა მგზავრობის მთელი პერიოდისთვის; მგზავრობისა და მკურნალობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი და უკან დასაბრუნებელი ბილეთი.

 

რა მოხდება, თუ დავარღვევთ შენგენის ტერიტორიაზე შესვლისა და ყოფნის წესებს?
ქვეყანაში 90-დღიანი ყოფნის ვადის გადაცილების შემთხვევაში, შენგენის ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნა ჩაითვლება არალეგალურად და ასეთი პირი დაექვემდებარება რეადმისიას (საქართველოში დაბრუნებას). ამასთან, ასეთ შემთხვევაში მოქალაქეს შეეზღუდება შენგენის ტერიტორიაზე შესვლა ხუთ წლამდე პერიოდით. ალტერნატივის სახით, შესაძლოა გამოყენებული იქნას ადმინისტრაციული ზომები/ჯარიმა 3000 ევრომდე ოდენობით. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, კანონდამრღვევს აეკრძალება შესვლა შესაბამის ქვეყანაში, ან შენგენის ტერიტორიაზე;