როგორ ვრცელდება ტუბერკულოზი? სიმპტომები და მკურნალობა - rogor.ge

როგორ ვრცელდება ტუბერკულოზი? სიმპტომები და მკურნალობა

 

როგორ ვრცელდება?
ტუბერკულოზი უმეტესად ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. ტუბერკულოზით დაავადებული ყველა ადამიანი გადამდები არ არის. ინფექციის წყაროა მხოლოდ ბაცილაგამომყოფი პაციენტი, რომელიც ხველების, ცემინების ან საუბრის დროს ჰაერთან ერთად თვალით უხილავი, უმცირესი წვეთების სახით გამოყოფს ტუბერკულოზის მიკობაქტერიას. თუ ის ჯანმრთელმა ადამიანმა ჩაისუნთქა, შესაძლოა, დაინფიცირდეს. მიკობაქტერიით ინფიცირება დაავადებას არ ნიშნავს. საზოგადოდ, ტუბერკულოზი არ არის ისეთი მწვავე ინფექცია, როგორიც, მაგალითად, გრიპი, რომლით ინფიცირებისთვის ზოგჯერ ერთი კონტაქტიც კი საკმარისია. ინფიცირების რისკი მაღალია, როდესაც ტუბერკულოზით დაავადებულთან გვაქვს ხანგრძლივი კონტაქტი დახშულ, ცუდად ვენტილირებულ გარემოში და როდესაც არსებობს ხელშემწყობი ფაქტორები: არასასურველი ყოფითი პირობები, არასრულფასოვანი კვება, ალკოჰოლიზმი, ნარკოტიკების გამოყენება, თანმხლები დაავადებები (დიაბეტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ფილტვების ქრონიკული სნეულებები).

 

სიმპტომები
ხველა ნახველით; სხეულის ტემპერატურის მომატება, ოფლიანობა; წონის კლება; სისხლიანი ნახველი; ტკივილი გულმკერდის არეში; უმადობა; საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა; ქოშინი.

 

დიაგნოსტიკა
ტუბერკულოზის დიაგნოსტიკისთვის უმთავრესია კვლევის ლაბორატორიული მეთოდები, კერძოდ, ნახველის ბაქტერიოსკოპია და კულტურალური გამოკვლევა. დიაგნოზის დასასმელად ვიყენებთ გულმკერდის რენტგენოგრაფიასაც. ალბათ, გეცოდინებათ, მაგრამ მაინც გავუსვამ ხაზს: საქართველოში ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა და მკურნალობა სახელმწიფო სტანდარტით უფასოა. ტუბერკულოზის მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია. პაციენტმა ექიმის ყველა დანიშნულება და რჩევა ზედმიწევნით უნდა შეასრულოს. ხშირად მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში ჩივილები ქრება, პაციენტი თავს ჯანმრთელად გრძნობს და დროზე ადრე წყვეტს მკურნალობას. ეს დიდი შეცდომაა: დაუსრულებელი მკურნალობის შემთხვევაში დიდია ალბათობა, ჩამოყალიბდეს ტუბერკულოზის რეზისტენტული (წამლებისადმი გამძლე) ფორმა და, რაც კიდევ უფრო საშიშია, ასეთმა ავადმყოფმა ირგვლივ მყოფებიც რეზისტენტული შტამით დაასნებოვნოს, ტუბერკულოზის ამ ფორმის მკურნალობა კი რთული, ძვირად ღირებული და ნაკლებად ეფექტურია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და ფილტვის სნეულებებთან ბრძოლის საერთაშორისო კავშირმა ტუბერკულოზის სამკურნალოდ შეიმუშავეს DOTS-სტრატეგია - Directly Observed Treatment Short course ანუ მკურნა-ლობის მოკლე კურსი უშუალო მეთვალყურეობით. ტუბერკულოზით დაავადებულთა მკურნალობა ორ ფაზას მოიცავს. პირველ ანუ ინტენსიურ ფაზაში მკურნალობა ინტენსიურად მიმდინარეობს. იგი გრძელდება 2-3 თვეს და შესაძლოა ჩატარდეს როგორც სტაციონარულად, ისე ამბულატორიულად. მეორე ანუ მკურნალობის გაგრძელების ფაზაში ავადმყოფი მაშინ გადაჰყავთ, როდესაც იგი წყვეტს ტუბერკულოზის მიკობაქტერიის გამოყოფას და ირგვლივ მყოფთათვის საშიში აღარ არის. ამ ფაზაში მკურნალობა მიმდინარეობს ამბულატორიულად, ექიმის მიერ შემსუბუქებული რეჟიმით და, სულ მცირე, 4 თვეს გრძელდება.

 

წამლები
პირველი რიგის ანტიტუბერკულოზური მედიკამენტებია იზონიაზიდი, რიფამპიცინი, ეტამბუტოლი და პირაზინამიდი. ზოგიერთი მათგანი გაიცემა კომბინირებული ფორმით (რამდენიმე მედიკამენტი ერთ ტაბლეტში). ზოგჯერ მკურნალობის სქემას ემატება სტრეპტომიცინიც. მკურნალობა აუცილებლად ფთიზიატრის მიერ უნდა დაინიშნოს. პაციენტის მდგომარეობისა და გამოკვლევის შედეგების საფუძველზე ის წამლების ოპტიმალურ კომბინაციასა და დოზებს შეარჩევს. მედიკამენტებს პაციენტი სამედიცინო პერსონალის უშუალო მეთვალყურეობით იღებს.