როგორ გავაკეთოთ ხელოვნური სუნთქვა? - rogor.ge

როგორ გავაკეთოთ ხელოვნური სუნთქვა?

 

ჰორიზონტალური მდგომარეობა
ხელოვნური სუნთქვის დაწყებამდე გულაღმა დააწვინეთ ავადმყოფი მყარ და სწორ ზედაპირზე - იატაკზე ან მაგიდაზე. ეჭვი თუ გაქვთ კისრის მალების დაზიანებაზე, არ შეიძლება დაზარალებულის თავის მოძრაობა;

 

სასუნთქი გზების გათავისუფლება
გაუთავისუფლეთ ავადმყოფს სასუნთქი გზები: შუბლზე ხელის ზეწოლით თავი უკან გადაუწიეთ, მეორე ხელით ფრთხილად წამოუწიეთ ნიკაპი; ხერხემლის ტრავმის დროს სასუნთქი გზების გახსნა ხდება თავის უკან გადაწევის გარეშე: მოათავსეთ ორივე ხელის ცერა თითები ავადმყოფის ნიკაპზე , ხოლო საჩვენებელი თითები ქვედა ყბის კუთხეებში და ქვედაყბა წამოწიეთ წინ და მაღლა მიმართულებით ამ ხერხით ჰაერი თავისუფლად და მეტი რაოდენობით შევა სასუნთქ გზებში;

 

შეამოწმეთ
შეამოწმეთ, სუნთქავს თუ არა დაზარალებული: დაიხარეთ მის პირთან, დააკვირდით მის გულმკერდის მოძრაობას, მოუსმინეთ სუნთქვას, შეიგრძენით ჰაერის ნაკადი ლოყაზე. სუნთქვის შემოწმებაზე უნდა დაიხარჯოს მხოლოდ 5 წამი;

 

საკონტროლო ჩაბერვა
თუ ავადმყოფი არ სუნთქავს, უნდა გააკეთოთ ორი საკონტროლო ჩაბერვა პირში; შუბლზე მოთავსებული ხელის ცერითა და საჩვენებელი თითით დაახშეთ ცხვირის ნესტოები. თუ სასუნთქი გზების გახსნა ხდება კისრის მალების ტრავმის დროს ქვედაყბის წამოწევის გზით, ცხვირის ნესტოები დახურეთ თქვენი ლოყის ზეწოლით;

 

როგორ ვაკეთებთ ჩაბერვას?
შეისუნთქეთ ჰაერი, მჭიდროდ მოათავსეთ თქვენი ტუჩები ავადმყოფის ტუჩების ირგვლივ და ორჯერ ჩაბერეთ. თითოეული ჩაბერვის ხანგრძლივობა უნდა იყოს დაახლოებით 2 წამი, ჩაბერვებს შორის ინტერვალი კი – 4 წამი (ეს დრო საჭიროა, რომ ჰაერი დაზარალებულის სასუნთქი გზებიდან გამოიდევნოს). დააკვირდით, მოძრაობს თუ არა ჩაბერვისას გულმკერდი; თუ გულმკერდის მოძრაობა არ შეინიშნება, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ სასუნთქ გზებში უცხო სხეულია, რომელიც ჰაერის ნაკადს არ ატარებს და, პირველ რიგში, სასწრაფოდ უნდა ჩავატაროთ სასუნთქი გზების უცხო სხეულისაგან განმათავისუფლებელი მანევრი.

 

როცა გულმკერდი მოძრაობს...
თუ გულმკერდი მოძრაობს, შეუმოწმეთ დაზარალებულს პულსი კისრის გვერდით ზედაპირზე. თუ პულსი არ ისინჯება, ხელოვნური სუნთქვის პარალელურად დაიწყეთ გულის არაპირდაპირი მასაჟი.

 

თუ პულსი არის...
თუ პულსი არის, განაგრძეთ 1 ჩაბერვა ყოველ 3 წამში. თან დააკვირდით გულმკერდის მოძრაობას. განაგრძეთ ხელოვნური სუნთქვა - 20 ჩაბერვა 1 წუთში , სანამ დაზარალებული სუნთქვას არ დაიწყებს; შეამოწმეთ პულსი და სუნთქვა ყოველ 2 წუთში. თუ ავადმყოფს ესინჯება პულსი და სუნთქავს, განაგრძეთ დაკვირვება და დაელოდეთ ექიმს.