ფინანსები და ეკონომიკა

ფინანსები

როგორ გავხსნათ ანაბარი?

ავტორი: Mariam Matiashvili

რა არის ანაბარი და რა მნიშვნელობა აქვს დანაზოგებს?
ანაბარი (დეპოზიტი) არის თანხა, რომელსაც ვანთავსებთ საკრედიტო დაწესებულებაში (ბანკში) გარკვეული დროით, სარგებლის მიღების მიზნით. ანაბრის საშუალებით ვაკეთებთ დანაზოგს და მას ვინახავთ უსაფრთხოდ, ასევე ვიღებთ სარგებელს ანაბარზე დარიცხული პროცენტის სახით. ანაბრის უპირატესობაა ისიც, რომ მეანაბრეს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოითხოვოს და მიიღოს მის მიერ განთავსებული თანხა და მასზე დარიცხული სარგებელი. (თუ ხელშეკრულებით სხვა პირობები არ არის გათვალისწინებული). ასეთი ტიპის დანაზოგის ბანკში განთავსება ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ჩვენგანისთვის, ვინაიდან გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან და დაუგეგმავი ხარჯებისაგან არავინ არ არის დაზღვეული.

 

საფეხურები

  1. 1 რა სახის ანაბრები არსებობს?



    მიუხედავად ბაზარზე გავრცელებული უამრავი სადეპოზიტო პროდუქტისა, ანაბრები ძირითადად ორ ჯგუფად იყოფა: ვადიანი და მოთხოვნამდე ანაბარი.

    ვადიანი ანაბრის შემთხვევაში, მეანაბრე წინასწარ საზღვრავს ანაბრის ვადას (ძირითადად გავრცელებულია 3-24 თვემდე ანაბრები) და ანაბრის ხელშეკრულებაც სწორედ ამ ვადით ფორმდება. ვადიანი ანაბრის შემთხვევაში, სარგებელი (ანუ დარიცხული პროცენტი) შედარებით მაღალია.

    მოთხოვნამდე ანაბარი ისეთი ტიპის ანაბარია, რომლის ვადაც განსაზღვრული არ არის, ანუ მომხმარებელმა ზუსტად არ იცის, როდის დასჭირდება ანაბრის გამოყენება და ამიტომ საკრედიტო ორგანიზაციასთან ხანგრძლივ ხელშეკრულებას არ აფორმებს. ასეთი ტიპის ანაბრებზე შედარებით ნაკლები სარგებლის მიღებაა შესაძლებელი, მას ძირითადად მოკლევადიანი განთავსებების დროს იყენებენ.

    ორივე ტიპის ანაბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროზე ადრე შეწყვეტის (განაღდების) შემთხვევაში, თქვენ მიერ განთავსებულ თანხას სრულად მიიღებთ, ხოლო დარიცხული სარგებელი შეიძლება შემცირდეს კონკრეტული ანაბრის პირობებიდან გამომდინარე.
  2. 2 როგორ ვირჩევთ ანაბრის ტიპს?



    ანაბრის განთავსებისას ძალიან მნიშვნელოვანია, ყურადღება მივაქციოთ შემდეგ დეტალებს:

    – სწორად შევარჩიოთ საფინანსო დაწესებულება, რომელსაც ხანგრძლივი ვადით ვანდობთ ჩვენს დანაზოგს. ცნობადობისა და რეიტინგის გარდა, მომხმარებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს ანაბრის სარგებელს. ანუ, რაც უფრო მაღალ სარგებელს გთავაზობენ საფინანსო ინსტიტუტები, მით უფრო რისკიანია დაბანდება.

    – მეორე ფაქტორი პროდუქტის სახეობაა. ძალიან მნიშვნელოვანია, ანაბარი სწორად მოვარგოთ ჩვენს ფინანსურ შემოსავლებს და საჭიროებებს. სწორად განვსაზღვროთ ვადა, რადგან მასზეა დამოკიდებულია ის, თუ რა შემოსავალს მივიღებთ ანაბარზე.

    – ასევე მნიშვნელოვანია, განვსაზღვროთ ვალუტა. იქიდან გამომდინარე, რომ ანაბარი გარკვეული ვადით თანხის განთავსებას გულისხმობს, არასწორად შერჩეულმა ვალუტამ შესაძლებელია მნიშვნელოვნად დაგვაზარალოს. შეეცადეთ ანაბარი მაქსიმალურად მყარ ვალუტაში განათავსოთ.
  3. 3 როგორ შევინახოთ ფული?



    მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჩვენგანს აქვს საჭიროება და სურვილი, ჰქონდეს თუნდაც მცირედი დანაზოგი, დაბალი შემოსავლების პირობებში ხშირად ეს მიუღწეველი გვეჩვენება. გამონაკლისი შემთხვევების გარდა, ალბათ, შესაძლებელია გარკვეული, თუნდაც მცირედი დანაზოგის გაკეთება, რომელიც შემდგომში არაერთ პრობლემას მოგვიხსნის.

    ექსპერტების რჩევით სასურველია დანაზოგის მოცულობა ჩვენი თვიური შემოსავლის სამმაგ ოდენობაზე მეტი იყოს.

    ასევე, მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური ფაქტორიც. დანაზოგი სიმშვიდეს და თავდაჯერებულობას გვმატებს.